სასკოლო კვების გლობალური კოალიცია

სასკოლო კვების საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი წლებია სხვადასხვა აქტივობით ცდილობს საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლებას და მათ შორისაა უცხოური პრაქტიკების გაცნობაც.

ამჯერად გვინდა გაგაცნოთ „სასკოლო კვების კოალიცია“, რომელიც პანდემიის შემდგომ მალევე 76 ქვეყნის პოლიტიკური ლიდერობით შეიქმნა. იგი აქტიურად მუშაობს სასკოლო კვების პროგრამების მოდელების განვითარებაზე და მათი დანერგვის/გაფართოების ადვოკატირებაზე. სასკოლო კვება კი გაგებულია, როგორც საზოგადოების მდგრადი სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა.

კოალიციის საქმიანობას მხარს უჭერს განვითარების სფეროში მომუშავე 83 ორგანიზაცია, რომელთა შორისაც არიან გაეროს ძირითადი სააგენტოები და პარტნიორები.

მსოფლიოს მასშტაბით, ამჟამად 418 მილიონი ბავშვი სარგებლობს სასკოლო კვებით, რაც 30 მილიონით მეტია 2020 წლის, პანდემიამდელ მონაცემებთან შედარებით. საერთო ჯამში კი დაწყებით სკოლაში ჩარიცხული ბავშვების დაახლოებით 41%-ს აქვს უფასო ან სუბსიდირებულ დღიურ სასკოლო კვებასთან წვდომა. აღნიშნული მონაცემი მაღალშემოსავლიან ქვეყნებში 61%-ს აღწევს.

უნდა აღინიშნოს სასკოლო კვების პროგრამების დადებითი გავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე. აღნიშნული პროგარემის ბაზაზე დაახლოებით ოთხი მილიონი პირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა 85 ქვეყანაში. ეს იგივეა, რაც 1377 სამუშაო ადგილი 100 000 კვებაზე. აღნიშნული სამუშაოების უმეტესობა დაკავშირებულია საჭმლის მომზადებასთან და მცირე კვების კომპანიებთან, რომელთა უმეტესობას ქალები ხელმძღვანელობენ.