მას შემდეგ რაც მასწავლებელი ვარ და 24/7-ზე მაქვს შეხება ჩემს სფეროსთან, მუდმივი გამოწვევის წინაშე ვდგები და შესაბამისად, ვფიქრობ, რა არის გასაუმჯობესებელი, როგორ….
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის პროფესია ცოცხალი ორგანიზმივით არის. მუდმივად უნდა გაიზარდო მასთან ერთად, ფეხი აუწყო სიახლეებს და არ ჩამორჩე.
თაობები მუდმივად იცვლება და როგორ გექნება ისეთივე მიდგომები 21 საუკუნის ბავშვთან, რაც რამდენიმე წლის წინ გქონდა? ვერანაირად.
თავისუფლად მოაზროვნე ბავშვები მოდიან სკოლებში და მასწავლებლებმა ხელი უნდა შევუწყოთ მათ დაფრთიანებას.
რადგან დაწყებით კლასს ვასწავლი, დასაწყისშივე ვაწყდები მოსწავლეებთან რიგ პრობლემებს. შესაბამისად ვხდები გამომწვევი მიზეზის სათავეს…
ახლა რასაც დავწერ, ბევრი პუნქტი ალბათ ჯერ შორეული პერსპექტივაა, თუმცა დრო ძალიან ჩქარა გადის და იქნებ დავეწიოთ..
- უნდა გაუმჯობესდეს ბაღში მიღებული აღზრდის ხარისხი. აუცილებელ მოთხოვნად უნდა იყოს ბაღის კურსის გავლა ყველა მოსწავლისთვის სრულად. ხაზსს ვუსვამ სრულად, ვინაიდან ბევრჯერ მხოლოდ ფორმალურად ჩარიცხულნი არიან მოსწავლეები. მხოლოდ რიგი ბაღების კეთილ სინდისსა და მასწავლებლებზე გადადის უნარ-ჩვევების გამომუშავება. მოსწავლეებმა ყველა საბაზისო უნარ-ჩვევა უნდა გამოიმუშაოს ბაღში. იქნება ეს მაკრატლის გამოყენება, პირადი ჰიგიენის დაცვა თუ სხვა, რაც წესით ევალებათ. სკოლაში, პირველ კლასში მზაობით უნდა მოდიოდეს მოსწავლე და მშობელიც.
- ყველა პირველკლასელის მშობელს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიარონ კონსულტაცია ფსიქოლოგებთან და მასწავლებლებთან. უნდა მოემზადონ მენტალურად იმისათვის, რომ შვილის მხარდაჭერისთვის მზად იყვნენ. რა მოითხოვონ, როგორ, რა ფორმით.. ხშირად, მშობლებმა ელემენტარული კომუნიკაცია არ იციან სკოლასთან და მასწავლებელთან როგორ დაამყარონ. აქვთ გადაცდომები ურთიერთობაში. ზოგჯერ ჰიპერმზრუნველნი არიან და ზოგჯერ, პირიქით, ზედმეტად პასიურებიც. ჯანსაღი კომუნიკაცია მშობლისა და სკოლის-უმნიშვნელოვანესია!
- პირველკლასელის უნარ-ჩვევებისა და საბაზისო დონის განსაზღვრა უნდა მოხდეს სკოლაში შემოსვლამდე. ყველა კლასი დაკომპლექტდეს შემდეგნაირად: გასაუბრების შედეგად უნდა მოხდეს მოსწავლის შესაძლებლობის დიაგნოსტირება და ისე დაკომპლექტდეს კლასი. მაღალ კლასში ეს ვერ მოხერხდება.
სწავლის დაწყებამდე ამ ყველაფრის განსაზღვრა იმისთვისაა სავალდებულო, რომ ხშირად მასწავლებლებს ერთი -ორი თვე მაინც გვჭირდება მოსწავლის პრობლემის იდენტიფიცირებისთვის, შემდეგ კი ინტერვენციის დაგეგმვისთვის. თუ მასწავლებელს წინასწარ ეცოდინება რა პრობლემის წინაშე დგას მოსწავლე,რაში სჭირდება დახმარება, ცხადია, მომზადებული შეუდგება მასთან მუშაობას.
4.კლასში არ უნდა იყოს 15-18 მოსწავლეზე მეტი. იდეალურია 12-14 მოსწავლე…
5.როდესაც ხდება სხვა ქვეყნის ან სკოლის მოსწავლის მიღება, უნდა განისაზღვროს მისი აკადემიური მზაობა და ისე ჩაირიცხოს შესაბამის კლასში. მსგავსად უნდა მოხდეს გარე მობილობის დროს, როდესაც სხვა სკოლიდან გადმოდის მოსწავლე.
6.ყველა საკლასო ოთახში უნდა იყოს საჭირო რესურსები და ტექნიკა, რომელიც საშუალებას მისცემს მასწავლებელს ჩაატაროს მრავალფეროვანი გაკვეთილები ტექნოლოგიის გამოყენებით. ყოველწლიურად უნდა განახლდეს რესურსებით სკოლა, ვინაიდან იცვლება საჭიროება და ცვდება რესურსიც.
- მოსწავლეებს უნდა ჰქონეს სკოლაში უფასო კვება, რომელზეც ჩემმა კოლეგებმა ძალიან ბევრი ისაუბრეს, კამპანიაც აწარმოებს და მე აღარ დავწვრილმანდები. მხარს ვუჭერ ამ მოსაზრებას!
- 8. მასწავლებლის საქმიანობა გონივრულ ვადაში უნდა გადაიხედოს. რას აკეთებს, როგორ. შესაბამისად უნდა მოხდეს წახალისებაც. იქნება ეს მადლობით, მისთვის საინტერესო ტრენინგის დაფინანსებით თუ ა.შ. მშრომელ მასწავლებელს საქმისადმი სიყვარული და ენთუზიაზმი დიდხანს მიყვება, თუმცა საკუთარმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ განლევადია . ის მასწავლებლები, რომლებიც სტანდარტულ გაკვეთილებს ატარებენ, სიახლეებს არ ნერგავენ, უნდა გადამზადდნენ და მოეთხოვოთ, აუწყონ ფეხი თანამედროვე რეალობას და სასწავლო პროცესს.
- მასწავლებელს არ უნდა ეშინოდეს ხმის ამოღების არც სკოლაში და სკოლის გარეთ. არ უნდა ჰქონდეს სამსახურიდან გაშვების შიში განსხვავებული მოსაზრების გამო.
- ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული ხელფასი. წარმოგიდგენიათ, რომ 500 ლარი იყოს მასწავლებლის ხელფასი?როცა მას ასეულ მოსწავლესთან და მშობელთან უწევს შეხება? რომ აღარაფერი ვთქვა ჩასატარებელ გაკვეთილებზე. დაანამატის გარეშე დიახ, ხუთასი ლარია ხელფასი. N8 პუნქტში აღვნიშნე, რომ მასწავლებლების საქმიანობის მიხედვით უნდა მოხდეს წახალისება და ანაზღაურების გაზრდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადი საბაზისო ხელფასი ასეთი დაბალი იყოს.
- დამრიგებლის როლს დაეთმოს მეტი ყურადღება. ის მასწავლებელი რომელიც იქნება დამრიგებელი არ იყოს სრულად დატვირთული, რადგან დრო ჰქონდეს თავისი სადამრიგებლო კლასისთვის. ცხადია, ეს ხელფასის დაკლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
12.ყოველთვის უნდა მოხდეს მასწავლებლის საქმიანობის გადახედვა, შეეფასება, ინტერვენციების დაგეგმვა და თუ საჭიროება მოითხოვს ახალი კადრების ჩაანაცვლება. მიმძიმს, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ ჩემი ათასობით მასწავლებლებთან შეხების შედეგად ვთქვა, რომ სკოლებში ადგილს იკავებენ ის მასწავლებლები, რომლებიც სტანდარტული ახსნა-ჩაბარებით შემოიფარგლებიან. მსგავსი მასწავლებლების ჩანაცვლება უნდა ხდებოდეს მოტივირებული მასწავლებლებით.
- უკვე აღვნიშნე N2 პუნქტში, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია მშობლების როლი სასკოლო ცხოვრებაში. უნდა ხდებოდეს პერიოდულად მშობლების გადამზადებაც იმ თვალსაზრისით, რომ მეტად ჩაიხედონ სასკოლო ცხოვრებაში და ჰქონდეთ ადეკვატური მოთხოვნები და ქცევები. ზოგჯერ მათ მიერ წარმოთქმული ფრაზები,მასწავლებლებისთვის ძალიან დიდი დემოტივაციაა!
- დამწყებ მასწავლებლებს განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ. მხოლოდ გადამზადების პროგრამით არა. უნდა მიეცეთ მეტი შანსი სკოლაში შესვლის, თავად ჩართულობისა და თანამონაწილეობის. ,მაძიებლის“ პროგრამა რომელიც 2013 წელს ვფიქრობ არაჩვეულებრივად ასრულებდა თავის ფუნქციას, კვლავ ამ ფორმით ამოქმედდეს. კურსდამთავრებული დამწყები მასწავლებელი სკოლაში უნდა მიდიოდეს, ნაცვლად განსხვავებული სექტორებისა. ცხადია,ამის ხელშეწყობის არსებობის ხარჯზე.
14.ჩვენი, ყველას საფიქრალი მოსწავლეა. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი მთლიანად უნდა იყოს მათზე მორგებული. თუმცა აქვე აღსანიშნია, რომ მოსწავლეების უფლებების დაცვის პარალელურად,ხდებოდეს მეორე მხარის. სკოლის უფლებებისა და მომსახურე პერსონალის ღირსების დაცვაც.
კიდევ ბევრ რამეზე მიფიქრია, მაგრამ ახლა რაც გამახსენდა ჩამოვწერე…..
კი გამიგრძელდა, მაგრამ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი უკეთესი მომავლისთვის…
თქვენ რას დაამატებდით?