დეკემბრის დასაწყისში ,,სკოლალაბის’’ გუნდი სასწავლო ტურის ფარგლებში პოლონეთში ვიყავით. 1 კვირის განმავლობაში შევხვდით განათლების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებმაც გაგვაცნეს პოლონეთის განათლების სისტემა, გვიამბეს მისი განვითარების ისტორიის შესახებ და გაგვიზიარეს მათი გულისტკივილი მიმდინარე რეფორმის გამო. ამავდროულად, ვეწვიეთ სკოლებსა და უნივერსიტეტს – ამ ვიზიტებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ძველი ქართული ანდაზის ჭეშმარიტებაში: ,,გაგონილს ნანახი ჯობიაო.’’ აღმოჩნდა, რომ ჩვენი პოლონელი კოლეგების ამაყი და თავმომწონე საუბრები მათი ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ სულაც არ ყოფილა საფუძველს მოკლებული და მათ მიერ აღწერილი რეფორმები მხოლოდ ფურცელზე არ გატარებულა. ორივე სკოლაში იგრძნობოდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი არის კარგად გააზრებული, დაგეგმილი და თანმიმდევრული და ამ პროცესის ცენტრში არიან ბავშვები, რომლებსაც, სხვათაშორის, ძალიან გაუხარდათ ,,ეგზოტიკური’’ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების ხილვა.
ერთი სიტყვით, პოლონეთში გატარებული ერთი კვირის შემდეგ ფრიად მოხიბლული ვიყავი არა მხოლოდ ქვეყნით, არამედ ამ ქვეყნის განათლების სისტემითაც.
ჩემი მოხიბლულობა კიდევ უფრო გამყარდა 3 დეკემბერს, ჯერ კიდევ ჩვენი იქ ყოფნისას, როცა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის, PISA 2018-ის შედეგები დაიდო. PISA 15 წლის მოსწავლეების ცოდნას 3 მიმართულებით ამოწმებს: წიგნიერება, მათემატიკა და მეცნიერება.
სამივე მიმართულებით პოლონეთი მოწინავე ქვეყნებს შორისაა: წიგნიერებასა და მათემატიკაში ნაჩვენები შედეგებით 80 ქვეყნიდან მე-10 პოზიციაზეა, ხოლო მეცნიერებაში – მე-11. თუკი მარტო ევროპულ ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ ის წიგნიერებაში მხოლოდ 3 ქვეყანას ჩამორჩება(ესტონეთი, ფინეთი და ირლანდია), ხოლო მათემატიკასა და მეცნიერებაში სულაც 2-ს (ესტონეთი და ჰოლანდია; ესტონეთი და ფინეთი).
შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პოლონელი მოსწავლეების მიერ მიღებული ქულები მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საშუალო მაჩვენებელს. მაგალითად, წიგნიერებაში პოლონელი მოსწავლეების ქულა 512 იყო (OECD-ის საშუალო: 487), მათემატიკაში – 516 (489), ხოლო მეცნიერებაში – 511 (489).
თუ გადავხედავთ PISA-ს წინა წლების შედეგებს, პოლონეთის წინსვლა თვალშისაცემია. მაგალითად, როცა პირველად მიიღო პოლონეთმა ტესტირებაში მონაწილეობა, მისი მოსწავლეების ქულები ასე გამოიყურებოდა: წიგნიერებაში (2000 წელს) – 479, მათემატიკაში (2003 წელს) – 490, ხოლო მეცნიერებაში (2006 წელს) – 498. წიგნიერების და მათემატიკის შემთხვევაში პოლონელი მოსწავლეების მიერ მიღებული ქულები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა OECD-ის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მეცნიერების შემთხვევაში – მხოლოდ ოდნავ აღემატებოდა.
პროგრესი შესამჩნევია არა მხოლოდ 15-20 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, არამედ PISA 2015-ის შედეგებთან შედარებითაც: წიგნიერება – 506 (2018-ში-512), მათემატიკა – 504 (516), მეცნიერება – 501 (511).
შედეგების მთლიან დინამიკასაც რომ გადავხედოთ, 2000 წლიდან მოყოლებული, 2015 წლის გარდა, PISA-ს ყოველ მომდევნო ტესტში პოლონელი მოსწავლეების ქულები უმჯობესდებოდა.
რამ გამოიწვია პოლონური განათლების სისტემის ასეთი სწრაფი და შეუქცევადი პროგრესი?
ყველაფერი 1999 წელს დაიწყო, როცა პოლონეთში მასშტაბური განათლების რეფორმის გატარება დაანონსდა. იმ დროისთვის ქვეყანა ევროკავშირში შესვლისკენ ისწრაფვოდა და ცდილობდა, პოლონური განათლების სისტემა ევროპული ნორმების შესატყვისი გამხდარიყო.
სწორედ ამიტომ, პოლონელებმა დაიწყეს სისტემის დეცენტრალიზება და ახალი ტიპის სკოლების შექმნა. შეიცვალა სასკოლო განათლების სტრუქტურა, რომელიც გახდა სამდონიანი: დაწყებითი საფეხური – 6 წელი, საბაზისო – 3 წელი და საშუალო -3 წელი. ამ მოდელით ჩანაცვლდა მანამდე არსებული მოდელი, რომელიც გულისხმობდა დაწყებითი საფეხურის 8 წელს და შემდეგ საშუალო საფეხურის 4 წელს. ამრიგად, 6+3+3 რეფორმის შედეგად შემცირდა დაწყებითი საფეხურის კლასების რაოდენობა, სამაგიეროდ დაემატა ახალი, საბაზისო საფეხური, ე.წ. გიმნაზია. გიმნაზიის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წერდნენ გამოცდას, რომლის შედეგიც განსაზღვრავდა, თუ სად გააგრძელებდნენ მოსწავლეები სწავლას: საშუალო სკოლაში, თუ პროფესიულ სკოლაში. ფაქტობრივად, გიმნაზიის როლის შემოტანით, პოლონეთში ზოგადი, საყოველთაო სასკოლო განათლება სავალდებულო გახდა 9 კლასის ჩათვლით – ერთით მეტით, ვიდრე ამას წინა მოდელი ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, შეიცვალა მასწავლებლის როლი და ფუნქცია – მხოლოდ ენციკლოპედიური ცოდნის გადაცემის ნაცვლად, მასწავლებელს, პირველ რიგში, ბავშვის კარგ მოქალაქედ აღზრდაზე უნდა ეზრუნა. მასწავლებლები უკვე თვითონ წყვეტდნენ, როდის ყოფილიყო დასვენება (ცხადია, ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით). მეტი დრო გამოეყო ფიზიკურ აქტივობებს გაკვეთილზე; განმსაზღვრელი შეფასების სისტემა შეიცვალა განმავითარებელი შეფასებით – სემესტრის შუაში და ბოლოს.
ამ ყველაფრის შედეგი საკუთარი თვალით ვიხილე, როცა ვარშავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მათემატიკის გაკვეთილს დავესწარი: ბავშვები კლასში იყვნენ სრულიად თავისუფლად, არ ერიდებოდათ კითხვის დასმა, აბსოლუტურად ყველა მოსწავლე ჩართული იყო გაკვეთილში, მასწავლებელი კი მასალის ასახსნელად მრავალფეროვან რესურსებს იყენებდა.
ასევე, თავისუფლება მიენიჭა სახელმძღვანელოების ბაზარს და გაიზარდა სკოლების ავტონომია. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ძირითადი, მთავარი კურიკულუმის მიღება 2008 წელს, რამაც მასწავლებლებს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მოუტანა, მაგრამ, ამავე დროს, მეტი პასუხისმგებლობაც დააკისრა. რეფორმა შეეხო შეფასების სისტემასაც: 2002 წელს დაინერგა ეროვნული სტანდარტიზებული გამოცდები ყოველი საგანმანათლებლო დონის დასრულებისას, ამასთან ერთად შეიქმნა სკოლების შეფასების სქემა, რომელიც აქცენტს აკეთებდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და შემუშავდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი გეგმა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო მართვის დეცენტრალიზება და სკოლების დაფინანსების ახალი სისტემა. 1999 წლიდან სკოლების ქონება (ტერიტორია, შენობა, ინვენტარი) ადგილობრივი მთავრობების მფლობელობაში გადავიდა და სწორედ მათ დაეკისრათ სკოლების შენარჩუნებასა და ინვესტირებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. ისინი იღებდნენ ფინანსებს ცენტრალური ხელისუფლებიდან მათ სკოლებში მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით. ადგილობრივ მთავრობებს, ასევე, მიენიჭათ გადამწვეტი როლი სკოლის ხელმძღვანელობის არჩევაში.
საბოლოო ჯამში, რეფორმების შედეგად პოლონეთში გაიზარდა საყოველთაო განათლების მიღების პროცესის ხანგრძლივობა, რამაც აამაღლა განათლების ხარისხი. გარდა ამისა, შემცირდა განსხვავებები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას შორის. ეს ყველაფერი კი აისახა OECD-ის ანგარიშებში და პოლონელი მოსაწვლეების მიერ PISA-ს ტესტის შედეგების მუდმივ გაუმჯობესებაში.
2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა ,,კანონისა და სამართლიანობის პარტიამ’’. ისინი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გაატარებდნენ განათლების რეფორმას და პოლონურ სკოლებს გადაიყვანდენ ძველ, ორდონიან მოდელზე. მათი განცხადებებით, რეფორმის მიზანი იყო ,,პოლონური განათლების პოტენციალის გადარჩენა.’’ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ზალევსკა, რომელიც შედგომში განათლების მინისტრი გახდა, აცხადებდა, რომ ბევრი სასკოლო საფეხური აფერხებდა ბავშვის განვითარებას და რომ გიმნაზიების გაუქმებით აღმოიფხვრებოდა პოლონურ სკოლებს შორის არსებული უთანასწორობის პრობლემა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2017 წელს ,,კანონისა და სამართლიანობის პარტიამ’’ დაიწყო მათ მიერ დაანონსებული განათლების ახალი რეფორმის გატარება, რაც გულისხმობდა განათლების ძველ, ორდონიან მოდელზე (8+4) გადასვლას და საბაზისო სკოლების (გიმნაზიების) გაუქმებას.
რეფორმა მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს არ ითვალისწინებდა, არამედ შეიცვალა კურიკულუმიც. მაგალითად, მოსწავლეებმა პირველი კლასიდან დაიწყეს პროგრამირების სწავლა, ასევე, განსაკუთრებით გაძლიერდა პოლონური ენისა და ისტორიის სწავლება.
ამ ყველაფერს პოლონეთში მძაფრი წინააღმდეგობა შეხვდა. ერთი მხრივ, რეფორმა გულისხმობდა 7000 გიმნაზიის დახურვას და მათ საშუალო სკოლად გარდაქმნას, ხოლო მეორე მხრივ, ეს გამოიწვევდა 10 000 მასწავლებლის უსამსახუროდ დარჩენას. პოლონელ მასწავლებელთა გაერთიანებამ შეაგროვა 910 000 ხელმოწერა, რათა რეფორმას რეფერენდუმის სახე მისცემოდა და მისი გატარება/არგატარების საკითხი ამ გზით გადაწყვეტილიყო, თუმცა ,,კანონისა და სამართლიანობის პარტიამ’’, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, ეს ინიციატივა ჩააგდო.
არასამთავრობო ორგანიზაციები და განათლების ექსპერტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა არანაირი შეფასება არსებული განათლების სისტემისა, შესაბამისად, არგუმენტები ცვლილებისთვის საფუძველს იყო მოკლებული. გარდა ამისა, მათივე თქმით, განათლების სამინისტროს არ გაუსაჯაროებია არც ერთი კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ დაგეგმილი რეფორმა ნამდვილად იქნებოდა შედეგის მომტანი სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
რეფორმას აკრიტიკებენ პოლონური ენისა და ისტორიის გაძლიერებული სწავლების გამოც, არასამთავრობოები ამაში ნაციონალისტი და მორჩილი თაობის აღზრდის საფრთხეს ხედავენ.
საბოლოოდ, პროტესტმა მასობრივი სახე მიიღო და მასწავლებლებისა და მშობლების საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, თუმცა უშედეგოდ, რეფორმის განხორციელებას ამან ხელი ვერ შეუშალა.
2019 წლის აპრილში კი ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა, ამჯერად კიდევ უფრო მასობრივი: პოლონელი მასწავლებლები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან რეფორმის შედეგად მიღებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი გეგმისა და სახელფასო სტრუქტურის შეუსაბამობით, გაიფიცნენ და შედეგად სკოლების 78 %-მა მუშაობა შეწყვიტა. ამჯერად მოთხოვნა ხელფასის მომატება იყო. საბოლოოდ, მხარეები ნაწილობრივ შეთანხმდნენ, თუმცა, პოლონეთში განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებში კვლავ არსებობს მძაფრი კრიტიკა მთავრობის მიერ გატარებული განათლების პოლიტიკის მიმართ.
7 დეკემბერს ,,სკოლალაბის’’ გუნდი თბილისში დავბრუნდით. პოლონეთში კი, მიუხედავად კრიტიკისა და პროტესტისა, სასკოლო სისტემა ძველ, 1999-მდელ ორდონიან მოდელს დაუბრუნდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ მმართველმა ,,კანონისა და სამართლიანობის პარტიამ’’ გაიმარჯვა, დიდი ალბათობით, რეფორმა გაგრძელდება.
იქნება თუ არა უკვე წარმატებით რეფორმირებული განათლების სისტემის ხელახალი რეფორმირება წარმატების მომტანი, ამას დრო და პოლონელი მოსწავლეების შედეგები აჩვენებს. ბლოგს კი კვლავ ანდაზით დავასრულებ, ამჯერად ინგლისურით: ,,If it ain’t broke, don’t fix it’’(თუ გაფუჭებული არაა, ნუ შეაკეთებ).