პრაქტიკული სახელმძღვანელო „მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე“ განკუთვნილია საბაზო საფეხურის ფარგლებში მომუშავე პედაგოგებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ განათლება საგნობრივი ცოდნის შეძენასთან ერთად პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პროცესია და შესაბამისად, მომართული არიან მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების გაძლიერების მხარდაჭერაზე.

სახელმძღვანელო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის პროექტის „სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ ფარგლებში შემუშავდა და დაეფუძნა როგორც საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვას, ასევე საქართველოს კონტექსტსა და გამოცდილებას. სახელმძღვანელოს მიდგომების გამოცდა მოხდა ორი საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის ორ კლასში. შესაბამისად, ტესტირებისას მიღებული გამოცდილება ასევე საფუძვლად დაედო მის დახვეწასა და განვითარებას.

„სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა“ 5 თავისგან შედგება.

პირველი თავი – კონცეპტუალური ჩარჩო – გვაცნობს მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების თეორიულ ასპექტებსა და მიდგომის პრაქტიკაში განხორციელების საკვანძო საკითხებს. კონცეპტუალური ჩარჩო წარმოაჩენს კონკრეტულად რომელ კომპეტენციებზე შეიძლება იყოს ფოკუსირებული პედაგოგი, როგორ იყოს უნივერსალურად, ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული და რომელ ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით დანერგოს კლასში სოციალური და ემოციური უნარების მხარდაჭერა.

მეორე თავი – მხარდამჭერი საკლასო კლიმატი – წარმოაჩენს მოზარდობის ასაკის საკვანძო მახასიათებლებს, კლასის მოწყობის მრავალფეროვან მიდგომებსა და საკლასო შეთანხმებების ფორმირების მნიშვნელობას. მეორე თავში განხილული ამ ელემენტების ერთობლიობა მასწავლებელს დაეხმარება ჩამოაყალიბოს კლასში პოზიტიური და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კლიმატი.

მესამე თავი – მხარდამჭერი მასწავლებელი – წარადგენს მოსწავლეების სოციალური და ემოციური უნარების ხელშეწყობის კონკრეტულ მიდგომებს, მეთოდებსა და სტრატეგიებს. ამ თავის გაცნობა მასწავლებელს დაეხმარება მიიღოს ინფორმაცია იმ გზებსა და საშუალებებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია მოსწავლეებში თვითცნობიერების, თვითრეგულაციისა და ურთიერთობების წახალისება.

მეოთხე თავი  მხარდაჭერის დაგეგმვასა და დანერგვას ეხება. აღნიშნულ თავში წარმოდგენილია გზა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გაიაროს სახელმძღვანელოს გაცნობიდან რეალურ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების სოციალური და ემოციური უნარების წახალისების პრაქტიკის დანერგვისათვის.  

ეხუთე თავი შეფასებისა და რეფლექსიის ინსტრუმენტებს ეთმობა. ამ თავში წარმოდგენილი კითხვარების ნაწილი თავად მასწავლებლისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ზოგიერთი მოსწავლეებისთვის. ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება მასწავლებელს დაეხმარება მტკიცებულებების შეგროვებაში, რაც მოსწავლეებისა და კლასის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.