ფინეთი: მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ 1948 წელს უფასო სასკოლო კვება დანერგა. კვება შედგება თბილი ძირითადი კერძისგან, ასევე ბოსტნეულისა და სასმელისგან, რომელიც შეიძლება იყოს უცხიმო ან ნახევრად უცხიმო რძე ან წყალი. კვება ასევე გამოყენებულია, როგორც პედაგოგიური ინსტრუმენტი ჯანსაღი ცხოვრების წესის, მანერებისა და კვების კულტურის სასწავლებლად. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო კვების ორგანიზება ასევე მოიაზრებს მოსწავლეებისა და მშობლების ჩართვას თავად პროცესში. პროგრამის მონიტორინგს მუნიციპალიტეტები ახორციელებენ.
საფრანგეთი: შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებისათვის საკვების მირთმევის სწავლება ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც საბაზო წიგნიერების სწავლება. სახელმწიფო მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან და ჯანსაღ საკვებს, რომელიც მოიცავს ბოსტნეულის სტარტერს, ცხელ კერძსა და დესერტის სახით ახალ ხილს. შეზღუდულია შემწვარი, მაღალცხიმიანი და შაქრის მაღალი შემცველობის საკვები. ამავე დროს მინიმალური დრო ლანჩის მისართმევად განსაზღვრულია ნახევარი საათით, რაც სოციალიზაციასაც უწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციებთან შესაბამისობას მონიტორინგს მუნიციპალიტეტი უწევს, ასევე მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ფასებს ეროვნული კანონის ლიმიტების შესაბამისად.
იტალია: რომში მოქმედებს ძალიან პროგრესული სასკოლო კვების პროგრამა. ყოველდღიურად 740 საჯარო სკოლაში 150 000 ულუფა მზადდება. საკვების 96% ნულიდან მზადდება და ინგრედიენტების 70% ორგანულია. გამოყენებულია ადგილობრივი პროდუქტები სეზონურობის მიხედვით. მის საფუძველზე ექსპერტებმა შეადგინეს მრავალფეროვანი მენიუები ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურებას ახორციელებენ კვების კერძო კომპანიები, რომლებსაც ხელშეკრულებას უდებს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი იმავდროულად ქირაობს ზედამხედველ კომპანიასაც, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის მონიტორინგზე.
როგორც ამ სამი ქვეყნის მაგალითზე იკვეთება, სასკოლო კვების პროგრამების მართვა დეცენტრალიზებულად ხორციელდება და კვება განიხილება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სოციალიზაციისა და განათლების გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად.