რამდენიმე თვის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციაზე „მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება: რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესებისათვის“, ერთ-ერთი პირველი, ვინც შემხვდა, ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელი იყო. მასთან ერთად უკვე ოთხი წელია სკოლაში და საერთო კათედრაზე ვმუშაობ. ქალბატონი ინგა გავიცანი მაშინ, როცა სკოლაში, 23 წლის ასაკში, როგორც მასწავლებელი, პირველად შევედი. რამდენიმე კვირა დამჭირდა იმ წიგნების და სხვადასხვა რესურსის სახლში წასაღებად, რომელიც მან მომიტანა. კიდევ უფრო მეტი დრო დამჭირდა ჩემთვის აქამდე უცნობ სასკოლო საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის, რა პროცესშიც მის მონაწილეობას და ძალისხმევას ყოველთვის ვხედავდი. ინგა მასწავლებლის საკლასო ოთახი რესურსებით ყველაზე მდიდარი და მოწესრიგებულია, მოსწავლეებთან თანამშრომლობის მიმართულებით კი ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მასწავლებელია, რომელსაც არც დრო აქვს და არც განზრახვა, ეს მუშაობა ფურცელზე გადაიტანოს და ამით ფინანსური ან სხვა სარგებელი ეძიოს. გარდა შიდასასკოლო საქმიანობისა, ის აქტიურადაა ჩართული პროფესიულ გაერთიანებებსა და ასოციაციებში.
საზოგადოებრივი ალიანსის „მასწავლებლებისთვის“ შემუშავებულ საერთო ხედვაშიც აქცენტი კეთდება პროფესიული თანამშრომლობისა და თვითორგანიზების მნიშვნელობაზე – „მასწავლებლებს აქვთ პროფესიული ავტონომიურობისა და ერთობის განცდა. ისინი ერთიანდებიან ფორმალიზებულ ან/და არაფორმალურ ჯგუფებად სკოლის, საგნობრივი ჯგუფების თუ სხვა საერთო ინტერესების მიხედვით და ხელი მიუწვდებათ საჭირო რესურსებზე. აქვთ შესაძლებლობა, ერთობლივად იმუშაონ გამოწვევებზე, რომლებიც მათი საქმიანობისა და პროფესიული თემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია“. მსგავსი ტიპის ორგანიზების საჭიროებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში, მასწავლებელთა შრომის პოლიტიკის სფეროში განხორციელებული პოზიტიური ცვილილებები შესაძლებელი გახადა სწორედ, ქვემოდან წამოსულმა, არაფორმალურმა გაერთიანებებმა და ინიციატივებმა, მათ შორის, მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების[1] თუ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შეტანილი ცვლილებების მიმართულებით.[2]
სწორედ მსგავს ორგანიზებას ვაკვირდებოდით 2022-2023 სასწავლო წელს, როდესაც, ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლებს შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოემზადებინათ სავალდებულო პორტფოლიო. ამ პროცესში, კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მასწავლებელთა პროფკავშირი, როგორც პედაგოგთა ინტერესების მთავარი დამცველი, საქართველოში არ არსებობს. პროტესტის მონაწილე მასწავლებლებსა და სამინისტროს შორის გამართულ შეხვედრაზე პროფკავშირისა და სამინისტროს პოზიცია, მეტწილად, მსგავსი იყო.[3] ამის ფონზე, განსაკუთრებით საგულისხმოა ალიანსის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, რომ „მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში შეიქმნას მასწავლებლების ჩართვის მკაფიო და მოქნილი მექანიზმები“. მსგავსი ეფექტური მექანიზმების შექმნამდე, მასწავლებლები თვითორგანიზებულად ცდილობენ ფეხი აუწყონ და თვალი მიადევნონ ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს, ამ პროცესში კი, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში, facebook ჯგუფებს მიმართავენ. ხშირად, მასწავლებლების facebook ჯგუფებში ინტერაქციასა და ჩართულობას პროფესიულ განვითარებაზე დადებითი გავლენა აქვს,[4] თუმცა, ამ ჯგუფებში ოპერირება სულ უფრო და უფრო ემსგავსება ფორმალურ მუშაობას. Facebook-ში გაწეული მსგავსი შრომა, ერთი მხრივ, ქმნის გარკვეულ პროდუქტსა და მოგებას, შესაბამისად ეს სასარგებლო საქმიანობაა, თუმცა ამავდროულად ეს აუნაზღაურებელი შრომაცაა.[5]
სწორედ ასეთ პროფესიულ ჯგუფებში ინტერაქციისა და შემდგომ პირადი დიალოგების გზით, ასევე, პერსონალური გამოცდილებისა და პროფესიული დაკვირვებების შედეგად ტექსტში თავმოყრილია ისეთი ტიპის აუნაზღაურებელი შრომის მაგალითები, რასაც მასწავლებლები, ერთი მხრივ, სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, მეორე მხრივ კი სხვადასხვა მიზნით ახორციელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული პორტფოლიოს წარმოება და მისი შემდგომი შეფასება არაერთი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში მასწავლებლის საქმიანობის შეფასების გავრცელებული საბაზისო ინსტრუმენტია, მას სჭირდება ასეთივე საბაზისო შრომითი პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, იმ ვალდებულებების გარდა, რომელსაც მასწავლებლები პროფესიული ზრდისა და მასწავლებლის სტატუსის შესაცვლელად, შესაბამისად, ხელფასის ასამაღლებლად ასრულებენ, პროფესიაში ყოფნა დაკავშირებულია სხვა ტიპის საქმიანობებთანაც. მასწავლებლები საქართველოში ორმაგი ტიპის საქმიანობას ეწევიან:
მასწავლებლების მიერ შესრულებული არაფორმალური ვალდებულებები და არასავალდებულო საქმიანობები შეგვიძლია სამ მიმართულებად წარმოვიდგინოთ:
მასწავლებლების ქცევა, სამივე შემთხვევაში, ატარებს ნებაყოფლობით, არამომგებიან, არასავალდებულო ხასიათს, რომელსაც აქვს მოსწავლის, სკოლის ან/და რეფორმების მხარდაჭერის მოტივი.
მოსწავლის მხარდაჭერის საჭიროებას სხვადასხვა დონის ფაქტორი განაპირობებს. ხშირად, მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ, სკოლაში, არასამუშაო საათებში, უფასოდ ამზადებენ იმ მოსწავლეებს, რომელთაც აკადემიური ჩამორჩენა აქვთ. როგორც წესი, ეს ის მოსწავლეები არიან, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ სკოლის გარეთ, რეპეტიტორის ხარჯების გაღების შესაძლებლობა; ხშირია შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები (განსაკუთრებით დამრიგებლები) სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფენ მოსწავლეების კვებას (თანხის დამატება, სახლიდან წამოღება, საკვების თანაბრად განაწილების ორგანიზება და მოსწავლეებში საკვების თანაკლასელისთვის გაზიარების კულტურის ფორმირება); გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სკოლების უმეტესობაში ინტერნეტით დაფარვა კვლავ პრობლემურია, მასწავლებლებს უწევთ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა არამხოლოდ საკუთარი საქმიანობისთვის, არამედ მოსწავლეებისთვის გასაზიარებლად. მსგავს პრაქტიკას წარმოადგენს მოსწავლეების მხრიდან მასწავლებლების მობილური ბალანსით სარგებლობა (მაგ. მშობელთან კომუნიკაციისას); იმ სკოლებში, სადაც ფსიქოლოგი არ არის, მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობისას უწევთ ამ ფუნქციის შეთავსებაც; ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა კი პირადი ხარჯებით საკანცელარიო ნივთების, კლასისთვის საჭირო ინვენტარის, მოსწავლეების მიერ დაკარგული წიგნების შესავსებად საჭირო ხარჯების გაღებაა.
სკოლის/თემის მხარდაჭერის მიმართულებითაც ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა მასწავლებლების მხრიდან სკოლის ინსტიტუციური ფუნქციონირების მხარდასაჭერად რესურსების მობილიზებაა. გარდა იმისა, რომ ხშირად მასწავლებლებს საკუთარი სახლებიდან მოაქვთ საჭირო ავეჯი, დეკორაციები, არაფორმალური განათლებისთვის საჭირო ინვენტარი თუ ნივთები, მათ უწევთ პრინტერის ან პროექტორის შეძენა, კარტრიჯების განახლება და ფურცლების შეძენაც კი. ქართული განათლების ისტორიულ მეხსიერებაში არსებობს ტერმინი „ფონდის ფული“, რაც 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოიხატებოდა მშობლების/მოსწავლეების მხრიდან სასწავლო პროცესში საჭირო რესურსებისთვის/საჭიროებებისთვის ფულის შეგროვებაში. კორუფციული ელემენტების აღმოფხვრის მოტივით, 2005-2006 წლიდან, აღნიშნული პრაქტიკა ნელ-ნელა ქრება, თუმცა დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი საჭიროებებისთვის ხარჯების გაღება მასწავლებლის პასუხისმგებლობად იქცა.
ამასთან, სკოლის მასწავლებლებს, უმეტეს შემთხვევებში, უწევთ ფიზიკურად მოუარონ საკლასო სივრცეს და სკოლის სხვა შიდა თუ გარე სივრცეებს, ვინაიდან „დამლაგებლის მაქსიმალური ანაზღაურება არის 372 ლარი, 1800+ ბავშვიან სკოლაში. 200 მოსწავლიან სკოლაში მაქსიმალური ანაზღაურება შეადგენს 210 ლარს, 300-მდე – 228 ლარს, 530-მდე – 264 ლარს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია“[1].
საგულისხმოა, რომ განსხვავებით კერძო სკოლების უმეტესობისგან, საჯარო სკოლებში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, მათ შორის კათედრების ხელმძღვანელობა, ხარისხის მართვისა და მხარდაჭერის ჯგუფის თავმჯდომარეობა და წევრობა აუნაზღაურებელი საქმიანობაა. ამ სტრუქტურული ერთეულების გამართულად მუშაობა და ამ ფორმატებში მასწავლებლების კოლაბორაცია კი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით მასწავლებლები მოთმინებით არიან ჩართულები პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ სიახლეებში, რომლებიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის. პარალელურად, ბოლო რამდენიმე წელია ახალი სკოლის მოდელის დანერგვას თან ახლავს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრა, ტრენინგი და დამატებითი ვალდებულება. 2023 წლიდან დაწყებულმა სკოლების ავტორიზაციის პროცესმა კი ეს დატვირთვა კიდევ უფრო გაზარდა. გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს აქამდეც გააჩნდათ სავალდებულო ტრენინგებზე დასწრების ვალდებულება, ამას ემატება რეფორმების თანმდევი ახალი ვალდებულებები, რაც დღის განმავლობაში – საღამოს და ღამის საათებს, წლის განმავლობაში კი, ხშირად, შვებულების პერიოდს – აგვისტოს თვეს მოიცავს. სწორედ პროფესიული განვითარების რეფორმის სხვა რეფორმებთან ურთიერთკავშირის საჭიროებაზეა საუბარი ალიანსის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებშიც: „პროფესიული განვითარების რეფორმა მკაფიოდ უნდა ებმოდეს განათლების სისტემაში მიმდინარე სხვა რეფორმებს; იცავდეს მასწავლებელს ხშირი და წინააღმდეგობრივი ცვლილებებისგან“.
ამავე კონტექსტში უნდა ვახსენოთ პანდემიის გამოცდილებაც, რა დროსაც მასწავლებლებმა კვლავ გამოამჟღავნეს ენთუზიასტური, მოხალისეობრივი და სოლიდარული დამოკიდებულებები. დისტანციური სწავლების დროს არსებულმა თვითორგანიზებამ – მოსწავლეების, კოლეგების და სისტემის მხარდაჭერამ, მაშინდელი განათლების მინისტრის განსაკუთრებული მადლობაც დაიმსახურა[1], თუმცა პანდემიის ტრავმა, გამოცდილება და პროფესიული გადაწვის მტკიცებულებები მასწავლებლების სავალდებულოდ წარსადგენ პორტფოლიოში არ მოთავსებულა, ისევე როგორც, ზემოხსენებული საქმიანობების უმეტესობა.
ამ საქმიანობებს შესაძლოა „ფარული პორტფოლიო“ ეწოდოს, რომელიც მასწავლებლების უხილავ შრომას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის საქმიანობის შეფასებაში გამოყენებული იყოს ისეთი ინსტრუმენტები და მიდგომები, რომლებიც სახელდახელოდ შექმნილი ქაღალდების მიღმა, შეისწავლის მასწავლებლების მხრიდან გაწეული, მათ შორის, არასავალდებულო საქმიანობების მოტივაციას და მის მნიშვნელობას მოსწავლისთვის, სკოლისთვის და განათლების სისტემისთვის. სწორედ მასწავლებლების ისტორიები, წარმოდგენები, რწმენები და „უპირველესად, მასწავლებლების ხმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ რთული საკითხების გარკვევაში, რაც დაკავშირებულია სწავლა-სწავლების პროცესთან. შესაბამისად, მასწავლებლების ცხოვრების გაგება შესაძლებელია თუ კვლევის პროცესი დაეფუძნება თავად მათ მზერასა და პერსპექტივებს“.[1] შესაბამისად, მასწავლებლის საქმიანობის შეფასების პროცესიც უნდა იყოს არა რენდგენის გადაღება და დიაგნოზის დასმა, არამედ მათი ცხოვრების და ყოველდღიური საქმიანობების სიღრმისეული შესწავლა. ამ ყველაფრის არდანახვა კი მასწავლებლებში გააღრმავებს ისედაც არსებულ ფრუსტრაციასა და უნდობლობას.
ტექსტში მოცემული კომენტარები გამოყენებულია ავტორების ინდივიდუალური თანხმობით.
[1] „ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მასწავლებლებს“, მაუწყებელი, 2022 წლის 3 დეკემბერი [Online] ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=J9A8Cowgdkc (10.08.2023)
[2] „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (2020) [Online] ხელმისაწვდომია: https://mes.gov.ge/content.php?id=13352&lang=geo (10.08.2023)
[3] „ჩვენთვის მისაღები არ არის. პორტფოლიოს წარდგენის ვადის გაზრდა არაფერს ცვლის“ – პედაგოგები სამინისტროს გადაწყვეტილებაზე“, პუბლიკა [Online] ხელმისაწვდომია: https://publika.ge/article/chventvis-misghebi-ar-aris-portfolios-wardgenis-vadis-gazrda-arafers-cvlis-pedagogebi-saministros-gadawyvetilebaze/ (10.08.2023)
[4] Maria Ranieri, Stefania Manca & Antonio Fini, “Why (and how) do teachers engage in social networks? An exploratory study of professional use of Facebook”, Teaching and Teacher Education (2012): 761-771
[5] Christian Fuchs & Sebastian Sevignani, “What is digital labour? What is digital work? What’s their difference? And why do these questions matter for understanding social media?”, Journal for a Global Sustainable Information Society (2013): 237–293
[1] EFA განათლების კოალიცია, „რა უნდა გავითვალისინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის: „რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ (თბილისი: EFA განათლების კოალიცია, 2020)
http://efageorgia.ge/wp-content/uploads/2020/07/რა-უნდა-გავითვალისწინოთ-2020-2021-აკადემიური-წლისათვის.pdf?fbclid=IwAR3wEiPY_oHvgmDdFLJrrBmPLsNCKcLAoq-aeVEaTd8Y-ykkuy0YXliF5Ho (10.08.2023)
[1] „მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (2020) [Online] ხელმისაწვდომია: https://www.mes.gov.ge/content.php?id=11457&lang=geo (10.08.2023)
[1] Takbir Ali (2017): “Raising teachers’ voices: an in-depth qualitative inquiry into teachers’ working conditions and professional development needs in Khyber Pakhtunkhwa, a province of Pakistan”, Teacher Development (2017): 78-104
DOI: 10.1080/13664530.2017.1308432 (10.08.2023)