როგორ შევაფასო ღია რესურსების ხარისხი ? – ილონა კირტავა

ღია საგანმანათლებლო რესურსებზე მარტივი წვდომა, ვებ-გვერდების მრავალფეროვნება და გამოქვეყნებული მასალების უფასო გამოყენების შესაძლებლობა  მომხმარებელს კითხვას უჩენს – რამდენად ხარისხიანია კონკრეტულ OER გვერდებზე გამოქვეყნებული მასალა? როდესაც მომხმარებელი ეცნობა გარკვეულ რესურსს ფიქრობს, თუ რომელ წყაროზე და სახელმძღვანელოზე დაყრდნობით შეიქმნა  სასწავლო რესურსი, ინდივიდის თუ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერაა იგი შექმნილი, რამდენად სანდოა და სხვა.

ხარისხის საკითხი, განსაკუთრებით ღია საგანმანათლებლო რესურსებთან მიმართებით, ყოველთვის იყო განხილვის საგანი. ღია საგანმანათლებლო რესურსის ხარისხის საკითხი ეხება როგორც ტექნიკურ შესრულებას, ასევე მის შინაარს. იმისთვის, რომ შევაფასოთ ჩვენთვის საჭირო სასწავლო მასალა, სასურველია,  ვნახოთ აკმაყოფილებს თუ არა იგი შემდეგ საკვანძო მოთხოვნებს:

  • მასალის შინაარსი – რამდენად შეესაბამება  მოცემული მასალა განხილულ თემას;
  • მასალის სისწორე  – მასალის სისწორის დასადგენად უნდა დავსვათ რამდენიმე შეკითხვა: რამდენად აქვს მასალის ავტორს  ამ სფეროში გამოცდილება? გამოქვეყნებულ მასალაში ხომ არ არის  დაშვებული შეცდომები? ამომწურავია თუ არა ყველა კითხვაზე პასუხი? ხომ არ არის   თემასთან დაკავშრებული რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩენილი ? სხვადსხვა ვებ-გვერდზე შესაძლოა ვნახოთ გაფრთხილება „ შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს “. რამდენად შეიძლება ასეთ დროს ვენდოთ ასეთ მასალას ?
  • გამოყენებადობა – აქ ორი მთავარი ასპექტია გასათვალისწინებელი. ღია საგანმანათლებლო რესურსების შინაარსი პასუხობს თუ არა ჩვენი კურსის სასწავლო მიზნებს და ხომ არ საჭიროებს იგი გარკვეულ ადაპტაციას  
  • ღიაობა – როგორც ვიცით, ღია საგანმანათლებლო რესურსებისთვის გვაქვს Creative Commons-ის ლიცენზიები. ეს ლიცენზიები სხვადასხვა სახისაა და შესაბამისად, სხვადასხვა უფლებას ანიჭებს გამომყენებელს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ლიცენზიის ფორმას. აღსანიშნავია, რომ ლიცენზია, რომელიც გვაძლევს უფლებას ავტორის მასალა შევცვალოთ და ჩვენს საჭიროებებს მოვარგოთ, ართულებს შინაარსის კონტროლს და გამოყენებული მასალის სიზუსტის დადგენა რთულდება.

ღია საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელებისთვისაც მნიშვნელოვანია მათი მასალის ხარისხი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ავტორები არიან სასწავლო რესურსის ხარისხის გარანტორები. რა თქმა უნდა, OER პლატფორმების კონტრიბუტორ მასწავლებლებსაც აქვთ გაწერილი მოთხოვნები, რომლებსაც მათი ნამუშევრები უნდა პასუხობდნენ. ღია საგანმანათლებლო რესურსების ავტორებისა და მომხმარებლების ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები თანაკვეთაშია, როდესაც ყურადღებას ამახვილებენ მასალის შინაარსსა და , სისწორეზე, გამოყენებადობასა და ღიაობაზე. დამატებითი კრიტერიუმები, რომლებზეც OER-ის შემქმნელები ყურადღებას ამახვილებენ გახლავთ:

  • ვიზუალური შესრულება და დიზაინი –  თემატიკიდან გამომდინარე, სასურველია მოდულების, ნახაზების, ცხრილების და მონაცემების გამოყენება. ტექსტი უნდა იყოს წაკითხვადი, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ავტორის იდენტიფიცირება
  • გადმოსაწერი მასალის ზომა – დიდი ზომის ფაილის გადმოწერა დროსთან არის დაკავშირებული. ავტორი უნდა ეცადოს გაუმარტივოს მომხმარებელს პროცედურა და რესურსის გაცნობის მსურველს მასალის მარტივი გამოყენების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
  • ტექნიკური მხარე – ტექნიკურმა მხარემ, შესაძლოა OER-ის ხარისხზე მოახდინოს გავლენა და მომხმარებელს შეექმნას ინფორმაციის მიღების  პრობლემა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მასალა აუდიო თუ ვიდეო სახითაა წარმოდგენილი. თუ ავტორს არ შეუძლია ამ სახით მასალის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა, სჯობს მასალა ტექსტის სახით წარმოადგინოს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ღია საგანმანათლებლო რესურსების ხარისხის თემას არის, თუ როგორ მართავენ თავად პლატფორმები ამ პროცესს,  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ვებ პორტალი შესაძლებელია შემდეგი სახის ერთ-ერთ მექანიზმს ან მათ კომბინაციას იყენებდეს:

  1. თვითშეფასება – მასალის ხარისხს თავად კონტრიბუტორი განსაზღვრავს, საამისოდ შესაძლებელია გამოქვეყნებამდე ავტორი მის მიერ შექმნილი მასალის გარკვეულ სტანდარტზე დაფუძნებით თვითშეფასებას აკეთებდეს;
  2. შიდა ხარისხის მართვის პროცედურა – მასალას გამოქვეყნებამდე ამოწმებენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები და ადასტურებენ მის შესაბამისობას;
  3. შეფასების (რეიტინგული) სისტემა – ვებ-გვერდების მომხმარებლებს თავად აქვთ შესაძლებლობა ქულების მეშვეობით შეაფასონ მათ მიერ გამოყენებული და გაცნობილი მასალა  და გამოავლინონ მაღალრეიტინგული და მოთხოვნადი რესურსები
  4. ინდივიდუალური შეფასება/რევიუ – კომენტარები და რჩევები, რომლებსაც კონკრეტული პირები და უფლებამოსილი ორგანიზაციები აძლევენ გამოქვეყნებულ მასალას. თავად რესურსის ავტორები ხშირად დილემის წინაშე იყვნენ გაებედათ თუ არა მასალის გამოქვეყნება. შესაბამისად,  გამოქვეყნებული  მასალის საჯარო და საყოველთაო შეფასების/რევიზიის/კომენტირების საპირწონედ, გაჩნდა შესაძლებლობა ავტორმა თავად განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია უკუკავშირის გაზიარება. ეს შეიძლება იყვნენ მისი კოლეგები, სხვა კონტრიბუტორები, ექსპერტები თუ სხვა.

მასალების რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო მზარდი გახდა დამოუკიდებელი ექსპერტული შეფასებისა და რევიუს მოთხოვნა. მაგალითის სახით სწორედ ამ კონტექსტში ჩამოყალიბდა   არაკომერციული ორგანიზაცია https://edreports.org/, რომელიც ასეთი დამოუკიდებელ შეფასებას უზრუნველყოფს და მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სწავლა- სწავლების ღია მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

საინტერესოა,   თუ რა საშუალებებს მიმართავენ წინა სტატიაში განხილული OER პლატფორმები მასალის ხარისხის დასადგენად.

  • https://www.curriki.org/ –  მოცემული გვერდი გვაძლევს შესაძლებლობას ფილტრის საშუალებით ვიპოვოთ სასურველი ხარისხის მასალა. ვებ-გვერდი გვთავაზობს მასალებს, რომლებსაც შეფასებულია წევრების მიერ, ან  თავად გვერდმა მიანიჭა რეიტინგი და ასევე იმ მასალებსაც რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტული საგნისთვის დაწესებულ ხარისხის ნორმებს.
  • https://www.ck12.org/ – ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი მასალა მოწმდება კონკრეტული დარგის სპეციალისტის მიერ. აქვე ნახავთ გამოქვეყნებული მასალა რომელ სტანდარტებს შეესაბამება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა კომენტარებისა და ქულების საშუალებით დააფიქსირონ თავიანთი აზრი.
  • https://www.oercommons.org/ – OER-ის შემქმნელი თავად უზრუნველყოფს მასალის ხარისხს.  როგორც სხვა შემთხვევებში, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუტოვონ ავტორს კომენტარები და შენიშვნები და შეაფასონ მისი ნამუშევარი ქულებით.