სკოლა ლაბის „სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ – ფაზა 1

„სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ სკოლა-ლაბის ერთ-ერთი პროექტია. მისი პირველი ფაზა განხორციელდება 2022-24 წლებში გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

„სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ სკოლა-ლაბის ერთ-ერთი პროექტია. მისი პირველი ფაზა განხორციელდება 2022-24 წლებში გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლების გაძლიერებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების საკითხებში სკოლების შესაძლებლობების ზრდაზე და მათ გაძლიერებაზე, რომ გახდნენ სწავლაზე ორიენტირებული დაწესებულებები (learning organizations). სწავლაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას შესწევს უნარი გამოავლინოს გამოწვევები, ეძებოს ახალი გადაწყვეტები და მუდმივად და თანმიმდევრულად გააუმჯობესოს საკუთარი საქმიანობა. მისთვის ახალი იდეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მას შეუძლია ქცევის ცვლილება და სიახლეების დანერგვა.

პროექტი მხარს უჭერს სკოლებს წარმატებით ჩაებან განათლების რეფორმისა და ცვლილებების პროცესებში. მაგალითად, უკეთესად შეძლონ ხარისხის მართვის პრინციპების ინტეგრირება, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების დანერგვა, პანდემიით გამოწვეული დანაკარგების იდენტიფიცირება და მის საპასუხოდ რემედიალური ინტერვენციების განხორციელება და სხვა.

პროექტი შედგება სამი კომპონენტისაგან:

კომპონენტი 1. სკოლების განვითარების მოდელების/ინსტრუმენტების შემუშავება

აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი ინსტრუმენტების შექმნასა და გავრცელებას:

  • სკოლის ბაზაზე, სოციალური და ემოციური სწავლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისა და აქსელერაციის პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს სასწავლო დანაკარგების შემსუბუქების კონტექსტში მოსწავლეთა სოციალურ-ემოციურ უნარების განვითარებაზე მუშაობას სასწავლო პროცესის ფარგლებში და მოიცავს სოციალური და ემოციური სწავლების ინსტრუმენტების, კონკრეტული აქტივობების კრებულს.
  • სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელთათვითშეფასებისა და საჭიროებების გამოვლენის გზამკვლევის მომზადებას. გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს სკოლის მენეჯმენტს განახორციელონ მიზნობრივი და ფოკუსირებული შეფასება. მოდელის ფარგლებში, შემუშავდება მასწავლებლების საჭიროებების შეფასებისა და სკოლის ორგანიზაციულ ხედვაში მათი ასახვის პრაქტიკული ინსტრუმენტები

მოცემული ინსტრუმენტების პროტოტიპები შეიქმნება თანაშექმნის მიდგომის გამოყენებით. თანაშექმნის გუნდში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სპეციალისტები და სასკოლო თემის წარმომადგენლები. აღნიშნული ინსტრუმენტების პირველი რედაქციები აპრობირებული იქნება რამდენიმე სკოლაში, რის შემდეგაც საბოლოოდ დამუშავდება და ფართოდ გავრცელდება.

მოცემული კომპონენტის ფარგლებში, ასევე თანაშექმნის მიდგომის გამოყენებით, შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები ე.წ. სკოლის ჰოლისტური მიდგომის (whole school approach) მხარდასაჭერად და განსახორციელებლად.

კომპონენტი 2. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სასკოლო თემის შესაძლებლობების განვითარება

კომპონენტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სასკოლო თემის გაძლიერებასა და განათლების საკითხებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. ამისათვის, პროექტი:

  • ხელს შეუწყობს მშობელთა ასოციაციებსა და სხვა დაინტერესებულ სათემო ორგანიზაციებს ჩაერთონ და წვლილი შეიტანონ საგანმანათლებლო დანაკარგების საკითხის წამოწევასა და რემედიალური პროგრამების ამოქმედებაში. ჯამურად, კონკურსის გზით შეირჩევა 6 ორგანიზაცია, რომლებიც გაივლიან სპეციალურ მოსამზადებელ პროგრამას. პროგრამის დასრულების შემდგომ თითოეული ორგანიზაცია მიიღებს 8,000 ევროს თავიანთ სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩასატარებლად.
  • გააძლიერებს მასწავლებელთა ასოციაციებსა და სათემო ორგანიზაციებს, რათა მათ უკეთ შეძლონ სასკოლო საზოგადობის ინფორმირება სკოლის ჰოლისტური მიდგომების შესახებ და ხელი შეუწყონ შესაბამისი რეფორმების განხორციელებას. აღნიშნულისათვის შეირჩევა 6 თემატური ორგანიზაცია, რომლებიც გაივლიან შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას. საბოლოოდ, შერჩეული თოთოეული ორგანიზაცია მიიღებს 10,000 ევროს მოცულობის საგრანტო დაფინანსებას სასკოლო თემისა და უშუალოდ მასწავლებელთათვის შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანიის განსახორციელებლად.

ამასთან, გამჭირვალე და მწყობრი სასკოლო ანგარიშვალდებულებისა და შეფასების მექანიზმების ადვოკატირებისათვის, სკოლის ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, პროექტი ხელს შეუწყობს თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების მობილიზებას და აღნიშნული მიმართულებით მათი ალიანსის შექმნას.

კომპონენტი 3. განათლებისა და სასკოლო კონსულტანტებისათვის სერტიფიცირებული სატრენინგო პროგრამის შემუშავება

აღნიშნული კომპონენტი ეხმიანება ქვეყანაში კვალიფიციური რესურსების ნაკლებობას. ამ მხრივ, პროექტი მიზნად ისახავს გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის შექმნას. სასწავლო პროგრამის მეშვეობით მომზადდებიან განათლების/სკოლის კონსულტანტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი უნარი და კომპეტენცია სკოლის შესაძლებლობების დიაგნოსტირებისა და სასკოლო თემის ჩართულობით საჭირო ცვლილებების შემუშავებისათვის. მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 30 კონსულტანტის მომზადება. სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით პროექტი უზრუნველყოფს სატრენინგო პროგრამის მდგრადობას.

წარმატებით კურსდამთავრებულთა მონაცემები და მათ შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სკოლა-ლაბის ვებ-გვერდზე. პროექტი ხელს შეუწყობს აღნიშნული ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს წვდომა დამოუკიდებელ სასკოლო კონსულტანტებზე, რომლებიც სპეციალიზებულნი იქნებიან სკოლის ინსტიტუციური განვითარების საკითხებში.