თემურ სუყაშვილი


სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული ​

თემურ სუყაშვილმა 2010 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა,  შემდეგ სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. 2013 წელს მიენიჭა კავკასიოლოგის კვალიფიკაცია.

2013 წელს მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და დამხმარე მასწავლებლის სტატუსით ასწავლიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში. 2015 წლიდან ასწავლის მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლებში და არის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი.

თემურ სუყაშვილი 2018 წელს მოხვდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში, ხოლო 2019 წელს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა დაასახელა (დამოუკიდებლად) საგნის წლის საუკეთესო მასწავლებლად.

თემური არის ჟურნალ www.mastsavlebeli.ge ავტორი და გამოქვეყნებული აქვს 84-ზე მეტი სტატია. მას აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. სასწავლო ვიზიტების ფარგლებში შეისწავლა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემები.

თემური 2022 და 2023 წლებში იყო სახელმძღვანელოების გრიფირების კომისიის წევრი საგნის − მოქალაქეობის მიმართულებით. 2023 წელს CTC-ში წარმატებით დაასრულა სკოლის კონსულტანტის სასერტიფიკაციო კურსი. აქვს ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და ჩატარების გამოცდილება.

ძირითადი მიდგომები და ფილოსოფია

განვითარება და ცვლილებები ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია. საგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებით კი სკოლა, ორგანიზაციული განვითარების უწყვეტ პროცესში ჩართულობას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც მუდმივი სიახლეებია.

სკოლაში მუშაობის დაწყების დღიდან სწავლაზე ვარ ორიენტირებული. არ მაქვს  სიახლეების შიში და მუდმივად ვეძებ სასკოლო თემის გაძლიერების შესაძლებლობებს.  საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილება მეხმარება გავაძლიერო როგორც ცალკეული მოსწავლე, ასევე კოლეგები და მთლიანი სასკოლო საზოგადოება.

სასკოლო თემის განვითარებაში ცალკეული მასწავლებლების ინდივიდუალურ  წვლილთან ერთად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კოლეგებს შორის. სწორედ ამიტომ, ვმუშაობ მასწავლებლების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათ გაძლიერებაზე.

სკოლის კონსულტანტის კარიერით დაინტერესებას საფუძვლად უდევს რწმენა იმისა, რომ ქართულ სკოლებში მონდომებისა და მცირე რესურსებით შესაძლებელია ცვლილებების მიღწევა.  

სკოლაში წარმატებით განხორციელებული პროექტები, დანერგილი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება სკოლის კონსულტანტის პროფესიით დაინტერესების კიდევ ერთი მიზეზია.

შემიძლია კეთილგანწყობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. ამასთან ერთად, კოლეგებისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების ჩვენება და მათი მოტივირება ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. შემიძლია ვიყო მოტივატორი და ბიძგის მიმცემი გუნდისთვის, რომელიც ეძებს სიახლეებს და ხედვებს განვითარებისთვის.

საკვანძო მიმართულები, რომლებზეც ვიმუშავებ დაინტერესებულ სკოლებში სკოლის კონსულტანტის როლში:

  1. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა-განვითარება, საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და მასწავლებელთა გაძლიერება;
  2. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, ფონდების მოძიება და გარე აქტორებთან თანამშრომლობა;
  3. ეთნიკურად მრავალფეროვან სკოლებში ინტეგრაციის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა-განვითარება.

მიმაჩნია, რომ თანამედროვე სკოლის როლი დაკავშირებული უნდა იყოს იმ გამოწვევებთან, რომელიც დგას ქვეყანაში, თემსა და ქალაქში. სკოლა მხოლოდ სტრუქტურირებული და მკაცრად გაწერილი გაკვეთილების ცხრილი არ არის. ის ცოცხალი ორგანიზმია და მას შეუძლია თემში, ქალაქში, ქვეყანასა და გლობალურ დონეზე არსებული პრობლემების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

მზაობა თანამშრომლობისთვის, ნდობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა ის მნიშვნელოვანი პრინციპებია, რომელსაც ვეყრდნობი როგორც საგანმანათლებლო, ასევე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს.

ბოლოს მე, როგორც სკოლის კონსულტანტს გამომარჩევს შემდეგი მახასიათებლები:

  • სასკოლო საზოგადოების ცალკეული რგოლების მუშაობისა და ურთიერთდაკავშირების პრაქტიკული და თეორიული ცოდნა;
  • მაქვს კონკრეტული შეთავაზებები სამომავლო ინტერვენციების კუთხით;
  • მონაწილეობითი პრინციპების მიხედვით შემიძლია დავეხმარო გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში ან თანამშრომლობის საფუძველზე აღმოვაჩინოთ ის მიმართულებები, სადაც საჭიროა ცვლილებები.