თამთა პეტრიაშვილი


სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული ​

თამთა პეტრიაშვილი პროფესიით გერმანული ენის ფილოლოგია, დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ფილოლოგიის პროგრამა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში −განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.

მას აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება. უკვე თორმეტი წელია, რაც თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში  მასწავლებლად მუშაობს (გერმანული ენის წამყვანი მასწავლებელი) და მენტორი მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.  ამავე დროს არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტი და ჩართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში. ის ასევე მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდების პირველ ეტაპზე,  შეფასების პროცესში.  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უამრავ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან აღსანიშნავია გოეთეს ინსტიტუტისა და PAD-ს (გერმანიის პედაგოგიური გაცვლითი სამსახური) სტიპენდიით მიღებული გამოცდილება გერმანიაში, სადაც წარმატებით  გაიარა სტაჟირება, შეისწავლა ადგილობრივი საგანმამათლებლო სისტემა და გაეცნო სწავლების პრინციპებსა და მეთოდიკას. თამთა ასევე ფლობს ”საზღვარგარეთის ქვეყნების სასკოლო სწავლების ცენტრის” ZFA-ს DSD I – GOLD და DSD II – GOLD საერთაშორისო გამომცდელის დიპლომებს.

ძირითადი მიდგომები და ფილოსოფია

 

საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიღებული პრაქტიკული ცოდნა მეხმარება იმაში, რომ მოვახდინო საგანმანათლებლო ორგანიზაციებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შევძლო მათი კრიტიკული ანალიზი და დაწესებულებასთან ერთად განვსაზღვრო გადაჭრის გზები. 

ჩემი, როგორც სკოლის კონსულტანტის როლი წარმომიდგენია, როგორც თანაშექმნის პროცესის მოდერატორი, კომუნიკაციის ფორმიდან უპირატესობას ვანიჭებ დიალოგს და ერთობლივ განხილვას, მომწონს ჰორიზონტალური ურთიერთობები ორგანიზაციაში.  ჩემი სტრატეგიები მიზნად ისახავს მხარდაჭერა გამოუცხადოს სკოლებს კონკრეტული მიზნების მიღწევაში, გამოწვევების დაძლევაში და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაში. სკოლებთან თანამშრომლობისას, აქცენტს ვაკეთებ სკოლის ჰოლისტურ განვითარებაზე. ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, თუ სკოლის განვითარება არ იქნება მიმართული მხოლოდ მოკლევადიანი მიზნებისკენ, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისკენ. სკოლის ჰოლისტური განვითარების ჩემი ხედვა მოიცავს სტრატეგიების შემუშავებას, რომელიც არა მხოლოდ გადალახავს მიმდინარე გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს სკოლის მომავალ სიცოცხლისუნარიანობას და წარმატებას. ამისთვის უმნიშვნელოვანესია სკოლაში თვითშეფასების რეგულარული კულტურის დამკვიდრება, რაც გაზრდის მის თვითეფექტურობას და უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მზადყოფნას ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმის − ავტორიზაციისთვის. ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გამართული მუშაობა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ეროვნულ რეგულაციებთან, თუმცა არ გამორიცხავს ინოვაციურობას.

ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის პოლიტიკის შემუშავება, რაც ითვალისწინებს პროფესიული საჭიროებების კვლევას, მათ სოციალიზაციას, პროფესიულ განვითარებას და მხარდაჭერას.  მიმაჩნია, რომ სკოლებში ინსტიტუციური გარემოს გაძლიერება სასკოლო თემის მიკუთვნებულობისა და ჩართულობის გზით, პოზიტიური სასწავლო კლიმატი კი სოციო-ემოციური სწავლის დანერგვით იქნება უზრუნველყოფილი.

ორგანიზაციული განვითარების საწყის ეტაპზე სკოლა მიმართავს საჭიროებების ანალიზს: ეს შეიძლება მოხდეს სკოლის კონსულტანტის ჩართულობით ან დამოუკიდებლად. მას შემდეგ რაც ჩატარდება საფუძვლიანი ანალიზი სკოლის სპეციფიკური საჭიროებების, გამოწვევებისა და ძლიერი მხარეების დასადგენად, სკოლის გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით შემუშავდება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. ჩემთვის, როგორც სკოლის კონსულტანტისთვის მნიშვნელოვანია ასევე ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული მიდგომა: ფოკუსირება მოვახდინოთ სკოლის ძლიერი მხარეების გამოვლენასა და განვითარებაზე, რომ ხელი შეუწყოთ პოზიტიურ თვითშეფასებას მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. განხორციელებული სტრატეგიების ეფექტურობის შესამოწმებლად ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში უნდა დაინერგოს რეგულარული შეფასების პროცესები. 

ამგვარი მიდგომა მიზნად ისახავს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც პასუხობს სკოლისა და მისი საზოგადოების ინდივიდუალურ საჭიროებებს.

მოხარული ვარ, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო სკოლებში ამ მიმართულებების გაძლიერებაში, რაც  განაპირობებს მათი ორგანიზაციული მიზნების მიღწევებს.