ერთი გაკვეთილი პოლონურ სკოლაში – სოფო სხირტლაძე

1 დეკემბერს სკოლა ლაბის გუნდი პოლონეთის სასწავლო ტურის ფარგლებში გავემგზავრეთ ქალაქ ვარშავაში. ერთი კვირის განმავლობაში შევხვდით განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ცალკეულ აქტორებს, ვესტუმრეთ სკოლებსა და ვარშავის უნივერსიტეტს და დეტალურად გავეცანით პოლონეთის განათლების სისტემას. როგორც აღმოჩნდა, გასული საუკუნის მიწურულს სისტემის დეცენტრალიზებამ პოლონეთის სკოლები გახადა ავტონომიური და უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა მასწავლებლებს გაკვეთილების წარმართვის პროცესში. გარდა ამისა, მასწავლებლები საგნობრივი ცოდნის გადაცემის გარდა მოსწავლეებს ეხმარებიან ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას. უფრო მეტიც, პოლონეთის განათლების სისტემამ ცვლილებები შეიტანა მოსწავლეთა შეფასების მიმართულებითაც. სკოლები უფრო მეტად ფოკუსირდებიან განმავითარებელ შეფასებაზე და ცდილობენ მისი ელემენტების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონის გარკვევასა და შემდეგი გაკვეთილების უკეთესად დაგეგმვას.

სასწავლო ტურის განმავლობაში, განსაკუთრებით საინტერესო და თვალშისაცემი იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ ზოგადი განათლების საკითხებზე და ცდილობენ, სკოლა აქციონ ისეთ სივრცედ, რომელიც მოსწავლისათვის იქნება ახალი გამოცდილების შეძენის, შემეცნებისა და მრავალმხრივი განვითარების საშუალება. საინტერესოა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები განათლებას კომპლექსურ საკითხად განიხილავენ და განსხვავებული პრიზმებიდან ცდილობენ პრობლემების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების აღმოჩენას, რაც აისახება კიდეც მათ მიერ შექმნილ მრავალფეროვან პროგრამებსა თუ აქტივობებში. ამ გამოცდილებამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, თუ რამხელა როლი შეიძლება ჰქონდეს არასამთავრობო ორნგანიზაციების მუშაობას განათლების გაუმჯობესების პროცესში.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომლის გამოცდილების გაზიარების შესაძებლობაც მოგვეცა სასწავლო ტურის ფარგლებში, იყო  „მოქალაქეობის განათლების ცენტრი“(CCE).  ორგანიზაციის მუშაობა სამოქალაქო განათლებისა და სკოლების განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით 25 წელს ითვლის. CCE-მ ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიმუშავა ახალი კურიკულუმი, რომელიც ძირითად აქცენტს სამოქალაქო განათლებაზე აკეთებდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ სასწავლო გეგმისა და სამოქალქო განათლების გაძლიერებით ვერ შეძლებდა მთლიანი სისტემის გაუმჯობესებას, ამიტომ, გააფართოვა მუშაობის არეალი და დაიწყო ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორებიცაა: სასწავლო მეთოდოლოგია და თემებზე დაფუძნებული განათლება, რომელიც დაკავშირებულია სამოქალქო საზოგადოებასთან.

ამჟამად, CCE აქტიურად ცდილობს მასწავლებელთა მხარდაჭერას მათთვის მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებით. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგებს მასწავლებელთა უნარებისა და კომპეტენციების განვითარებისათვის და ეხმარება მათ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებითა და სახელმძღვანელოებით, რომლებსაც ისინი აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო პროცესში.

სწორედ მათ მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების პრაქტიკაში ხილვის შესაძლებლობა მომეცა ვარშავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სტუმრობისას. სკოლაში შესვლიდან რამდენიმე წუთში იგრძნობოდა განსხვავებული, არაფორმალური გარემო. მეორე სართულის დერეფანში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილი უტარდებოდათ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი არ ირეკებოდა ზარი, რაც სივრცეს ხდიდა უფრო მეტად მშვიდსა და წყნარს და ხელს უწყობდა მეგობრული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.

სკოლაში ყოფნისას საშუალება მომეცა დავსწრებოდი პოლონური ენის გაკვეთილს და დავკვირვებოდი რეალურ სასწავლო პროცესებს.

პოლონური ენის გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის დაბალი სააზროვნო უნარების განვითარება, შესაბამისად მთელი გაკვეთილი წარიმართა ტექსტზე ორიენტირებული და ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული აქტივობების გამოყენებით, რაც მოსწავლეებში ბლუმის საგანმანათლებლო მიზნების პირველი ორი დონის, ცოდნის – რაიმე მოვლენის შესახებ ინფორმაციის არსებობისა და გაგების – მასალის მნიშვნელობის წვდომა, გაგების განვითრებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამაზე მიუთითებდა მასწავლებლის მიერ წარდგენილი მიზნები, რომლებისთვისაც უნდა მიეღწიათ მოსწავლეებს შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში. მათ შორის იყო: “ვიცი რა არის დრამა”, “ვიცი რას ნიშნავს დრამა ლიტერატურაში”, “შემიძლია დრამის სხვადსხვა სახეობის გარჩევა”

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებს წასაკითხი მასალა კლასში შეხვედრამდე მიეწოდათ. ისინი სახლში უნდა გაცნობოდნენ ნაწარმოებებს, ხოლო კლასში კი ინფორმაციის ერთობლივად გარჩევის სივრცე რჩებოდა. გამოდის, რომ ინფორმაციის ნაკადის ცენტრმა ჯგუფურიდან გადაინაცვლა ინდივიდუალურ, სახლის სივრცეში, ხოლო კლასში კი მასწავლებელს დარჩა უფრო მეტი დრო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციისა და სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებისათვის.

თავდაპირველად, მასწავლებელმა მოსწავლეები სამ ჯგუფად დაყო, ხოლო მერხები იმგვარად იყო განლაგებული, რომ მოსწავლეებს ერთმანეთისათვის პირისპირ ყურება და ჯგუფური სამუშაოების შესრულება შეეძლოთ. მერხებთან განაწილების შემდეგ, მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყო მოსწავლეებისათვის მისაღწევი შედეგების გაცნობით. ამასთან, მან კედელზე გააკრა დასახული მიზნები, რათა გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებს შეძლებოდათ მასთან მისვლა და მიღწეული პუნქტების მონიშვნა.

გაკვეთილის მთავარი თემა იყო რომანტიული დრამა ადამ მიცკევიჩის პოემაზე (ძიადები) დაყრდნობით. თავიდანვე თვალშისაცემი იყო გაკვეთილის დროს გამოყენებულ აქტივობათა მრავალფეროვნება, რომელიც სწავლებას უფრო მეტად საინტერესოსა და დინამიურს ხდიდა და მოსწავლეებისათვის საკითხის მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას იძლეოდა. მასწავლებელმა გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებს შესთავაზა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები. ინდივიდუალური დავალების შემთხვევაში, მოსწავლეები სურვილის მიხედვით აზიარებდნენ პირად შეხედულებებს რომანტიული დრამის შესახებ, ხოლო ჯგუფურის დროს კი, ერთობლივი მსჯელობის საშუალებით ცდილობდნენ პოემაში აღმოეჩინათ რომანტიული დრამისათვის დამახასიათებელი ელემენტები. გარდა ამისა, გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა კლასს წარუდგინა პოემის მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენების პოსტერები და სთხოვა ჯგუფებს, მათში მოეძებნათ რომანტიული დრამის ელემენტები. თითოეულ დავალებას საშუალოდ 15 წუთი დაეთმო.

მასწავლებელმა გაკვეთილის განმავლობაში გამოიყენა სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები. თითოეულ მოსწავლეს მერხზე მოცემული ჰქონდა აკინძული ფერადი ბარათები. ყოველი სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, მასწავლებლისათვის ფერების ჩვენებით, მათ შეეძლოთ მასწავლებლისათვის უკუკავშირის მიცემა, დავალების სირთულისა და გაგება-გააზრების შეფასება. უფრო კონკრეტულად კი მწვანე ბარათი ნიშნავდა გასაგებს, ყვითელი – ნაწილობრივ გასაგებს, ხოლო წითელი კი – გაუგებარს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებს გაკვეთილის პროცესში არ ერიდებოდათ ყვითელი და წილეთი ბარათების ჩვენება, რის შემდეგაც მასწავლებელი კვლავ უბრუნდებოდა მათთვის გაუგებარ თემას.

გარდა ამისა, გაკვეთილის პროცესში მოსწავლეები ძალდატანების გარეშე, სურვილის მიხედვით აზიარებდა საკუთარ მოსაზრებას მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე. იმ შემთხვევაში თუკი არავის სურდა პასუხის გაცემა ან მოსწავლეთა უმეტესობა მოისურვებდა საკუთარი აზრის დაფიქსირებას, მასწავლებელს მოცემული ჰქონდა ჭიქაში მოთავსებული მცირე ზომის ჩხირები მოსწავლეთა სახელებით და შემთხვევითობის პრინციპით ამოსულ მოსწავლეს შეეძლო ეპასუხა შეკითხვისათვის.

საგაკვეთილო პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა რეფლექსია. მასწავლებელმა გაკვეთილის დასრულებისას წარმოადგინა წინადადებათა დასაწყისები, რომელიც ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად უნდა დაესრულებინა. მათ შორის: რა ვისწავლე ახალი, რა მომეწონა, რა არ მომეწონა და რას შევცვლიდი/გავაკეთებდი სხვაგვარად.

რაც შეეხება დავალებებს, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ სკოლაში საშინაო დავალებებს იშვიათად აძლევენ მოსწავლეებს. ამ შემთხვევაში კი, პოლონურის მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, მიცკევიჩის პოემაზე შეექმნათ თავიანთი პოსტერები, რომელშიც მთავარი თემა რომანტიული დრამა უნდა ასახულიყო.

და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში შეინიშნებოდა მოსწავლეთა მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რასაც უზრუნველყოფდა პირველ რიგში ის, რომ მასწავლებელი არ იყო უბრალო ცოდნის გადამცემი, მიუხედავად იმისა, რომ თავად გაკვეთილის მიზანი ცოდნის მიღება და შემდგომ მისი გააზრება იყო, არამედ ის ფასილიტაციას უწევდა მოსწავლეების ცოდნის შენების პროცესს. გარდა ამისა, მასწავლებლის მიერ, დიფერენცირებული მეთოდის გამოყენების საშუალებითა და სასწავლო მენიუს შეთავაზებით, მოსწავლეებს ეძლეოდათ შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისა და მზაობის მიხედვით შეერჩიათ მენიუში მოცემული რომელიმე აქტივობა პასუხის გასაცემად, რაც კიდევ ერთხელ უზრუნველყოფდა მათი არჩევანის თავისუფლებას.