2013 წელს, ჯონ ჰეთიმ, შვედეთში, TEDx კონფერენციაზე აუდიტორიას მიმართა შემდეგი კითხვით : რატომ დადიან ბავშვები სკოლაში, თუ ყველაფერი იციან ?! 2013 წლამდე კი შეკითხვა რომელიც თითქმის ყოველდღე, ერთ-ერთ გაკვეთილზე მაინც მესმოდა იყო : რისთვის მოდიოდით სკოლაში, თუ არაფერი იცოდით ?! |
ჩემთვის, ეს შეკითხვები სკოლის ფუნქციის და სწავლა-სწავლების იდეის ორ
პოლუსს წარმოადგენს, ერთი ტრადიციული სასკოლო განათლებაა, რომელიც მოსწავლისგან
ცოდნის დემონსტრირებას მოელის, ხოლო მეორე, აძლევს საშუალებას თავად იყოს ცოდნის
მაძიებელი.
ჯონ ჰეთიმ 25 წლიანი კვლევითი პრაქტიკისა და 1600 მეტა-ანალიზის შემდეგ გამოავლინა 250 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეებს მიღწევებზე. ერთ-ერთი ცვლადი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს სწავლა-სწავლების პროცესზე და სხვებთან შედარებით მეტად ახასიათებს ეფექტის ცვალებადობა არის უკუკავშირი.
უკუკავშირი არის ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლე იღებს სწავლის პროცესში, მისი მიღწევების და მუშაობის მიმდინარეობის შესახებ. ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელიც ეხმარება დაშვებული შეცდომების გასწორებაში; მშობელი, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს; თანაკლასელი, რომელიც მუშაობის ალტერნატიულ სტრატეგიას შესთავაზებს. უკუკავშირი ძირითადი მიზანია რომ შეამციროს განსხვავება დასახულ მიზანს, მიზნის აღქმასა და შესრულებულ სამუშაოს შორის (Hattie &Timperley).
ჰეთი უკუკავშირს განიხილავს როგორც მრავალშრიან და მრავალგანზომილებიან პროცესს, რომელიც ერთიანდება 3 საკვანძო კითხვის ირგვლივ და იშლება 4 დონეზე. ჰეთის მიხედვით უკუკავშირის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვპასუხობთ ძირითად შეკითხვებს უკუკავშირის სხვადასხვა დონეზე.
უკუკავშირის დონეები | ძირითადი შეკითხვები | უკუკავშირის 3 ძირითადი კითხვა |
I ამოცანა | შესრულდა თუ არა და რა ხარისხით დავალება? არის თუ არა სწორი ან არასწორი? | რა არის ჩემი მიზნები? საით მივდივარ?
|
II პროცესი | რა სტრატეგიები უნდა გამოეყენებინა მოსწავლეს? რა გამოიყენა და რა ალტერნატიული სტრატეგიები შეეძლო გამოეყენებინა? | როგორ ვმუშაობ ჩემი მიზნის მისაღწევად? როგორია ჩემი პროგრესი? რამდენად ახლოს ვარ მიზანთან? |
III თვითრეგულირება | როგორ შეძლო მოსწავლემ სწავლისათვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მობილიზება? რატომ მიიღო ესა თუ ის გამოცდილება? როგორ შეძლო/შეუძლია საკუთარი თავის მონიტორინგი და პროცესის მართვა? | რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ? როგორ უნდა გავაუმჯობესოთ შედეგი? |
IV პიროვნება | პიროვნული შეფასება და დამოკიდებულება მოსწავლის სწავლის მიმართ. როგორია მოსწავლე? რამდენად მოინდომა სწავლა? | |
ცხრილი 1. უკუკავშირის დონეები და კითხვები (Hattie, 2012).
პირველ დონეზე
უკუკავშირი მოსწავლეს აწვდის ინფორმაციას სწორია თუ არა მის მიერ შესრულებული
დავალება. პროცესის შეფასების დონე გულისხმობს დავალების შესრულების სტრატეგიების
ანალიზს, ასევე მოსწავლეს სთავაზობს ალტერნატიულ მიდგომებს, რომლის გამოყენებაც
შეუძლია მომავალში დავალების უკეთ შესრულებისთვის ან შეცდომების თავიდან
არიდებისთვის. მესამე დონეზე უკუკავშირი ეხმარება მოსწავლეს დაფიქრდეს საკუთარ
სასწავლო პროცესზე, როგორ მართავს და გეგმავს დავალების შესრულებას, , როგორ იღებს
გადაწყვეტილებას, რატომ მუშაობს ასე და არა სხვაგვარად. რაც შეეხება მე-4 დონეს , აღნიშნული
ინფორმაციას შეიცვას იმის შესახებ თუ როგორ აღიქვამს მასწავლებელი მოსწავლეს,
როგორც პიროვნებას და ასევე, როგორ აფასებს მის მიერ გაწეულ შრომას, შესაბამისად ამ
დონეზე უკუკავშირი მცირე ინფორმაციას შეიცავს დავალების, ხოლო მეტ ინფორმაციას
მოსწავლის პიროვნების შესახებ.
სხვადასხვა დროს
ჩატარებული მეტა ანალიზის მიხედვით, უკუკავშირი რომელიც ორიენტირებულია
შესასრულებელ დავალებაზე, წარმატების კრიტერიუმებთან შესაბამისობასა და სწავლის
სტრატეგიების გაუმჯობესებაზე(I, II, III დონე) უფრო ეფექტურია, ვიდრე უკუკავშირი
რომელიც მიემართება მოსწავლის პიროვნებას და მაგალითად, გამოიხატება შექებით(IVდონე)
(Hattie &Timperley, 2007).
ჰეთი, ეფექტური
უკუკავშირის პრაქტიკის შექმნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 5 საკითხის
გააზრებას :
- სრულყოფილი სასწავლო
კონტექსტის შექმნა ;
- შექების მიზნის და
ადგილის განსაზღვრა უკუკავშირის მიწოდების პროცესში;
- შეცდომების მიმართ
მიმღეობის გაზრდა;
- მოსწავლეების მიერ
ერთმანეთისთვის მიცემული უკუკავშირის გაუმჯობესება;
- ინტენსიური
განმავითარებელი შეფასების დანერგვა სწავლების პროცესში.
მასწავლებლები და არა მხოლოდ მასწავლებლები ხშირად ვერ იაზრებენ, რომ მათი ყოველი ფრაზა, რომლის ადრესატიც მოსწავლეა, უკუკავშირს წარმოადგენს, ასევე ჩემი დაკვირვებით მასწავლებლის და მოსწავლეების კომუნიკაციის დისკურსში ყოველთვის იკვეთება საყრდენი ფრაზები ან შეკითხვები. რამდენიმე ნიმუშს უკუკავშირის ეფექტურად გამოყენების ძირითადი საკითხების მიმოხილვის დროსაც გაგიზიარებთ.
სრულყოფილი სასწავლო კონტექსტის შექმნა
მე რა დაგავალეთ და რა მომიტანეთ? |
თუ მოსწავლეები ამ კითხვაზე ძირითადად დუმილით გპასუხობენ, დაფიქრდით, იციან კი ნამდვილად რა დაავალეთ?!
ყოველთვის არ არსებობს იმის გარანტია რომ მოსწავლე, დროულ სრულყოფილ,
მიუკერძოებელ და ობიექტურ უკუკავშირს მიიღებს ( Dunning ,2005). ამ რისკის
შესამცირებლად
ჰეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან
წინაპირობად სასწავლო კონტექსტის შექმნასმიიჩნევს
და მას განმარტავს, როგორც დავალების შესრულების მკაფიო მიზნის, დავალების
ინსტრუქციისა და წარმატების კრიტერიუმების ერთობლიობას. თუ მოსწავლეს არ აქვს მიზანი
და ინსტრუქცია როგორ იმუშაოს დავალებაზე, ასევე თუ არ არსებობს ცხადი და გაზომვადი
კრიტერიუმები, იმისა თუ რა არის კარგი დავალება, შეუძლებელია შედეგზე
ორიენტირებული უკუკავშირის გაცემა.
ასევე, არ უდნა დაივიწყოთ, რომ დავალებას ასრულებენ მოსწავლეები და არა თქვენ, ამიტომ აუცილებლად კითხეთ მათ ესმით თუ არა დავალების მიზანი და შესრულების სტრატეგია, როგორ აფასებენ დავალების სირთულეს და მიიჩნევენ თუ არა მას ახალ გამოწვევად.
შექების როლი უკუკავშირის მიწოდების პროცესში
რა კარგები იყავით და ქებამ გაწყინათ?! |
თქვენ არ ცდებით, ქება თუ არ სწყინთ, არც ეხმარებათ მოსწავლეებს, უფრო მეტიც, უკუკავშირი შექების გარეშე უფრო პოზიტიური ეფექტის მატარებელია, ვიდრე შექებასთან ეთად (Kluger DeNisi 1996).
პირველ ყოვლისა, შექება ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ თვისებებზე,
ან მის ძალისხმევაზე და არ შეიცავს ინფორმაციას რომელიც დავალების შესრულებას შეეხება. შედეგად, მოსწავლის ყურადღება გადააქვს უკუკავშირის
პირველი სამი დონიდან და ცოდნის განმტკიცების ან დავალების შესრულების განმეორებითი მცდელობისკენ არ
უბიძგებს(Hyland & Hyland 2006; Warner,Holle, & Hannover 2008).
მეორე, შექების ნეგატიური
ეფექტი უფრო მაღალია მაშინ როცა მოსწავლეები ვერ უმკლავდებიან გამოწვევებს, რადგან შესაძლო შეცდომის შიში იწვევს სირცხვილის განცდას და უბიძგებს მოსწავლეს
არ მოითხოვს უკუკავშირი ან/და თავიდან აირიდოს რეფლექსია(Skipper & Douglas
2011 ).
ცხადია, მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ რომ მათი შრომა დაფასებულია მაშინ როცა ამას იმსახურებენ. ჰეთი მართებულად მიიჩნევს, რომ შექება გამოყენებული იქნას როგორც პოზიტიური და უსაფრთხო სასკოლო კლიმატის შექმნის ინსტრუმენტი და არ იყოს გაზავებული დავალებისკენ მიმართულ უკუკავშირში(Hattie, 2012 ).
შეცდომების მიმართ მიმღეობის გაზრდა
იმედია ისე იმუშავებთ, რომ წითელი კალამი არ დამჭირდება!
|
სწავლა-სწავლების
პროცესში უკუკავშირის ეფექტურობის ერთ-ერთი წინაპირობა არის ის თუ როგორ რეაგირებენ
მოსწავლეები და მასწავლებლები შეცდომებზე( Hattie, 2012 ). იმისათვის რომ უკუკავშირმა
თავისი ფუნქცია შეასრულოს, უნდა არსებობდეს განვითარების შესაძლებლობა, აღნიშნული კი
იქმნება სწორედ შეცდომების დაშვების, გამოწვევების დაძლევისა და ახალი გამოცდილების
მიღების მცდელობის დროს. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით შეცდომების არიდების სურვილი
განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეები მხოლოდ მაშინ პასუხობენ მასწავლებელს, თუ დარწმუნებულები
არიან პასუხში, რაც უმრავლესობის შემთხევაში ხშირად არ ხდება. მეორე მხრივ, რაც უფრო
მეტად არის წახალისებული მცდელობა (შეცდომის შესაძლო რისკით), მით უფრო მაღალია მოსწავლეების
თავდაჯერებულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ( Heimbeck, Frese, Sonnentag,
& Keith, 2003).
მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ხელს უწყობდეს ისეთი
სასწავლო კლიმატის შექმნა კლასში, რომ დაშვებულ შეცდომაზე კლასელების გამოხმაურება
იყო მინიმალური. ასევე, სასურველია, შეცდომაზე მყისიერი მაკორექტირებელი უკუკავშირის
მიწოდება, რაც მოსწავლეებს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ შეცდომის დროულად აღმოჩენა
და გამოსწორება ერთი ნაბიჯით აახლოებთ დასახულ მიზანთან და არა პირიქით.
ყოველთვის როცა მოსწავლეები შეცდომას დაუშვებენ, გახსოვდეთ, რომ შეცდომის დაშვება ნიშნავს მცდელობას, მცდელობა კი თქვენი და თქვენი მოსწავლეების განვითარების ერთადერთი გზაა, მარტივად რომ ვთქვათ, „შეცდომის დაშვება სამყაროს დასასრული არ არის, მათ შორის, არც თქვენთვის“.
მოსწავლეების მიერ ერთმანეთისთვის მიცემული უკუკავშირის გაუმჯობესება
თქვენ ცალკე გაკვეთილი გაქვთ? შენთვის რა იცი, რომ სხვას ასწავლი ? |
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ აღმოაჩენთ, რომ კლასში, (შესაძლოა თქვენს გაკვეთილზეც კი) ვერბალური უკუკავშირის 80 % მოდის თანაკლასელებისგან. სამწუხაროდ, ინფორმაციის ძირითადი ნაწილი არ არის სწორი (Nuthall, 2007). თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს უკუკავშირის გაცვლის საშუალება
არ უნდა ჰქონდეთ.
ჰეთი მასწავლებლებს ურჩევთ შეიმუშაონ მოსწავლეებისთვის უკუკავშირის
სწავლების სტრატეგია. ერთ-ერთი სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად არის სკაფოლდინგი.
სკაფოლდინგის მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ინსტრუქციით, მხარდაჭერით, მოდელირების შესაძლებლობით და საორიენტაციო კითხვებით რათა მან შეძლოს დამოუკიდებლად დააკვირდეს თანაკლასელის სწავლის პროცესს და შეაფასოს ის წარმატების კრიტერიუმების შესაბამისად. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მათგანს გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები დავალების უკეთ შესრულების შესახებ და ასევე ჩაუღრმავდნენ საკუთარი სწავლის პროცესს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო დაბალია მოსწავლეების მიღწევები, მით უფრო ეფექტურია დეტალური ჩარჩო-ინსტრუქციების მიწოდება, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასევე ვითარდებიან, სწავლობენ და ინსტრუქციებიც ყოველთვის თანაბრად არ სჭირდებათ. იმის გასარკვევად კი თუ როდის უნდა მისცეთ მათ მკაფიო ინსტრუქცია, ან მეტი თავისუფლება, განმავითარებელი შეფასება დაგეხმარებათ.
უწყვეტი განმავითარებელი შეფასების დანერგვა სასწავლო პროცესში
თქვენ გჭირდებათ შეფასება და არა მე! |
მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა
უკავშირდება განმავითარებელი შეფასების გამოყენებას. განმავითარებელი შეფასება ჰეთის
მიხედვით, უკუკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლების
მხარდამჭერ ინსტრუმენტებს შორის ხარჯ ეფექტურობითაც გამოირჩევა.
განმავითარებელ შეფასებას ჰეთი (2012) მოიაზრებს
ეფექტური უკუკავშირის საფუძვლად, რომელიც ეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს შეაფასონ
საკუთარი პროგრესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღონ გადაწყვეტილებები თუ რა იქნება
საჭირო უკეთ სწავლის ან უკეთესად სწავლებისთვის. განმავითარებელი შეფასების შესახებ
სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ასევე აჩვენებს, რომ თუ განმავითარებელი შეფასება ინტეგრირებულია ყოველდღიურ სასწავლო პროცესში,
მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება 70-80 % ით ჩქარა მიმდინარეობას ( Leahy &Wiliam’s , 2009).
ამ შემთხვევაში ჰეთის მსჯელობა ორ საკვანძო
პრინციპს ემყარება:
- სწავლების პროცესი
თავისი არსით არის განმავითარებელი და საჭიროებს განმავითარებელ ინტერპრეტაციას გარემოში
მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების, ტესტის, თუ სხვა ნებისმიერი ფორმით მიღებულ ინფორმაციაზე
.
- განმავითარებელი შეფასება
ისევე სჭირდება მოსწავლეს საკუთარი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის, როგორც მასწავლებელს,
სწავლების დაგეგმვისა და მოსწავლეების მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათავისება,
რომ ძალისხმევა, რომელიც არ არის კონკრეტულ საჭიროებაზე ორიენტირებული, უშედეგოა და
ისევ და ისევ თქვენი, მასწავლებლების ფრუსტრაციას იწვევს და არც მოსწავლეებს ეხმარება.
შეჯამებისათვის შეიძლება ითქვას,
რომ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის პრაქტიკის
დანერგვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, მაგრამ შრომატევადი გზაა. იმისათვის, რომ
უკუკავშირი მოსწავლესაც და მასწავლებელსაც დაეხმაროს აუცილებელია გავერკვიოთ და
გავარკვიოთ მოსწავლეები სწავლების მიზნებში და დავეხმაროთ მათ შესაბამისი
ინსტრუქციით, განმავითარებელი შეფასებით თუ სხვა სტრატეგიით რათა თავად შეძლონ საკუთარი
შესაძლებლობების გამოცდა, ახალი ცოდნისა თუ გამოცდილების შეძენა ამასთან, მკაფიოდ
განვსაზღვროთ ზღვარი შექებას და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისკენ
მიმართულ უკუკავშირს შორის და შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც
მოსწავლეების ათავისუფლებს მარცხის შიშისგან, წაახალისებს ინიციატივისა და
თანამშრომლობისთვის.
დაბოლოს, სწავლა-სწავლების პროცესში უკუკავშირი მრავალმხრივი პროცესია და ყველა თანაბრად სასარგებლო ან უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვის. ეს კი პირველ რიგში დამოკიდებულია თქვენს დამოკიდებულებაზე უკუკავშირის მიმართ. შესაბამისად, ეფექტური უკუკავშირის მომზადებაზე ზრუნვა შეგიძლიათ რეფლექსიით დაიწყოთ და დაფიქრდეთ:
რატომ მიდიხართ სკოლაში თუ უკვე ყველაფერი ასწავლეთ? |