მარი გელაშვილი

სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული

მარი გელაშვილი ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს. იგი საჯარო სკოლაში ასწავლიდა სამართლის სხვადასხვა მიმართულებას სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. 2017 წელს მარი გახდა დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მითების დეტექტორის ლაბორატორიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული, ასევე მუშაობდა მედიის განვითარების ფონდში რუსული მედიის მკვლევრად და წერდა სტატიებს მითების დეტექტორისთვის. ის მიწვეული იყო IREX in Georgia-ს პროექტ „ისწავლე, რათა ამოიცნოს“ მასტერ ტრენერად, პროექტმა საქართველოს მასშტაბით 200-მდე მედიაწიგნიერების ტრენერი მოამზადა. 

მარი გელაშვილი 2018 წლიდან არის Educare Georgia-ს გუნდის წევრი. იგი ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო პროექტ “ჩართეს’’, რომლის ფარგლებშიც 2400-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ მიიღო პერსონალური კომპიუტერი და დაუფინანსდა ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი. მარი ასევე ჩართული იყო ამ პროექტის საგანმანათლებლო მიმართულების (მოსწავლეების მომზადება ფინანსურ განათლებაში, მედიაწიგნიერებასა და ონლაინ განათლებაში)  შექმნაში და ამჟამადაც მუშაობს პროექტის მოსწავლეებთან. მისი ჩართულობით ასევე იქმნებოდა ონლაინ სკოლის “ხანის აკადემიის’’ სასწავლო ვიდეოები https://ka.khanacademy.org/-ზე. 

მარი 2021-2023 წლებში მუშაობდა სასწავლო პროგრამების კოორდინატორად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”. პროექტის ფარგლებში ის კოორდინაციას უწევდა 6 სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნას, პროგრამებისა და სერვისების შემუშავება/დანერგვას, კარიერული კონსულტირების სერვისის აწყობას საქართველოს 6 ქალაქში. მარი ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

ძირითადი მიდგომები და ფილოსოფია

ჩემი, როგორც სკოლის კონსულტანტის შეთავაზებაა, დავეხმარო სკოლებს შემდეგი მიმართულებით გაძლიერებაში:

  • მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული განათლების დანერგვა სკოლაში, მასწავლებლების მომზადება სპეციალურად მათთვის შედგენილი ტრენინგმოდულით;
  • პროფორიენტაციისა და კარიერული კონსტრუირების სერვისების შექმნა პროფესიონალებთან ერთად;
  • მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მოხალისეობის, ქველმოქმედებისა და ფილანთროპიის გამოცდილების წახალისება;
  • სკოლის მმართველობითი რგოლის საქმიანობაში მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება სხვა სკოლებთან, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა და ფონდების მოძიებაში დახმარება.

ჩემი სურვილია, ხელი შევუწყო სკოლაში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას მონაწილეობითი პროცესის ფასილიტაციით. მსურს, რომ ამ პროცესში ვიყო გუნდის ნაწილი, რომელიც მიზანზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, კარგად გამოვიყენებ განათლების სფეროში შექმნილ ნაშრომებსა და კვლევებს იმისათვის, რომ სკოლის განვითარება მტკიცებულებებსა და სამეცნიერო აზროვნებას დაეფუძნოს. უპირველეს ყოვლისა, მე ვხელმძღვანელობ სასკოლო საზოგადოების წევრების საუკეთესო ინტერესებით და ჩემს მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მიუკერძოებლობა, დემოკრატიულობა, ურთიერთთანამშრომლობა, რაციონალურობა, კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება. 

ვთვლი, რომ მედიაწიგნიერებასა და ინფორმაციულ განათლებაში ჩემი გამოცდილება დამეხმარება სკოლებში გავაძლიერო ეს მიმართულებები და ის ცოდნა, რაც საერთაშორისო პროექტებში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში დავაგროვე, მოვახმარო ქართული სკოლების წინსვლას. ამას გარდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მიღებული გამოცდილება, როდესაც კარიერული კონსულტირების სერვისი დავნერგეთ საქართველოს 6 ქალაქში, მომცემს შესაძლებლობას, რომ ეს სფერო სკოლებშიც გავაძლიერო და ამ პროექტში უკვე მიღებული გამოცდილება ფართოდ გამოვიყენო. 

მენეჯერულ პოზიციებზე მიღებული გაკვეთილები და ცოდნა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს საჯარო თუ კერძო სკოლებისთვის. მე ვთავაზობ სკოლებს, რომ მხარს დავუჭერ, დანერგონ მასწავლებლების ინტერესებზე მორგებული სამუშაო გარემო, რომელიც იქნება თანამშრომლობითი, მეგობრული, თანასწორუფლებიანი და მხარდამჭერი.  ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მოხალისეობის, ქველმოქმედებისა და ფილანთროპიის პრაქტიკის წახალისება, განსაკუთრებით სკოლაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბებას. ჩემი რამდენიმეწლიანი გამოცდილება ქველმოქმედების სფეროში მომცემს შესაძლებლობას, რომ კარგად გავაცნო სასკოლო საზოგადოებას ამ მიმართულების მნიშვნელობა და წავახალისო პროექტების შექმნა.

ვფიქრობ, ენების ცოდნა დამეხმარება, რომ სკოლას საერთაშორისო სასკოლო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან კავშირის დამყარებაში დავეხმარო. მაქვს მთარგმნელობითი გამოცდილებაც და სკოლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა შეიქმნას საჭირო სტატიებისა და სახელმძღვანელოების თარგმანებიც.

დაბოლოს,  ჩემი სურვილია, რომ წვლილი შევიტანო ზოგადი განათლების სისტემის განვითარებაში, ვთვლი, რომ ჩემი მრავალმხრივი გამოცდილება, რომელიც ყოველთვის განათლების სფეროსთან იყო დაკავშირებული, დამეხმარება, რომ სკოლებს რამდენიმე მიმართულებით გავუწიო კონსულტირება. ჩემი სურვილია, ამ კუთხით განვაგრძო აკადემიური საქმიანობაც და სკოლებს ასევე დავეხმარო კვლევების წარმოებითაც.