CK-12 არის ონლაინ საგანმანათლებლო ვებ-გვერდი, რომელიც დაფინანსებულია არაკომერციული ორგანიზაცია CK-12 ფონდის მიერ. ვებ გვერდი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს STEM-ის მიმართულებაზე. მისი მთავარი შეთავაზებაა უფასო ციფრული წიგნების კრებულები (სახელწოდებით “Flexbooks”). გარდა ტექსტური მასალისა, CK-12-ის შინაარსი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა ვიდეო, ქვიზი, ინტერაქტიული ციფრული თვალსაჩინოებები და „სიმულაციები“. მნიშვნელოვანია, რომ მასალის მოძიებისთვის ვებ გვერდზე რეგისტრაცია სავალდებულო არ არის და სრული შინაარსი პირდაპირ ხელმისაწვდომია.
უნდა აღინიშნოს, რომ CK-12 ასევე საშუალებას აძლევს მასწავლებლებს სისტემაში თავიანთი ანგარიში გახსნან (ამ შემთხვევაში რეგისტრაცია სავალდებულოა) და თავად შექმნან ახალი მასალები ან CK-12 მასალები თავიანთ საჭიროებებს მოარგონ. მაგალითად, ბიოლოგიის მასწავლებელს სურს შექმნას სავარჯიშოების სახელმძღვანელო ჩონჩხის აგებულებაზე. მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს „ადამიანის ჩონჩხის აგებულების“ შესახებ შესაბამისი ტექსტი, მიაბას მას პლატფორმაზე თუ სხვა ღია წყაროებზე მოძიებული შესაბამისი ვიდეო მასალა, დავალება თუ სხვა თვალსაჩინოება და ხელმისაწვდომი გახადოს იგი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე.
საყურადღებოა: 2020 – 21 წლის სასწავლო წლის დასაწყისში განათლების კოალიციის ძალისხმევით და UNICEF-ის მხარდაჭერით პლატფორმაზე გაეშვება ქართული ქვე-გვერდი, სადაც პირველ ეტაპზე ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება საბაზო საფეხურის მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის შერჩეული სახელმძღვანელოები, დავალებები, თვალსაჩინოებები და სიმულაციები.
დაწვრილებით იხილეთ CK-12-ის ვებ გვერდი: https://www.ck12.org