სკოლა-ლაბის პროგრამის საგანმანათლებლო ასოციაციების მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში 2023-24 წლებში განხორციელებული პროექტები

სახელმწიფო ენის ასოციაცია

პროექტის დასახელება: „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და სასკოლო საზოგადოებისათვის ახალი სერვისების განვითარება და დანერგვა“

პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო კურიკულიმის განვითარების მხარდაჭერას სამიზნე 11 სკოლაში. ჯამში ჩართული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის 25 პედაგოგი. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგნობრივ სტანდარტზე დაფუძნებული  დავალებათა მომზადების ინსტრუქციები, ისტის გამოყენების შესახებ დამხმარე მასალები. პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, გადამზადებისა და კონსულტაციის საფუძველზე მასწავლებლებმა შეიმუშავეს და მოამზადეს გაკვეთილის სცენარები/გეგმები, განხორციელდა გამოცდილების გაზიარების აქტივობები.

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ასოციაციის ვებგვერდი – www.ssema.edu.ge, რომელზეც პროექტის შედეგების შენარჩუნებისა და გავრცობის მიზნით განთავსდა მასწავლებელთა მიერ მომზადებული მასალები.

ასოციაცია ბიო
პროექტის დასახელება: „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა ბუნებისმეტყველების დაწყებით საფეხურზე”

პროექტის მიზანი იყო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა სხვადასხვა რეგიონის სკოლების დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების სწავლებისას. პროექტში საწყის ეტაპზე ჩართული იყო 5 სკოლის დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. აღნიშნულ სკოლებთან ტრენინგებისა და საკონსულტაციო ვიზიტების საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი რესურს-პაკეტები 1-6 კლასებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტი მამოტივირებელი გახდა სხვა სკოლების მასწავლებლებისათვის, რის შემდეგაც პროექტს შემოუერთდა დამატებით 25 სკოლა. ჯამში, პროექტში ჩაერთო 30 სკოლის 150-მდე მასწავლებელი.

პროექტის ბოლოს შემუშავდა სპეციალური გზამკვლევი დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის. მასში წარმოდგენილია I-VI კლასისათვის პროექტ-პაკეტები. პროექტებში არსებული მასალები და აქტივობები ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის შეძენა-განვითარებას, ასევე საგნისადმი მეტ ინტერესსა და ათვისებული მასალის განმტკიცებას. სახელმძღვანლო ასევე ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.
https://www.association-bio.ge/

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
პროექტის დასახელება: STEM ასისტენსი

პროექტი STEM-ასისტენსი წარმოადგენს მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასკოლო- კვლევითი პროექტების შემუშავება-განხორციელებაში დახმარების ერთგვარ სადგურს. STEM-ასისტენსს აქვს საკუთარი ვებგვერდი https://chemistry.ge/stem. პროექტის ფარგლებში შემუშავდა და ვებ-გვერდზე განთავდა 14 სანიმუშო კვლევითი პროექტი, რომელზეც წვდომა თავისუფალია. თითოეულ შემუშავებულ პროექტზე ჩატარდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა (სასკოლო კლუბების) ტრენინგი. ტრენინგზე განიხილებოდა შემუშავებული პროექტის კლუბში იმპლემენტაციის გზები და მეთოდები.

STEM-ასისტენის ფიზიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში სკოლა/კლუბი აკეთებდა შესაბამის განაცხადს პროექტის ვებგვერდზე, რომლის საფუძველზეც STEM-ასისტენტი სტუმრობდა სკოლას ან ხვდებოდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ეხმარებოდა ექსპერიმენტის ჩატარებაში.

ჯამში, პროექტით ისარგებლა 58-მა საჯარო და კერძო სკოლამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 700-მდე მასწავლებელმა და 400-მდე მოსწავლემ. ჩატარდა 87 კონსულტაცია/ვიზიტი. მათ შორის აგრარულ უნივერსიტეტში 48, სკოლებში 20 – და ონლაინ – 19. შემუშავდა 14 სასკოლო-კვლევითი პროექტის პროტოტიპი და ჩატარდა შესაბამისი ტრენინგი.
https://chemistry.ge/stem/index.php

ფონდი „დიოგენე”
პოექტის დასახელება: ხარისხის მართვის შიდასასკოლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში

პროექტის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის შიდასასკოლო მექანიზმის შემუშავება, რომელიც სკოლებს დაეხმარება თავიანთი დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოიყვანონ ავტორიზაციის სტანდარტებთან.

პროექტის განმახორციელებელი გუნდის მიერ დამუშავდა ფართო სპექტრის პროფესიული ლიტერატურა, შემუშავდა ინსტრუმენტები, რომელთა გამოცდა და ადაპტირება განხორციელდა სამ სამიზნე სკოლაში. პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე კი შეიქმნა საბოლოო პროდუქტი გზამკვლევი ხარისხის განვითარების შიდასასკოლო ჯგუფებისთვის „სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა სკოლაში“.  გზამკვლევმა დიდი ინტერესი გამოიწვია საგანმანათლებლო საზოგადოებაში, რის შედეგადაც იგი დიოგენეს გამომცემლობის მიერ სარეალიზაციოდ არის წარმოდგენილი.
https://diogene.ge/ka/shop/1295-sastsavlo-protsesis-khariskhis-martva-skolashi

მშობელთა ხიდი
პროექტის დასახელება: ახალი გზავნილი

საქართველოში სსსმ მოსწავლეებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი ადაპტირებული რესურსები ბუნებისმეტყველებაში. ამ პრობლემის დაძლევისთვის ა(ა)იპ „მშობელთა ხიდმა“ განახორციელა პროექტი „ახალი გზავნილი“, რომლის მიზანია სსიპ ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლის, როგორც რესურს სკოლის მიერ – სხვა სკოლებში სსსმ მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის, ადაპტირებული საგანამანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი პლატფორმა: www.specialeducation.ge,  რომელზეც საჯაროდ განთავსდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ადაპტირებული რესურსები. მათ შორის: ოთხი დონის ვიზუალური ალბომი, მეთოდოლოგიური გზამკვლევები მასწავლებლებისა და სსსმ მოსწავლეთა მშობლებისთვის, სამუშაო ფორმები, პოსტერები ბუნებისმეტყველებაში. მასალები მორგებულია მათთვის ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო ესაჭიროება უფრო მარტივი, ადაპტირებული სასწავლო მასალა. რესურსები არამარტო მარტივია, არამედ მიმზიდველიც, მათი გამოყენებით სსსმ მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესი უფრო სახალისო და შედეგზე ორიენტირებულია.

https://specialeducation.ge/about