ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო-2024

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(ctc) სკოლა-ლაბის პროგრამის მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია„ედკემპ საქართველო-2024 EdCamp Georgia გაიმართა.
 
პროექტი ედკემპ საქართველოს EdCamp Georgia მიზანია ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება. კონფერენცია საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელის მონაწილეობით.
 
ეროვნული კონფერენცია საქართველოს მასწავლებლების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესის”, ლიბერთი ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, Courtyard by Marriott Batumi-სა და სულაკაურის გამომცემლობის დაფინანსებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
 
ინიციატივა EdCamp-ი 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნა. EdCamp-ის მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში „ედკემპი” პირველად 2022 წელს ჩატარდა, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.