ლელა ქისტაური


სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული ​

ლელა ქისტაურმა 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი).

2006 წლიდან დღემდე, 18 წელია, მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე როგორც სწავლების, ისე ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების კუთხით: ბაკურ სულაკაურის სკოლა, თბილისის მწვანე სკოლა, ბრიტანულ-ქართული აკადემია, სკოლა „ქორალი“ − კათედრის ხელმძღვანელი, წიგნიერების მიმართულების კოორდინატორი, დაწყებითი სკოლის მმართველი და სხვ.

პარალელურად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და USAID-თან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში (G-PriEd – საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, CCIIR – მულტილინგვური რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში თუ სხვა) ტრენერის, თემატური ექსპერტის პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ ლელა მასწავლებელთა თუ მოსწავლეთა რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორია და აქტიურად არის ჩართული სასწავლო თუ მეთოდოლოგიური რესურსების შექმნაში. 

2022-23 წწ. ხელმძღვანელობდა არჩილ გაჩეჩილაძის ფონდს და მუშაობდა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. 2023 წელს ასევე წარჩინებით დაასრულა სკოლა-ლაბის სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამა. ამჟამად მუშაობს სკოლა ქორალში დაწყებითი საფეხურის მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი მიდგომები და ფილოსოფია

საგანმანათლებლო სფეროში 18-წლიანი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: 

აკადემიური გუნდის ფორმირება-მართვა-განვითარება; ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება ძნელად პროგნოზირებად გამოწვევებზე; მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების, მათ შორის პოსტპანდემიური დანაკარგების კვლევა სკოლის ბაზაზე; რემედიაციული პროგრამის შექმნა-ამოქმედება პოსტპანდემიური დანაკარგების მინიმალიზებისთვის; ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება თანამშრომლობითი უნარების განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების წახალისებისთვის; შიდასასკოლო შეფასების სისტემის რეორგანიზება ჰუმანისტური პედაგოგიკისა და ემპათიური სწავლების ელემენტების გათვალისწინებით; მშობელთა ჩართულობის პროგრამის შექმნა-დანერგვა საზოგადოების ნდობის ხარისხის გასაზრდელად, თანამშრომლობის გასაძლიერებლად და სხვ. ცხადია, ყველა ამ საქმიანობის საბოლოო მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესება იყო.

ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ავტორიტეტული კვლევების საფუძველზეც, სწავლების პროცესის კომპლექსურობის მიუხედავად, სადაც მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე უამრავი შიდა თუ გარე ფაქტორი მოქმედებს, თვით შედარებით ნაკლებად ეფექტურ სკოლებშიც კი, ცალკეული მასწავლებლები ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ მგონია, რომ მასწავლებელთა ეფექტურობის ზრდაზე, ასევე სკოლებში შუალედური რგოლის გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმ ღონისძიებათა შორის, რომლებიც მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად ტარდება. ამისთვის კი მასწავლებლებს რეალურად ეფექტური მხარდამჭერი გარემო სჭირდებათ, სადაც წახალისებულია გუნდურობა, სიახლეების მიმღებლობა, ღიაობა, გამბედაობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი პრაქტიკის დროს… 

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ინსტრუქციული ქოუჩინგის ფორმატში შემიძლია სკოლებს (მათივე უნიკალურობის გათვალისწინებით, როგორიცაა: კულტურულ-ისტორიული კონტექსტი, ღირებულებათა სისტემები, რესურსები, საჭიროებები, ორგანიზაციის ე.წ. შიდა სამზარეულო და კერძო ფაქტორები: მართვის სტილი, თანამშრომლების კომპეტენცია, ორგანიზაციული კულტურა და ორგანიზაციაში მოქმედი შიდა იერარქია, დამკვიდრებული კომუნიკაციური შაბლონები, ცვლილებებისთვის მზადყოფნა, გუნდურობა და სხვ.) დავეხმარო რეალურად შეაფასონ არსებული და დასახონ სასურველი ვითარება, სწორად მოახდინონ გასაუმჯობესებელი სიტუაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების იდენტიფიცირება, მოახერხონ სასურველი რეალობის მისაღწევად საჭირო რესურსების მობილიზება; შეძლონ რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბება პრობლემის მასშტაბურობისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უზრუნველყონ საკუთარი აკადემიური გუნდის წევრების მაღალი ჩართულობის ხარისხი ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, რათა ერთობლივი მცდელობით საბოლოოდ შედეგად მივიღოთ კონკრეტული ორგანიზაციის შიდა კლიმატის გაუმჯობესება, სწავლის ხარისხის ზრდა, რადგან მჯერა, ყველა ადამიანში არის რესურსი განვითარდეს, თუ მას ჩამოვაშორებთ ხელისშემშლელ გარემოებებს და მუდმივი მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ.