იაპონიაში სასკოლო კვება ახალი ფენომენი არ არის. მას დიდი ხნის ისტორია აქვს და უფრო კონკრეტულად 1889 წლიდან იწყება. ამ ლოგიკით შეიძლება ვიფიქროთ რომ პიონერი სახელმწიფოც კია, მაგრამ ამ პერიოდისთვის ქალაქ ცურუოკას (Tsuruoka city) მხოლოდ ერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასების მაგალითზე გვხვდება და მას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონდა, რის გამოც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად ვერ განვიხილავთ. თუმცა ამ ფაქტმა შექმნა პრეცენდენტი, რომელიც ჯერ მთელ ქალაქში, ხოლო შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა და 2021 წლისათვის სკოლების დაწყებით კლასების 99.7%-ში, ხოლო საშუალო საფეხურზე 98,2%-ში გვხვდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
დღეისათვის იაპონიის სკოლები მოსწავლეებს სამი სახის სასკოლო ლანჩს სთავაზობს:
საკვები მზადდება სკოლის სამზარეულოში ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სასკოლო ლანჩის ცენტრში და ნორმების სრული დაცვით ტრანსპორტირდება სკოლებში. იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ დადგენილია საკვების მომზადების ჰიგიენური სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების დაცვას საკვები ინგრედიენტების არჩევიდან ბავშვებისათვის მზა საკვების მიწოდების ჩათვლით და რომელიც ყველა სკოლისთვის სავალდებულო ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ დადგენილია სასკოლო ლანჩის სტანდარტიც, რომელიც ყველა სკოლისგან მოითხოვს ისე დაიგეგმოს მენიუ, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მათი განვითარების სტადიის შესაბამისი დაბალანსებული საკვები. აღნიშნული ბალანსი „სასკოლო ლანჩის პროგრამის აქტით“ რეგულირდება, რომელიც მთავრობამ 1954 წელს მიიღო. აქტი სასკოლო ლანჩის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურასა და პერსონალზე პასუხისმგებლობას სკოლას ანიჭებს, ხოლო ლანჩის საფასურს მოსწავლის მშობელი იხდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში სკოლას შეუძლია თავად უზრუნველყოს ლანჩის ღირებულება. ხოლო, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, სასკოლო კვება უზრუნველყოფილია სოციალური დაცვის სერვისებიდან. 2021 წლის მონაცემებით, თვიური ხარჯი დაწყებითი სკოლისთვის 4477 იენია (29.98 $), ხოლო საშუალო სკოლისთვის 5121 იენი (34.30 $). რა თქმა უნდა, წლებთან ერთად საკანონმდებლო აქტში მრავალი რევიზია და ცვლილება განხორციელდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2004-2005 წლებში შევიდა, რომელიც გულისხმობდა „დიეტისა და ნუტრიაციის მასწავლებელთა სისტემის“ შექმნას. სწორედ ეს მასწავლებლები ქმნიან რეალურად მრავალფეროვან და საინტერესო ჯანსაღ მენიუებს და მოსწავლეებს ასწავლიან კვებისა და ნუტრიაციის მნიშვნელობებს, რაც სხვადასხვა აქტივობებით ხორციელდება. რეალურად აქტი პარალელურად ემსახურება კვების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, რაც 2005 წელს ასევე გამოიხატა „Shokuiku-ს აქტშიც“. Shokuiku-ს განვითარებასა და იმპლემენტაციაზე რამდენიმე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელთა შორის როლები და პასუხისმგებლობები მკაფიოდაა გამიჯნული. უფრო კონკრეტულად: სოფლის მეურნეობის, ტყისა და მეთევზეობის სამინისტრო პასუხისმგებელია პროდუქტის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი პროდუქტის მოხმარებაზე; განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო უზრუნველყოფს კვებითი ჩვევების გაუმჯობესებას საგანმანათლებლო აქტივობებით; ჯანმრთელობის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ცხოვრების წესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციას; „ბავშვებისა და მშობლების სააგენტო“ პასუხისმგებელია განავითაროს shokuiku და ჩართოს მასში მეტი ბავშვი; საკვების უსაფრთხოების კომისია მონიტორინგს უწევს საკვების უსაფრთხოებას; და ბოლოს, მომხმარებელთა საქმეთა სააგენტოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს საკვების გონივრული მოხმარება. სხვადასხვა აქტორის ჩართულობა და ფუნქციების მკაფიო დანაწილება, პროგრამის იმპლემენტაციის ხარისხზე დადებითად აისახება. მნიშვნელოვანია, პროგრამის მონიტორინგი და შეფასება ყოველ ფისკალურ წელს ხდება, რაც უზრუნველყოფს მისი საჭიროებების იდენტიფიცირებას და პრობლემებზე დროულ რეაგირებას.
სასკოლო ლანჩების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ჯანსაღი ცხოვრების წესის, კვების კულტურის, ინდუსტრიისა და სხვისი შრომის პატივისცემის სწავლებაა. პროგრამის დადებითი გავლენა კი ყველაზე კარგად გამოიხატება მოსწავლეთა ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ სასკოლო კვების პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის იმ საჭირო ნივთიერებების მიღებას, რომელიც აუცილებელია მათი განვითარებისთვის. აღნიშნულს კვლევებიც ადასტურებს და გამოვლინდა, რომ მოსწავლეები სწორედ სასკოლო ლანჩისას იღებენ საჭირო ნუტრიენტების უდიდეს ნაწილს, რადგან სკოლის გარეთ ისინი ნაკლებად მიირთმევენ ბოსტნეულს, ხორცს ან თევზს. უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო ლანჩი გარკვეულწილად დასუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და სუბსიდირების დონე განსხვავდება მოსწავლის მშობლების შემოსავლების დონის მიხედვით. გარდა ამისა, სახელმწიფო ცდილობს სხვადასხვა აქტორების პროცესში ჩართვას, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი ივნისის თვის Shokuiku-ს თვედ გამოცხადებაა, რა დროსაც ეროვნულ დონეზე იმართება სასკოლო კვებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის გამოფენა. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს უკვე არსებული აქტორების ერთმანეთთან კომუნიკაციას, პრაქტიკის გაზიარებასა და ერთგვარი ეკოსისტემის შექმნას და ამავე დროს სხვა აქტორების თემით დაინტერესებასა და მოზიდვას.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი- საიდან მოდის საკვები, რომლითაც სასკოლო ლანჩი მზადდება? Shokuiku-ს აქტი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე უზრუნველყოფს, რომ კვებისთვის ადგილობრივი პროდუქტები იქნას გამოყენებული. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება სასკოლო კვების პროგრამებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია და ადგილობრივ ბაზარსაც ეხმარება, მას სხვა პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს იაპონიისათვის. კერძოდ, ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებით ბავშვები პრაქტიკაში ხედავენ და სწავლობენ ადგილობრივი ბუნების, სოფლის მეურნეობის კულტურების, ინდუსტრიის შესახებ. გარდა ამისა, ადგილობრივი პროდუქტები მდგრადი განვითარების თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობისაა, რადგან გადაადგილების მანძილის შემცირება ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებსა და შესაბამისად მის უარყოფით გავლენას გარემოზე. მდგრადი განვიტარების მიზნებს ემსახურება ქალაქ საპოროში დანერგილი პრაქტიკაც, რომელიც „საკვები ნარჩენების კომპოსტირების“ პროგრამაშია გამოხატული. იგი სასკოლო კვების პროგრამის საკვებ ნარჩენებს კომპოსტად გარდაქმნის, რომლითაც ხდება მიწის განოყიერება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების კვლავ წარმოება. სწორედ ეს პროდუქტები გამოიყენება შემდგომ კვების პროგრამებისთვის. ფაქტობრივად ციკლურ პროცესთან გვაქვს საქმე, რომელიც საკვები ნარჩენების შემცირების თვალსაზრისით ეფექტიანობით გამოირჩევა.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პროდუქტების შესყიდვიდ მიმართულებით კონრკეტული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, რაც გამოხატულია პროდუქტების ფასსა და ხელმისაწვდომობაში. კერძოდ, ზოგიერთი პროდუქტი წლის კონკრეტულ პერიოდში ძვირია, რის გამოც წარმოიქმნება მიწოდების პრობლემა. ამის საპასუხოდ სოფლის მეურნეობის, ტყის და მეთევზეობის სამინისტრო გამოყოფს კოორდინატორებს, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს სკოლებსა და ფერმერებს შორის. ეს საშუალებას იძლევა მენიუები ერთობლივად შემუშავდეს, რათა მორგებული იყოს, როგორც სასკოლო კვების სტანდარტებზე, ასევე შესაძლებელი იყოს ადგილობრივი პროდუქტების მაქსიმალური გამოყენება.
რესურსი მომზადებულია სასკოლო კვების კოალიციის ინიციატივით, სასკოლო ჯანმრთელობისა და კვების კვლევის კონსორციუმის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://researchonline.lshtm.ac.uk/id/eprint/4671122/