სასკოლო კვებას საფრანგეთში თითქმის ორ საუკუნოვანი ისტორია აქვს და იგი პირდაპირ სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე არ დაწყებულა. სადილი საფრანგეთის სკოლაში პირველად 1844 წელს გამოჩნდა და გაჭირვებული ბავშვებისთვის ცხელი კერძის შეთავაზებას ისახავდა მიზნად. მართალია იგი ცალკეული სკოლის ბაზაზე დაიწყო, მაგრამ დღეისათვის 3-17 წლამდე ასაკის 8.5 მილიონ მოსწავლეს ემსახურება. სკოლის თითქმის ყველა ბავშვს აქვს სასკოლო სასადილოებზე წვდომა, მაგრამ დაწყებით კლასებში მხოლოდ 65% სარგებლობს, საშუალო სკოლაში ეს რიცხვი 70%-მდე იზრდება. პროგრამაში არ მონაწილეობის მიზეზი უმეტესად სახლიდან წამოღებული საკვებია. თუმცა ამ შემთხვევაშიც მოსწავლეებს ესაჭიროებათ სივრცე, სადაც შეძლებენ კვებას. აღნიშნულის საშუალებას კი ფრანგული სკოლები და მათი გამართული სასადილოები ნამდვილად იძლევა.
როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთში სასკოლო კვების ისტორია 1884 წლიდან იღებს სათავეს, მაგრამ სახელმწიფო დონეზე იგი 1971 წელს იწყება, თუმცა სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. სწორედ ამ წელს რეკომენდაციის სახით განათლების სამინისტრომ გამოსცა სახელმძღვანელო მითითებები სასკოლო კვების შესახებ, რომელიც დროთა განმავლობაში რევიზიასა და ცვლილებას ექვემდებარებოდა, სავალდებულო ხასიათი კი 2011 წლისათვის შეიძინა. ბოლო წლების ცვლილებებმა სასკოლო კვება ეროვნული პოლიტიკის ცენტრშიც კი მოაქცია. აიკრძალა სკოლის ტერიტორიაზე საკვები ავტომატების განთავსება და განისაზღვრა საკვების მიწოდების რაოდენობა და სიხშირე, ძალაში შევიდა საკვები ნარჩენების სავალდებულო დიაგნოსტიკა და ვეგეტარიანული მენიუს აუცილებლობა კვირაში ერთი დღე. ამავე დროს, 2019 წელს შეიქმნა სასკოლო კვების ეროვნული საბჭო, რომელიც აღნიშნული პროგრამის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი. საბჭო დაინტერესებულ მხარეებთან მართავს კონსულტაციებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი აქტორი ჩართოს პროცესებში. თითოეული რეგულაცია და სტანდარტი, საბოლოო ჯამში, ემსახურება სწორი და დაბალანსბეული კვების ხელშეწყობას.
საფრანგეთში სასკოლო კვების მთავარი მიზანი მოსწავლეების ფიზიოლოგიური და კვებითი საჭიროებების დაკმაყოფილებაა, რაც ხელს უწყობს მათი კონცენტრაციისა და ყურადღების შენარჩუნებას საგაკვეთილო პროცესში. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან.
დაბალანსებული და ჯანსაღი საკვების აუცილებლობა კანონით რეგულირდება. დიდი ყურადღება ექცევა მდგრადი და ორგანული პროდუქტების გამოყენებას. მკაცრად რეგულირდება ნახშირწყლებისა და ტრანსცხიმების რაოდენობა, პროგრამა მიმართულია მის შემცირებაზე, ხოლო მეორე მხრივ საჭირო ვიტამინებისა და მინერალების უზრუნველყოფაზე. თუმცა პროდუქტის სიჯანსაღესთან ერთად, მნიშვნელოვანია ბალანსისა და მრავალფეროვნების დაცვა. კვების ფრანგული გაიდლაინები უზრუნველყოფს, რომ თითო კვებაზე მოსწავლეებს მიეწოდოთ ოთხ ან ხუთ კომპონენტიანი ლანჩი, რომელთაგანაც ერთი უნდა იყოს მთავარი (ცილოვანი) კერძი გარნირითა და რძის პროდუქტით. ბავშვის ასაკის შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იყოს პორციის ზომა და წყლის, პურის, მარილისა და სოუსების მირთმევის წესი. ამავე დროს, ყოველი ოცი კვებიდან 15%-ზე მეტი ცხიმის შემცველი შემწვარი პროდუქტი 4-ზე მეტჯერ არ უნდა იყოს მიწოდებული. კვირაში ერთი დღე აუცილებელია ვეგეტარიანული საკვების ჩასმა მენიუში. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ვეგეტარიანული მენიუ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით მომარაგებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი ცილების დღიური დოზის 75%-ს სთავაზობს მათ. გარდა ამისა, ამგვარი მენიუ გარემოზე დაბალი ზემოქმედებით გამოირჩევა, რაც ზრდის მის მდგრადობას. კვების მენიუს, სიხშირისა და მრავალფეროვნების რეგულირება პროგრამაში მოსწავლეთა მაქსიმალურ მოზიდვას და ჯანსაღი კვების კულტურის განვითარებას ემსახურება. თითოეული კერძის მომზადება თუ მოსწავლეებისათვის მიწოდება მკაცრ ჰიგიენურ სტანდარტებს ემორჩილება.
ვინ უზრუნველყოფს კვებას? ჩვეულებრივ სასკოლო კვებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტია. ისინი უზრუნველყოფენ მთლიანად სასკოლო კვებასთან დაკავშირებული ყველა სერვისის ფუნქციონირებას. ზოგ შემთხვევაში (2016 წლისთვის 40%) მუნიციპალიტეტები საკვების მომზადებასა და შეძენაზე მესამე პირთან დებენ კონტრაქტს. თუმცა აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწოდებული საკვების ხარისხი უკეთესია. თავად სკოლებში ამ პროცესს სკოლის ფონდი წარმართავს. თითო კვება ერთ მოსწავლეზე საშუალოდ 2.76 ევრო ჯდება და რეგულაციის მიხედვით, მისი ფასი არ შეიძლება თვითღირებულებაზე მეტი იყოს. მართალია უმეტესად მშობლები ფარავენ ლანჩის საფასურს, მაგრამ ის თუ რა თანხა უნდა გადაიხადონ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტი და დამოკიდებულია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე. თანხის რაოდენობის დასადგენად დგება „ოჯახის კოეფიციენტი“, რომელიც გამოითვლება მათი შემოსავლის, მიღებული შეღავათებისა და შინამეურნეობის ზომის მიხედვით. საშუალოდ ოჯახი 1,69 ევროს იხდის. მიუხედავას ამისა, რეკომენდირებულია ფასის ერთ ევრომდე დაყვანა, რათა პროგრამა მეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის. მუნიციპალიტეტის მიერ სასკოლო კვების პროგრამის განხორციელება გარკვეულწილად ხარჯებს ამცირებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ შესყიდვები და ნარჩენების მართვა ცენტრალიზებულად ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ეს ცალკეული ორგანიზაციის ან სკოლის შემთხვევაში იქნებოდა. გარდა ამისა, პროდუქტის დიდი რაოდენობის გამო, მარაგის მენეჯმენტი უკეთესად ხორციელებდა. ჯანსაღი კვების წახალისებასთან ერთად, პროგრამა გამოყენებულია ადგილობრივი მცირე და საოჯახო ფერმების მხარდასაჭერადაც.
რესურსი მომზადებულია სასკოლო კვების გლობალური კოალიციის ინიციატივით სასკოლო ჯანმრთელობისა და კვების კვლევის კონსორციუმის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://researchonline.lshtm.ac.uk/id/eprint/4671091/