“Earth Project” – ჩვენი დედამიწა

პანდემიამ კარგად გვაჩვენა თუ როგორ ურთიერთდაკავშირებულია დღეს მთელი სამყარო. იმავდროულად უფრო თვალსაჩინო გახადა მდგრადი განვითარების საკითხების აქტუალობა, გლობალური კრიზისების საფრთხე და დაგვანახა გლობალური მოქალაქეობის ღირებულებათა აუცილებლობა.  უდაოა, რომ ამ მიმართულებით  სკოლას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. 

მასწავლებელთ საყურადღებოდ წარმოგიდგენთ ახალ საერთაშორისო პლატფორმას „Earth Project” (ჩვენი დედამიწა http://earthproject.org). ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს იმ მასწავლებლებს, რომელთაც სურთ მოსწავლეებს გლობალური მოქალექეობის ღირებულებები გადასცენ და ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

პლატფორმა მასწავლებლებს სთავაზობს გლობალურ ქსელში გაერთიანების უნიკალურ შესაძლებლობას. მისი მეშვეობით პედაგოგებს აქვთ საშუალება შეუერთდნენ ცნობილ პროექტებს, თავიანთ მოსწავლეებს დაეხმარონ ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში. ჩართულ მასწავლებლებს გადაეცემათ მიღწევის  სერტიფიკატები და ხდება მათ მიერ გაწეული სამუშაოს აღიარება.

იმისათვის, რომ მასწავლებელი ჩაერთოს შემოთავაზებულ აქტივობებში და გაეცნოს მათ, საჭიროა  მოცემულ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა. მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემისა და რეგისტრაციის დასრულების  შემდეგ, ჩართულ მასწავლებელს შეუძლია დაიწყოს საინტერესო აქტივობების დაგეგმვა კლასთან და უცხოელ კოლეგა მასწავლებელთან ერთად.

პორტალის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია Climate Action Project, რომელიც აერთიანებს 1,000,000 მოსწავლეს 100 ქვეყნიდან.  ახალგაზრდები 6 კონტინენტიდან ვირტუალურად უკავშირდებიან ერთმანეთს და ცდილობენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ გამოწვევას, კლიმატის ცვლილებას, გაუმკლავდნენ. წელს, პროექტის ნაწილია, მონაწილეების მიერ გლობალურად ხეების დარგვა და #plantED -ის აქციაში ჩართვა. პროექტის მხარდამჭერები არიან: ჯეინ გუდოლი, გაეროს ფონდი და მსოფლიო ლიდერები.