კონფერენცია „მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება: რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესებისათვის“ გაიმართა

მასწავლებელთა საზოგადოებრივმა ალიანსმა სკოლა-ლაბისა და განათლების კოალიციის ხელშეწყობით 13 მაისს გამართა კონფერენცია მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენის მიზნით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა საზოგადოებრივი ალიანსის „მასწავლებლებისთვის“ საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:
  • მასწავლებლების შრომითი პირობებისა და კეთილდღეოების გაუმჯობესება;
  • სისტემის დენცეტრალიზაციისა და სერვისების დივერსიფიცირება ასოციაციებისა და პროფესიული გაერთიანებების გაძლიერების გზით;
  • მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროცესში, სკოლის როლის ზრდა და შესაბამისი მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა.
2022 წელს განათლების კოალიციამ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამასთან პარტნიორობით დაიწყო მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების შესწავლისა და მათთან კონსულტაციების პროცესი. შემუშავდა მასწავლებლების პროფესიული ორგანიზაციებისა და ქსელების კატალოგი. ამასთან, ყველა ორგანიზაციამ და ჯგუფმა მიიღო შეთავაზება ადვოკატირების კამპანიაში ჩართვის შესახებ. შედეგად, 2022 წლის 28 ნოემბერს ზოგადი განათლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების აქტივისტებმა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“ დააფუძნეს. საზოგადოებრივი ალიანსის „მასწავლებლებისთვის“ წევრები არიან: სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი; STEM მასწავლებელთა ასოციაცია; მშობლები განათლებისთვის; ასოციაცია „ბიო“; ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია; განათლების კოალიცია; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის პროგრამა; გიორგი ჭაუჭიძე- ვისწავლოთ რათა ვასწავლოთ; ნათია უჩავა – აქტივობები კლასში; ქეთევან სეფიაშვილი – PHYSICS TEACHERS, პირველი ნაბიჯები – FIRST STEPS; შორენა ტაბატაძე – პირველი ნაბიჯები – FIRST STEPS; თამარ ცანავა – მასწავლებლები ცვლილებებისთვის; ანა კინწურაშვილი – საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების ქსელი.