სასკოლო კვება დიდ ბრიტანეთში – მიმოხილვა

გაერთიანებულ სამეფოს სასკოლო კვების უძველესი პროგრამა აქვს მთელს მსოფლიოში. სასკოლო კვების ისტორია 1906 წელს იწყება, როცა ღარიბი ბავშვებისთვის შემუშავდა „უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ (FSM). 

მას შემდეგ სასკოლო კვების პოლიტიკა გაფართოვდა და გაუმჯობესდა, თუმცა კვლავაც აქტუალურია გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვების დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის თავდაპირველი მიზანი. სასკოლო კვების პროგრამა, დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ სადილის (ლანჩის) უზრუნველყოფას და მოიცავს საუზმეს, ხილისა და ბოსტნეულის სქემებს, სკოლისშემდგომ კვებას, რძის სქემებს, არდადეგებზე საკვებით უზრუნველყოფასა და კვებით განათლებას.

თითოეულ დევოლუციურ (სამეფოს შემადგენელ) ქვეყანას შემუშავებული აქვს საკუთარი პროგრამა და პოლიტიკა. უელსისა და შოტლანდიის დაწყებით სკოლებში დანერგილია „საყოველთაო უფასო სასკოლო კვება“ (UFSM), ხოლო ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედებს ნაწილობრივი უზრუნველყოფის მოდელი. შოტლანდიაში სკოლამდელ დაწესებულებების აღსაზრდელებსა და დაწყებითი სკოლის პირველი ხუთი კლასის მოსწავლეებს ეკუთვნით საყოველთაო უფასო სასკოლო კვება. ასევე, უკვე გაისად, იგეგმება მოცემული სქემის განვრცობა მეექვსე და მეშვიდე კლასებზეც. უელსის მთავრობამ საყოველთაო უფასო სასკოლო კვების დანერგვა 2022 წელს დაიწყო, რათა 2024 წლისთვის პროგრამით სარგებლობა დაწყებითი სკოლის ყველა მოსწავლეს შეეძლოს. ინგლისში 4-დან 7 წლამდე ბავშვებს ეკუთვნით „სკოლამდელი ასაკის ბავშვების საყოველთაო უფასო კვება“ (UIFSM). ოთხივე ქვეყანაში უფასო სასკოლო კვება ხელმისაწვდომია იმ ოჯახებისთვის, რომელთა საერთო შემოსავალიც, შემოწმების (დადასტურების) საფუძველზე, არ აღემატება £16,190-ს (თუკი სარგებლობენ შემოსავალების დადასტურების საფუძველზე გაცემული კონკრეტული შეღავათებით) ან £14,000-ს (თუკი სარგებლობენ საყოველთაო კრედიტით) ჩრდილოეთ ირლანდიაში, £7,920-ს _ შოტლანდიაში, ხოლო £7,400-ს _ ინგლისსა და უელსში (გადასახადებისა და შეღავათების გარეშე).

იხილეთ სქემა >>