კურსი ისწავლება ე.წ. შერეული ფორმატით (Blended learning format), რაც გულისხმობს სწავლების პირისპირ ფორმატის შეთავსებას სწავლების კომპიუტერულ (ონლაინ) ტექნოლოგიებთან. სწავლების ე.წ. „როტაციული მოდელი“ გულისხმობს, რომ სწავლების სხვადასხვა მოდალობა (ელექტრონული, პირისპირ) ციკლურად ჩაანაცვლებს ერთმანეთს . პირისპირ შეხვედრების გარდა მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ ელექტრონულ პლატფორმაზე, სინქრონულ და ასინქრონულ ფორმატში. პლატფორმაზე მუშაობისას მსმენელი გაეცნობა თეორიულ მასალას და მოემზადება პირისპირ შეხვედრებისათვის, რომლებიც, ძირითადად, მასალის შესახებ დისკუსიას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა.
ამ ფორმატით სწავლისას მსმენელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ტემპით და სტრატეგიებით აითვისოს მასალა სასწავლო აუდიტორიის გარეთ, გაიღრმავოს ცოდნა ინსტრუქტორებთან და სხვა სტუდენტებთან ინტერაქციის პროცესში როგორც ონლაინ ისე პირისპირ შეხვედრის ფორმით და მიიღოს უკუკავშირი შეძენილი კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენების რეალურ პროცესზე დაკვირვების შედეგად.
კურსი, აგრეთვე, აწყობილია ზრდასრულთა სწავლების პრინციპებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად და ითვალისწინებს ზრდასრული მსწავლელის შემდეგ მახასიათებლებს:
- დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითრეგულირებად სწავლას;
- სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია გამოცდილების ინტეგრირება;
- აქცენტი კეთდება მსწავლელის შინაგან მოტივაციაზე.
პრაქტიკულ მუშაობაზე გამოყოფილია დროის მინიმუმ 60%, ხოლო თეორიაზე მაქსიმუმ 40%. კურსის მსვლელობისას შესაძლოა მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობა, რაც კურსის მონაწილეებს სექტორში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაღრმავების დამატებით შესაძლებლობას შეუქმნის.
კურსში მსმენელების მაქსიმალური რაოდენობაა – 15.
კურსზე რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე რეგისტრაციის ბმული, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მოდულების შესაბამისი სასწავლო და ტექნიკური მასალები, ისევე როგორც კურსთან დაკავშირებული ინსტრუქციები და დავალებები. მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი ინგლისურენოვანია.
კურსით გათვალისწინებული პირისპირ შეხვედრები განხორციელდება თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ოფისში, სპეციალურად აღჭურვილ ტრენინგ დარბაზებში.
კურსში მონაწილეობა გულისხმობს, რომ თითოეულ მსმენელს აქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა მონაწილეთა სწავლის შედეგებზე. ეს პასუხისმგებლობა ძირითადად გულისხმობს:
- აქტიურ მონაწილეობას ჯგუფურ სამუშაოში, დისკუსიებსა და პრეზენტაციებში, საკითხავი მასალის თუ პრაქტიკული მაგალითების განხილვებში და ჯგუფურ პროექტებში;
- პუნქტუალობას, პირისპირ შეხვედრებზე რეგულარულ დასწრებას, ონლაინ მოდულებზე მუშაობას და ონლაინ დავალებების დროულად შესრულებას;
- კურსით გათვალისწინებული დავალებები ხშირად გულისხმობს სხვადასხვა ინფორმანტებთან და კონფიდენციალური ხასიათის მონაცემებთან მუშაობას, საკუთარ და სხვათა საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს. მონაწილეები ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ კურსსაც წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია ეთიკის ნორმებისა და კოლეგიალობის პრინციპების გათვალისწინება.
- კურსის განმავლობაში მკაცრად ექცევა ყურადღება აკადემიურ კეთილსინდისიერებას.
- კურსის ფარგლებში ინტენსიურად გამოიყენება კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც კომუნიკაციისას, ისე დავალებების შესასრულებლად. ტექნოლოგიების ცოდნა მნიშვნელოვნად გაადვილებს სწავლის პროცესს
- კურსი მუდმივ თვითგანვითარებას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია მონაწილეთა აქტიური ჩართულობის გარეშე.
კურსზე განაცხადების მიღება ხდება ღია კონკურსის მეშვეობით. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს:
- მაგისტრის ხარისხი (სოციალური მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის მიმართულება)
- სამუშაო გამოცდილება სულ მცირე 2 წელი (სასურველია განათლების სისტემაში და/ან ორგანიზაციებში/პროექტებში, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროს პოლიტიკის ან ადმინისტრირების საკითხებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სურვილი და მზაობა, გარე კონსულტანტის სტატუსით ითანამშრომლოს სკოლასთან ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად. ეს ეტაპებია: წერილობითი განაცხადი და გასაუბრება, რომელიც გულისხმობს მცირე დავალებების ადგილზე შესრულებას, მოტივაციასთან და პროფესიულ გამოდილებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
კურსის შეფასება
კურსის დასრულებისთვის სავალდებულია მისი ყველა მოდულის დაძლევა. ასევე, მსმენელი უნდა დაესწროს კურსით გათვალისწინებული პირისპირ შეხვედრების 2/3-ზე მეტს და მოამზადოს ინდივიდუალური ელექტრონული პროფილის გვერდი.
მოდულების შეფასება
თითოეული მოდულის შეფასება მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს – მიმდინარე და დასკვნით შეფასებას.
მოდულის მიმდინარე შეფასებაში სტუდენტს ეწერება ჩათვლა. მიმდინარე შეფასების აუცილებელი ქვეკომპონენტია – მონაწილეობა, რომელიც აფასებს მონაწილის ზოგად ჩართულობას სასწავლო პროცესში. მიმდინარე შეფასების სხვა ფორმები, კრიტერიუმები და ჩათვლის მინიჭების სხვა დამატებითი დეტალები განისაზღვრება თითოული მოდულის/თემის ფარგლებში ლექტორის მიერ, ინდივიდუალურად. მიმდინარე შეფასების შესაძლო დამატებით ფორმებს შეიძლება წარმოადგენდეს რეფლექსიები, შემთხვევის შესწავლა, ონლაინ ვიდეო მასალების თანმხლები ქვიზის შევსება და ა.შ. მიმდინარე შეფასება ხდება მოდულში შემავალი თემის ბოლოს ან მისი მსვლელობისას. მიმდინარე შეფასებაში მიღებული ჩათვლა საბოლოო შეფასებაზე დაშვების წინაპირობაა.
საბოლოო შეფასება ფასდება ქულებით. საბოლოო შეფასება ხდება მოდულში შემავალი თემების დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ ერთი კვირის ვადაში. მოდულის დასაძლევად მსმენელმა უნდა მოაგროვოს საბოლოო შეფასებით გათვალისწინებული მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი. საბოლოო შეფასება შეიძლება წარმოადგენდეს ტესტს, პროექტს და ა.შ. პლაგიატის აღმოჩენის შემთვევაში მსმენელი იღებს 0 ქულას. საბოლოო შეფასებაში არადამაკმაყოფილებელი ქულის მიღებისას განმეორებითი შეფასების შესაძლებლობას განსაზღვრავს ლექტორი.
კურსის ბოლოსთვის მონაწილეები შეიმუშავებენ ე.წ. ინდივიდუალურ პროფილს, რომელიც არის კონსულტანტის სტრუქტურირებული განაცხადი – შეთავაზება პოტენციური კლიენტებისათვის, თუ როგორ წარმოუდგენია მას საკუთარი წვლილი სკოლის განვითარების საქმეში.
ინდივიდუალური პროფილი წარმოადგენს ელექტრონულ გვერდს, სადაც განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:
- ხუთწუთიანი ვიდეო ფაილი, სადაც კონსულტანტი აღწერს საკუთარ ხედვას, სამუშაო მიდგომებსა და პრინციპებს;
- კონსულტანტის ბიოგრაფიული მონაცემები;
- წერილობითი პასუხი რამდენიმე ტიპიურ საკვანძო კითხვაზე, რომლებიც შემუშავდება სკოლებთან თანამშრომლობის შედეგად.
კონსულტანტის პროფილის გვერდი ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური კლიენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის. პროფილზე მუშაობის პროცესში კურსის მონაწილეებს ექნებათ ლექტორებთან კონსულტაციისა და ტექნიკური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
პროფილის მომზადებაში მონაწილეს ეწერება ჩათვლა.
კურსის დასრულებისას გაიცემა კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატი შეიცავს ინფორმაციას კურსის სახელწოდების, კურსის განმახორციელებლებისა და დონორი ორგანიზაციის შესახებ, ასევე ინფორმაციას კურსის მოდულების შესახებ.
სერტიფიკატს დაერთვება ამონაწერი, რომელიც მოიცავს შეფასებებს მოდულების მიხედვით და დასწრების მაჩვენებლებს. გაცემული სერტიფიკატები აღირიცხება ელექტრონულ ფორმაში, შესაბამისი ნომრით.
კურსის ნაწილობრივ გავლის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ცალკეული მოდულის გავლის დამადასტურებელ ცნობას.