ხარისხის მართვის გამოწვევები ზოგადი განათლების სისტემაში

მომავალ წელს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წელს იზეიმებს. როგორ შევხვდებით ამ საიუბილეო თარიღს და როგორი იქნება მომავალი წელი არსებული პანდემიური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისების ფონზე, რთული სათქმელია. ასევე რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს განათლების სისტემა ამ მძიმე ვითარებისგან თავის დაღწევას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დარგში არსებული მდგომარეობა არც პანდემიამდე იყო სახარბიელო. არსებულმა კრიზისმა კი უფრო მეტად დაამძიმა , ზედაპირზე ამოატივტივა და გაამწვავა ყველა ის პრობლემა, რომელიც განათლებაში, უფრო კონკრეტულად კი, სასკოლო განათლების სფეროში არსებობდა. რთული მოსაძებნია საქართველოში ადამიანი, რომელიც კმაყოფილი იქნება განათლების ხარისხით და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ობიექტურადაც, სხვადასხვა კვლევებისა და შეფასებების მიხედვით, მდგომარეობა საკმაოდ დრამატულად გამოიყურება.

როდესაც განათლების ხარისხზე იწყება საუბარი ადამიანებს მისი განმაპირობებელი, უფრო სწორედ, ხელის შემშლელი არაერთი ფაქტორი შეიძლება გაახსენდეს. პრობლემური საკითხების ჩამონათვალში ხშირად ხვდება ისეთი საკითხები როგორიცაა: სასკოლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, დაფინანსება, ზედმეტად ცენტრალიზებული მართვა, სისტემის პოლიტიზაცია და სხვა. ცხადია, ეს ყოველივე მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პრობლემების მოგვარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ხარისხის მართვის, უზრუნველყოფისა და შენარჩუნების კომპლექსური სისტემების გამართვა წარმოადგენს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან მოყოლებული არაერთ დოკუმენტში იქნა ნახსენები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, თუმცა ამ მიმართულებით შედეგის მომტანი ნაბიჯების გადადგმა ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა.

მეათე მოწვევის პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად მისულმა მინისტრმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. მიუხედავად, მეტად არგუმენტირებული განსხვავებული მოსაზრებებისა, რთულია დაეთანხმო ან უარყო ბატონი მინისტრის ეს დასკვნა, რადგან ჩვენ (მათ შორის მინისტრს) უბრალოდ არ გვაქვს ხარისხის შეფასებისა და მართვის სისტემა არც ცენტრალურ და არც სკოლის დონეზე.

ბოლო ათწლეულების მანძილზე, არაერთი რეფორმისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნის მიუხედავად, ზოგადი განათლების სისტემამ მაინც ვერ მოახერხა მკაფიო პასუხის გაეცა ორ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე: რა არის ხარისხიანი განათლება და თანხმდება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო, სკოლა და საზოგადოება ერთიან ხედვაზე? როგორია განათლების ხარისხის თვალსაზრისით სკოლის დინამიკა და როგორ შევაფასოთ ის როგორც გარედან, ისე შიგნიდან? სწორედ ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო ხარისხის მართვის მექანიზმების დანერგვისათვის პირველი და აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად.

ზოგადი განათლების ხარისხის მართვის პროცესები შეგვიძლია ცალ-ცალკე განვიხილოთ როგორც მაკრო (სახელმწიფოს), ისე მიკრო (კონკრეტული სკოლის) დონეზე, მაგრამ პრაქტიკაში მათი დაცალკევებით შედეგის მიღწევა გაცილებით რთული იქნება.

 

დავიწყოთ მაკრო დონით. ჩვენს სახელმწიფოს, კანონებსა თუ მთავრობის დადგენილებებში გაკეთებული ჩანაწერებით, განსაზღვრული აქვს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, რომელთაგანაც ერთი ნაწილი (ლიცენზირება, აკრედიტაცია, ატესტაცია) აღარ ფუნქციონირებს, ხოლო მეორე ნაწილი  (ეროვნული შეფასება) ხორციელდება არასათანადო სიხშირითა და მასშტაბით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციას, როგორც ხარისხის მართვის ერთ-ერთ პროცესს. თუმცა ეს ხდება მხოლოდ კერძო და ახლად დაფუძნებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, თანაც საკმაოდ ხისტი და მოუქნელი სტანდარტებისა და პროცედურების პირობებში. რაც შეეხება საჯარო სკოლების ავტორიზებას, ის უკვე მესამედ, ახლა უკვე 2026-2027 წლებამდე გადაიდო. პრობლემებია ეროვნული შეფასების კუთხითაც, რადგან ის სულ რამდენიმეჯერ განხორციელდა. ბოლოს ასეთი შეფასება 2018 წელს ჩატარდა და ისიც მხოლოდ მათემატიკაში (მე-9 კლასი) და ქართულში, როგორც მეორე ენაში (მე-7 კლასი). ეს მოცემულობა, ნათლად აჩვენებს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ქვეყანაში არ არსებობს და რაიმე მსჯელობა ამ დროისთვის არსებულ მიღწევებსა თუ მომავალში დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანობაზე უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული და სუბიექტურია.

რაც შეეხება მიკრო ანუ სკოლის დონეზე ხარისხის მართვის პრინციპების დანერგვას, აქაც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთულად არის საქმე. ერთი მხრივ, დღეს სკოლებს არ გააჩნიათ არც გარე და არც შიდა მოტივატორები იმისათვის, რომ ხარისხზე ორიენტირებული სისტემები გამართონ და ეფექტიანად განახორციელონ, ხოლო მეორე მხრივ, ამისათვის არც ფინანსური და ადამიანური რესურსი უწყობთ ხელს. ცალკეული გამონაკლისები მხოლოდ კონკრეტული სკოლის ლიდერების ინიციატივაზე დგას და არ წარმოადგენს ქვეყანაში გავრცელებულ პრაქტიკას. სასკოლო სისტემა ამ ეტაპზე ბიუროკრატიული და მექანისტურია, რაც ნამდვილად არ ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის მართვის სისტემების დასანერგად. ასეთი დამოკიდებულება ხელს უშლის ინოვაციებისა და ინიციატივების წარმოშობას და სკოლის, როგორც ინსტიტუციურად მზარდი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.

ხარისხის მართვის სისტემის არსზე, თავისებურებებსა და დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამის შესახებ სხვა წყაროებიდანაც არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება, თუმცა  დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი ბალანსირების უწყვეტი ციკლი გარე და შიდა შეფასებებს შორის, რომლის საფუძველზეც მიიღება გაზიარებული გადაწყვეტილებები შედეგზე ორიენტირებული პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და რევიზიის შესახებ. ასეთი კომპლექსური სისტემის დანერგვა ზოგადი განათლების სისტემაში რთულ ამოცანას წარმოადგენს და საჭიროებს მაქსიმალურ სიფრთხილეს, რათა არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რომელებიც აქამდე დავუშვით.

პირველ და ხშირად განმეორებად შეცდომას, რომელიც ჩვენს რეფორმებს ახასიათებს, შეიძლება ვუწოდოთ იდეალისტური მიდგომა. ეს არის მიდგომა, როდესაც რეფორმა იგეგმება ფურცელზე არსებული რეალობის უგულებელყოფითა და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. არაერთხელ გვინახავს ინიციატივა, რომელიც ეყრდნობა დაშვებას, რომ, მაგალითად, უკლებლივ ყველა მასწავლებელი და სკოლის დირექტორი არსებული მიზერული ანაზღაურების პირობებში თავდავიწყებითა და ენთუზიაზმით ჩაერთვება ისეთ საქმიანობაში, რომელიც მათგან საკმაოდ მძიმე დამატებით დატვირთვას მოითხოვს. ასევე გვახსოვს დაშვება, რომ ადამიანები წარმატებით შეძლებენ საკუთარი პროფესიული პრაქტიკის შეფასებას ან ორგანიზაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის არც კომპეტენცია, არც მოტივაცია და არც რესურსი აქვთ. იმისათვის, რომ ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისას ასთი ტიპის შეცდომები ავირიდოთ, უმნიშვნელოვანესია არსებული სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი, გარე მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის გამართვა და მხოლოდ ამის შემდეგ, გადასვლა სიახლეების დანერგვაზე.

შემდეგ პრობლემას, ასევე კარგად ნაცნობი, უნიფიცირებული მიდგომა წარმოადგენს. ვისაც ზედაპირული შეხება მაინც ჰქონია განათლების სისტემასთან, ემახსოვრება, თუ როგორ ეძებდა ათწლეულების განმავლობაში სამინისტრო სკოლების მართვის ისეთ უნივერსალურ მოდელს, რომელიც ყველა სკოლაში ერთნაირად კარგად იმუშავებდა. ცხადია, რომ ასეთი მოდელის ძებნა აბსურდულია, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც სისტემაში არსებული სკოლები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეებით, პრობლემებითა და კლიმატური პირობებითაც კი. ხსენებული შეცდომის თავიდან აცილება შესაძლებელია დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკით, რომელის შესახებაც განათლების კოალიციამ 2015 წელს დაიწყო საუბარი და ახლა უკვე სამინისტროს სამომავლო რეფორმის ანონსებშიც კი ვხვდებით. ასეთი მიდგომა განათლებაში ხარისხის მართვის სისტემების დანერგვისა და განვითარებისათვის განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან თავად ეს სისტემა დგას განსხვავებულობაზე, მრავალფეროვნებასა და არაორდინალური ინიციატივების წახალისებაზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სკოლებმა, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, თავიანთი სურვილისამებრ შექმნან ხარისხის მართვის გამორჩეული სისტემები.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვან და ტიპურ პრობლემას წარმოადგენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ჩართულობის დაბალი ხარისხი. ეს ეხება არამარტო სისტემის გარეთ მყოფ ორგანიზაციებსა და სპეციალისტების ჩართულობას, არამედ სისტემის შიგნით მოქმედ ერთეულებს შორის დაბალ კოორდინაციასაც. არაერთხელ მომხდარა, რომ სამინისტროს ან რომელიმე მნიშვნელოვანი სსიპ-ის (NAEC, TPDC, EQЕ, EMIS, ESIDA) მიერ შემოთავაზებული ცვლილება აღმოჩენილა სიურპრიზი სიტემის სხვა მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ცვლილებასთან დაკავშირებული ერთეულებისთვის. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებები  ხშირად გამხდარა სისტემის შიგნით გაურკვევლობისა და კონფლიქტების საფუძველი.  რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. როგორც წესი, ხელისუფლებას სიახლეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები განსახილველად გამოაქვთ მაშინ, როდესაც მასში ცვლილებების შეტანა აღარ განიხილება. რეფორმების ასე კარჩაკეტილად დაგეგმვა რისკების არასათანადო შეფასებას, დაბალ მიმღებლობას და, საბოლოო ჯამში, სასარგებლო იდეების დისკრედიტაციასაც კი იწვევს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღეს, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ სექტორში მნიშვნელოვანი ცოდნა, ინსტიტუციური მეხსიერება და  გამოცდილება არის დაგროვებული. მომხდარა ისეც, რომ სისტემას უარი უთქვამს მაღალი კვალიფიკაციის ქართველი ექსპერტების უფასო კონსულტაციებზე და პარალელურად კოლოსალური თანხები დაუხარჯავს უცხოელ სპეციალისტებზე, რომელთათვის საქართველოში არსებული კონტექსტი და თავისებურებები სრულიად უცხო იყო. ასეთი ძვირფასი რესურსების არაეფექტური გამოყენება ან საერთოდ გამოუყენებლობა  შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის ტოლფასია ჩვენნაირი შესაძლებლობის მქონე ქვეყანაში. შესაბამისად, საჭიროა, რომ განათლებაში ხარისხის მართვის რეფორმის დაგეგმვის საწყისი ეტაპიდანვე იქნეს უზრუნველყოფილი ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, განათლებისა და მართვის დარგის სპეციალისტები და სასკოლო თემის წევრები.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღწერილი გზები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ხარისხის განვითარების სისტემის დანერგვას ზოგად განათლებაში, თავადაც არის ხარისხის მართვის პროცესებისათვის დამახასიათებელი ნიშნების მატარებელი. შესაბამისად, სიტუაციის ანალიზზე დაფუძნებით, მაღალი ჩართულობითა და დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებით თუ მოხდება ამ რეფორმის დაგეგმვა, შეგვეძლება ვთქვათ, რომ, ავტომატურად, მისი მაკრო დონეზე დანერგვის გზაზეც, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვექნება  გადადგმული.