შვედეთში 70 წელია სასკოლო კვების პროგრამა ფუნქციონირებს, თუმცა სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ პროგრამას გაუმჯობესება ესაჭიროება და ამისთვის აუცილებელია სექტორით დაინტერესებულ აქტორთა მეტი ჩართულობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პროგრამის დიდხნიანი ისტორიისა, სასკოლო კვება მაინც არაა შვედეთის განათლების სისტემის განუყოფელი ნაწილი და არ გამოიყენება, როგორც ჯანსაღი და მდგრადი კვების, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ასპექტი. სწორედ სასკოლო კვების სისტემის მდგრადობის მიზნით შვედეთის სურსათის სააგენტომ წამოიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადობასა და კვების სისტემების განათლების სექტორის საჭიროებებთან თანხვედრის უზრუნველყოფას. ამ ფონზე, სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ კომპანიებთან, აკადემიურ წრეებსა და მუნიციპალიტეტებთან ერთად იკვლევს თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს მდგრადი სასკოლო კვების ისეთი სისტემა, რომელიც „ფერმიდან სკოლამდე“ იდეას დაეყრდნობა. ამ ფონზე შეიქმნა საპილოტე პროექტი „სასკოლო კვების ახალი რეცეპტი“, რომელიც შვედეთის ოთხ მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას შემუშავდეს და დაინერგოს უფრო მდგრადი სასკოლო კვების სისტემა, რომელიც უპასუხებს მიმდინარე მოთხოვნებს. ეს პროგრამა, ამავე დროს, ხელს შეუწყობს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონალურ და თუნდაც საერთაშორისო დონეზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა სკოლებს საზოგადოების მინი ვერსიებად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ სასკოლო საზოგადოებაში კვების სისტემის ცვლილება მთლიანად საზოაგდოების კვების სისტემის ტრანსფორმაციისათვის გახდება ბერკეტი.
როგორც სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯონას კრაფტი აღნიშნავს, შვედეთს 2012 წლიდან აქვს კვების ისეთი მოდელი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა, აქვს მაღალი კვებითი ღირებულება და ამავე დროს გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. მოდელი ითვალისწინებს კვების მდგრადობას, ამისათვის კი საკვების სრული პოტენციალის ათვისებაა საჭირო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მოდელს არა მხოლოდ სკოლებში არამედ მოხუცთა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებშიც იყენებენ. ხოლო დაფინანსება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა. ამჟამად, სააგენტოს ხემძღვანელობით აღნიშნული პროგრამა 290 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.