‘’გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს. ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. ნუ გააკეთებ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე.’’ –  უზნაძე [1]

 

დიმიტრი უზნაძის ეს მოწოდება მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. ის, რომ სკოლა ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, ახალი არ არის. თითქოს ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლამ მოსწავლეს უფრო მეტი უნდა მისცეს, ვიდრე საგნობრივი კომპეტენციების განვითარებაა. ამის დასტურია ის, რომ ბოლო წლებია, აქტიურად ინერგება სასკოლო პროგრამები, რომლებიც ბავშვების სოციო-ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნავენ.[1]

მიუხედავად ამისა, მოსწავლეების ჰოლისტურად განვითარებაზე აქტიური მსჯელობა/ განხილვა და საკითხის კიდევ უფრო აქტუალიზება მხოლოდ პანდემიის დაწყების შემდეგ მოხდა. 2020 წელს, Covid-19 – ის გავრცელებამ საგანმანათლებლო სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა არასრულწლოვანების ფსიქიკურ მდგომარეობას დიდი ზიანი მიაყენეს. პანდემიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ დიდია მისი უარყოფითი გავლენა ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველი 7 ბავშვიდან მინიმუმ ერთზე პანდემიამ პირდაპირი გავლენა იქონია. გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ 1.6 მილიარდზე მეტმა მოსწავლემ მიიღო გარკვეული სახის საგანმანათლებლო დანაკარგი. ყოველდღიური სასწავლო და დასვენებითი განრიგის რღვევამ, შფოთვისა და შიშის დონის მომატება გამოიწვია.[2]

ამ მხრივ, არც  საქართველოა გამონაკლისი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2021 წლის კვლევის მიხედვით, ონლაინსწავლების პირობებში, მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობამ იკლო. ონლაინგაკვეთილებზე დასწრება შემცირდა, განსაკუთრებით, მაღალ კლასებში. აკადემიური პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის იყო: მოსწავლეების დაბალი მოტივაცია, დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები და ინტერნეტთან წვდომის სირთულეები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2019-2020 სასწავლო წელს, სკოლა 8000-ზე მეტმა მოზარდმა მიატოვა (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სწავლა სავალდებულოა). იმის გამო, რომ პანდემიამდე დისტანციური სწავლება არასდროს გამოგვიყენებია, მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის ახალ რეალობასთან შეგუება რთული აღმოჩნდა. პირისპირ სწავლების შეწყვეტის შემდეგ, დისტანციური სწავლების გარკვეული ფორმების გამოყენების მიუხედავად, მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი ჰქონდათ. გასათვალისწინებელია, რომ სასწავლო პროცესის თუნდაც მცირე დროით შეწყვეტა დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე.[3]

პანდემიამ განაპირობა განათლების სექტორის მხრიდან ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლისა და მასზე საჯაროდ მსჯელობის აუცილებლობა. შეიძლება ითქვას, გადაფასდა ფორმები, რომლითაც განათლების მიღება შესაძლებელია. ასევე, შეიცვალა სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. უფრო მკაფიო გახდა, რომ საჭიროა მოსწავლის კეთილდღეობაზე ჰოლისტურად ზრუნვა. პანდემიურმა და პოსტ-პანდემიურმა მოვლენებმა შეაფერხა მოსწავლეების როგორც აკადემიური, ასევე სოციალური და ემოციური სფეროების განვითარება. კვლევების მიხედვით, პანდემიამ ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო მოტივაციაზე, დისციპლინაზე, ინტერაქციასა და სოციალიზაციაზე ნეგატიური გავლენა იქონია.[4]

სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრა მხოლოდ სისტემური ხედვითა და არსებული წარმოდგენების შეცვლით არის შესაძლებელი. გაჩნდა პრეცედენტები, როცა დანაკარგის დასაბალანსებლად სკოლები რემედიაციულ პროგრამებს ნერგავდნენ. კიდევ უფრო აქტუალური გახდა მოსწავლეზე ორიენტირებული და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე (რომ განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს) დამყარებული განათლების გაგება.

ერთ-ერთი ასეთი ხედვა და ტრანსფორმაციული მიდგომა ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკაა. ის ახლებურად წარმოაჩენს სწავლა-სწავლების პროცესს და ზემოთ აღწერილი რეალობის გათვალისწინებით, გამოწვევების გადაჭრის გზებს გვთავაზობს. ამ ტექსტის მიზანი ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის კონცეფციის გაცნობაა. განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმითაც მასწავლებლები ამ მიდგომის ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ. ვისაუბრებთ ემპათიაზე დაფუძნებული მეთოდის უპირატესობებზე და იმაზე, თუ რა გავლენა აქვთ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.

მპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა

ტერმინი – ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა- სულ უფრო ხშირად გამოყენებადი            ხდება. განათლების სფეროში, ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა ითვლება ტრანსფორმაციულ მიდგომად, რომელიც მოსწავლეების ემოციური და კოგნიტური საჭიროებების გაგებასა და მოგვარებაზეა ფოკუსირებული. ეს პედაგოგიური მიდგომა ინკლუზიური და დამხმარე სასწავლო გარემოს შექმნაში, თანაგრძნობას/ემპათიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ემპათიის უნარის გამოყენებით, პედაგოგებს შეუძლიათ ახლო ურთიერთობები დაამყარონ მოსწავლეებთან, ხელი შეუწყონ მათ აკადემიურ ზრდას და აღჭურვონ ისინი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებით. სკოლის ერთ-ერთი მთავარი                     მისიაც ხომ ესაა – მოსწავლე მოამზადოს რეალური ცხოვრებისთვის.[5]

რადგან ტერმინს – ემპათია, ხშირად ვიყენებთ, საჭიროა, განვმარტოთ კიდეც. სიტყვა ემპათია გერმანიაში, მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული. მაშინ  მისი მნიშვნელობა იყო „შეგრძნება“. მოგვიანებით ამ ტერმინით დაინტერესდნენ მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები: ნეირომეცნიერები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ა.შ. საწყისს ეტაპზე, ემპათია ადამიანებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში, მნიშვნელოვან უნარად განიხილებოდა. ითვლებოდა, რომ მისი დახმარებით, საკუთარი თავის უკეთ გაგება და სხვისი ემოციებისა თუ გრძნობების შემეცნება იოლდება. დღეს ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და მისი განმარტებაც მრავალფეროვანი გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემპათია არის ადამიანის ბუნების ფუნდამენტური ასპექტი, რომელიც ინდივიდს საშუალებას აძლევს, გაიგოს და გაიზიაროს სხვისი პერსპექტივები და გამოცდილებები. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა სამყაროს  სხვისი თვალით უყურებ/აღიქვამ. როცა შეგიძლია სხვისი ფიქრები და ხედვები სრულყოფილად გააანალიზო. ეს სცილდება სიმპათიის ფაზას, რაც მხოლოდ ვინმეს მიმართ ზედაპირული სოციალური ურთიერთობის ფორმას გულისხმობს. აქვე                        უნდა ვთქვათ, რომ ემპათია სიბრალულს არ ნიშნავს. ის აქტიურ მოსმენას, სხვისი ემოციური მდგომარეობის გააზრებას, მასზე ზრუნვასა და გაგებას გულისხმობს. საკლასო კონტექსტში, ემპათია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ახლო, მყარი ურთიერთობის ფორმით ვლინდება, რაც მოსწავლეების ფსიქო-ემოციური და აკადემიური ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ეს           ნიშნავს, მათი პერსპექტივების გათვალისწინებას, მათი მრავალფეროვანი გამოცდილებების აღიარებას/მიღებას და ამ გზით ეფექტიანი სწავლების სტრატეგიების შემუშავებას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა არის სწავლების მიდგომა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების ემოციური და სოციალური საჭიროებების აღიარებას და მოგვარებას, აკადემიურ გარემოსთან კუთვნილებისა და კავშირების განცდის გაღვივებას და მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამ დროს თანაბრად მნიშვნელოვანია მოსწავლის ემოციური კეთილდღეობა და მისი აკადემიური განვითარება. ამ კონცეფციის მიხედვით, მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობას სწავლა-სწავლების უნარებზე დიდი გავლენა აქვს.

2021 წელს, ბრიტანეთში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში, ყოველი 7-დან 1-ს მაინც აქვს ემოციების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მათ აკადემიურ შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს.[6] ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მიდგომის გამოყენების შედეგად, მოსწავლე იძენს უნარებს, რომლებიც ქცევისა და ემოციების მართვა-რეგულაციაში ეხმარება. ეს კი სასწავლო პროცესის მიმართ მის პოზიტიურ დამოკიდებულებაში ვლინდება. ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი აღიარებს/იაზრებს მოსწავლეების უნიკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს. ეს ხელს უწყობს მათ შორის ასერტული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამ პროცესის მონაწილე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე მასწავლებელი მოსწავლეს სასწავლო მიზნების მიღწევაში ეხმარება.[7]

 

 

რატომ ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა?

როდესაც მოსწავლეები გრძნობენ, რომ პატივს სცემენ, ისმენენ და ესმით მათი, სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად ერთვებიან.  ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა ქმნის მხარდამჭერ სასწავლო გარემოს, ამცირებს სტრესს და შფოთვას, რაც იწვევს აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას. მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორების კვლევის მიხედვით, ემოციური და სოციალური გამოწვევების წინაშე მყოფი მოსწავლეები უფრო დაბალ აკადემიურ შედეგებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი გამოწვევები არ აქვთ.[8] მოსწავლეების ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებით, ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკა მათ ზოგად კეთილდღეობას აუმჯობესებს, უვითარებს სტრესთან გამკლავების, თანაგრძნობის, კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების და სხვა სოციალურ თუ აკადემიურ უნარებს.

ჩიკაგოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 2017 წელს გამოაქვეყნეს მეტაანალიზი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში, სადაც ემოციური და სოციალური მიმართულებით განხორციელდა ინტერვენციები, მოსწავლეები ხანგრძლივი დროით ინარჩუნებდნენ დადებით ეფექტს – ზოგადი კეთილდღეობის, ემოციური, სოციალური და აკადემიური სფეროების მიმართულებებით. [9]

ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიური მიდგომის მახასიათებლები მრავალფეროვანია. შეიძლება, აღმოაჩინოთ ნაწილები, რომლებიც სხვა მიდგომებთანაც იკვეთება. სამეცნიერო სტატიებში და კვლევებში ამ მიდგომის სხვადასხვა ასპექტზე ხდება ყურადღების გამახვილება. ქვემოთ შევეცადე წარმომედგინა ის მახასიათებლები, რომლებზეც ყველაზე მეტად საუბრობენ და წერენ.[10] [11] [12] [13]

 

ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მახასიათებლებია:

  • ემოციური მხარდაჭერა: მასწავლებლები ქმნიან უსაფრთხო საკლასო გარემოს, რათა ნებისმიერმა მოსწავლემ შეძლოს თავისი ემოციის თავისუფლად და გულწრფელად გამოხატვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ ამ ემოციის აღიარება და მასზე ობიექტური რეფლექსია და არა განსჯა ან კრიტიკა (თუნდაც მისთვის მიუღებელი იყოს). ასევე, საკლასო გარემოს ისე ფორმირება, რომ მოსწავლემ არც თანაკლასელებისგან იგრძნოს დაცინვა.

მაგალითი – ხანდახან არის შემთხვევა, როცა მოსწავლე-ბიჭი ტირის ან ტირილი უნდა, თუმცა თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ არ დასცინონ. ხშირად, უფროსებისგანაც ისმენს: ბიჭმა არ უნდა იტიროს – გოგო კი არ არის. უნდა მოითმინოს და ემოციები გააკონტროლოს(!).

  • აქტიური მოსმენა: თუ მასწავლებლები ყურადღებით უსმენენ მოსწავლეს, იჩენენ გულწრფელ ინტერესს და სვამენ დამაზუსტებელ კითხვებს, მის ნდობას ადვილად მოიპოვებენ. ხანდახან, მოსწავლეები ერთი შეხედვით უინტერესო, არაფრის მომცემ ამბებს ჰყვებიან პირადი ცხოვრებიდან ან გაკვეთილის შინაარსთან აკავშირებენ არასასკოლო გამოცდილებებს. ამ დროს, მასწავლებლის სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს იმ ნდობის ხარისხს, რომლითაც უფრო მეტს გაიგებს მოსწავლეზე და მასთან მჭიდრო ემოციურ კავშირს დაამყარებს. შესაძლოა, აქტიური მოსმენისას მიღებული ინფორმაცია მოტივაციის ასამაღლებლად და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩასართველად გამოადგეს.

შემთხვევა 1 – როცა მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის, ამ დროს მოსწავლე ამ შინაარს თავის ჰობისთან ან გუშინდელ მომხდარ ამბავთან აკავშირებს, მასწავლებელი კი აწყვეტინებს და ეუბნება: „რასაც გეკითხები ის მიპასუხე, ეგ მერე მომიყევი“(არასწორია).  

შემთხვევა 2 – როცა მოსწავლე მასწავლებელთან მიდის,  პირად ამბებს უყვება, მასწავლებელი კი, პარალელურად, რაღაც საქმეს აკეთებს, თვალით კონტაქტი არ აქვს მოსწავლესთან და თავსაც ავტომატურად აქნევს. როცა მოსწავლე კითხვას დაუსვამს, მასწავლებელი უცებ ჩერდება და ვერ ხვდება, რა ჰკითხეს. მოსწავლე ფრუსტრირებულია და ფიქრობს, რომ მასწავლებელს საერთოდ არ აინტერესებს მისი ამბები, რაც  დამატებითი სტრესია (არასწორია).

შემთხვევა 3 – როცა მოსწავლე თავისი ინიციატივით ეძახის მასწავლებელს და სიხარულით უყვება ამბავს, რადგან იცის, რომ მასწავლებელი მას ყურადღებით მოუსმენს, არ განსჯის და თუ დასჭირდება, მისგან რჩევასაც მიიღებს.

  • ინკლუზიური სასწავლო ოთახი: მასწავლებელი ხელს უწყობს ინკლუზიური და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე თავს მიღებულად და დაფასებულად გრძნობს. არის შემთხვევები, როცა მოსწავლეების აკადემიური უნარები არათანაბრადაა განვითარებული. თუმცა, შესაძლებელია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება ისე, რომ თითოეული მოსწავლისთვის გასაგები და მისაღები გახდეს. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას და ინტელექტუალურ რისკებს- მოსწავლეებს შეცდომების დაშვების აღარ ეშინიათ.

მაგალითი – მასწავლებელი სვამს კითხვას, მოსწავლეს პასუხის გაცემის ეშინია, რადგან მასწავლებლისგან ხშირად მოუსმენია დამცინავი კომენტარი: რით ვერ ისწავლე, ცოტა ტვინი გაანძრიე, ეგ არ არის სწორი პასუხი; ან იცის, რომ არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მთელი კლასი დასცინებს, მასწავლებელს კი რეაქცია არ ექნება.

  • პერსპექტივის გათვალისწინება − მრავალფეროვანი ფონისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მასწავლებელი აქტიურად ცდილობს, მოსწავლეების გამოცდილებები, აზრები და პერსპექტივები გაითვალისწინოს. როცა მასწავლებელი იწყებს მოსწავლეზე ორიენტირებულ დისკუსიას, ამით ქმნის შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის იდეების, ემოციების და გამოცდილებების გაზიარებისთვის. თავის მხრივ, მასწავლებელი უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს – ობიექტურად აფასებს მოსწავლეების გამოთქმულ მოსაზრებებს და საკუთარს უზიარებს.

არის შემთხვევები, როცა მასწავლებლები თვლიან, რომ ემპათიურები არიან, თუმცა სინამდვილეში მოსწავლე ეცოდებათ. ეს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სხვის მიმართ გარკვეული ემოციური დამოკიდებულების გამოხატვაში ვლინდება, ემპათიაზე დაფუძნებული მიდგომა მოსწავლეების გამოცდილებების სიღრმისეული გააზრება და გათვალისწინებაა და არა სიბრალულის ან სიმპათიის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, მომდევნო ქვეთავში ვისაუბრებთ, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ამ მიდგომის პრაქტიკაში დანერგვისთვის  ან დარწმუნდეს, რამდენად სწორად იყენებს ამ მიდგომას.

 

ნაბიჯები ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მისაღწევად

ტექსტი დიმიტრი უზნაძის სიტყვებით დავიწყეთ, ადრესატები მასწავლებლები არიან. ეს ქვეთავიც მასწავლებლებისადმი ერთგვარია მიმართვაა. რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მეთოდი დანერგო ან გაიგო, არის თუ არა შენი პრაქტიკა ემპათიაზე დაფუძნებული? აი, ის კომპონენტები, რომლებიც ამაში დაგეხმარება:

თვითრეფლექსია: უნდა შეძლო და დაიწყო საკუთარი მიკერძოებების, ვარაუდებისა და გამოცდილებების იდენტიფიცირება-გააზრება. ეს საშუალებას მოგცემს, უკეთ გაუგო მოსწავლეს. თუ გსურს გაუგო სხვას, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა იცნობდე.

მაგალითი –  არის შემთხვევები, როცა მასწავლებლები ახალი თემის გაცნობისას, პირად, სუბიექტურ მოსაზრებებს, როგორც „მზა რეცეპტებს“ აწვდიან მოსწავლეებს – X მეფე დიდებული მმართველი იყო (თუმცა კონკრეტული არგუმენტი არ მოჰყავთ, რატომ ფიქრობენ ასე) ან რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟზე მხოლოდ დადებით, ან მხოლოდ უარყოფით კონტექსტში საუბრობენ. ამ გზით, მოსწავლეებს საშუალება არ ეძლევათ, თავად გაიაზრონ მასალა და პოზიცია დამოუკიდებლად ჩამოიყალიბონ.

დამხმარე საკლასო კულტურის განვითარება: უნდა შექმნა/გქონდეს პოზიტიური საკლასო გარემო, რომელიც თანამშრომლობას, პატივისცემას და თანაგრძნობას ეფუძნება. თითოეულზე დეტალური ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, საკლასო გარემოს სწორად მოწყობას შეძლებ.

მაგალითი – მასწავლებელი, ყოველი გაკვეთილის წინ, მოსწავლეებს უნდა ახსენებდეს საკლასო შეთანხმებებს, რომელთა დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა, მათ შორის მასწავლებლისთვისაც. თუ რომელიმე მოსწავლე აზრის დაფიქსირების შემდეგ, კლასისგან ცინიკურ, დამცინავ კომენტარს მოისმენს, მასწავლებელმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს – კლასს უნდა შეახსენოს შეთანხმება და დააზუსტოს, რომ სხვისი აზრისა და პოზიციის მოსმენა სავალდებულოა, თუნდაც არ ეთანხმებოდნენ.

ქტიური მოსმენა და ემპათიური პასუხები: მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობა უნდა დაამყარო, რაც პირველ რიგში, მათ აქტიურ მოსმენას გულისხმობს. ნამდვილი ინტერესი უნდა გამოხატო მოსწავლის ნებისმიერ ინიციატივაზე და შექმნა გარემო, სადაც თითოეული მათგანი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და ეცოდინება, რომ შენგან თანაგრძნობას და ყურადღებას მიიღებს და არა განსჯას. მათი გრძნობებისა და ემოციების აღიარებით შეძლებ სწორ დროს, სწორი შინაარსის, ემპათიაზე დაფუძნებულ უკუკავშირს.

მაგალითი – არის შემთხვევები, როცა მოსწავლეს რაიმე კერძო ინიციატივა, პროექტის განხორციელების სურვილი, ან იდეა აქვთ, რომელსაც მასწავლებელს უზიარებენ იმ იმედით, რომ მისგან დახმარებას მიიღებენ. თუმცა მასწავლებელი „ზედმეტი თავის ტკივილის“ აცილების მიზნით, მოსწავლეს ან არ უსმენს, ან დამატებით, ხელოვნურ ბარიერს უქმნის (ისეთ დავალებებს აძლევს, რომლის შესრულებასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ), რათა „სურვილმა გადაუაროთ, დაავიწყდეთ“. სინამდვილეში, მოსწავლეებს მსგავსი გამოცდილებები არასდროს ავიწყდებათ. ასეთი დამოკიდებულება მოსწავლის თვალში, მასწავლებლის, როგორც სანდო და ფასილიტატორი ობიექტის  ავტორიტეტის შელახვას იწვევს.

ნდივიდუალური ინსტრუქცია: ზოგჯერ ძნელია იმის დანახვა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური საჭიროებები. შესაბამისად, შენი სტრატეგიები ისე უნდა შექმნა, რომ კლასის ნებისმიერ წევრზე მორგებული გახდეს. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის,  ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვას ვერ მოახერხებ.

მაგალითი – მასწავლებლებს მოსწონთ მოსწავლეები, რომლებიც მათ ახსნილს, მიწოდებულ მასალას მარტივად იგებენ და სწავლისადმი მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან. საპირისპიროდ, კლასში აღმოჩნდება მოსწავლე, რომელმაც მხოლოდ იმიტომ ვერ გაიგო შინაარსი, ვერ ჩაერთო საკლასო აქტივობაში, რომ მისთვის ინსტრუქცია ან მიწოდებული მასალა გაუგებარი აღმოჩნდა. იმ იმედით, რომ „კარგი მოსწავლეებისგან“ ისწავლის, ან ისეთ მეწყვილეს მიამაგრებს, რომელიც დამოუკიდებლად შეასრულებს დავალებას, მასწავლებელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს მოსწავლე. ასეთ შემთხვევებში თითოეულ მოსწავლეს, ინდივიდუალურად  უნდა აუხსნას აქტივობის მიზანი. ამ გზით, მასწავლებელი მოსწავლეებში ზრდის მის მიმართ ნდობას და ყველას აგრძნობინებს, რომ გარიყული ან უგულებელყოფილი არავინ დარჩება.

 უწყვეტი პროფესიული განვითარება: მუდმივად უნდა ზრუნავდე შენს პროფესიულ განვითარებაზე – გაიღრმაო ცოდნა ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის შესახებ და იკვლიო მისი განხორციელების ახალი სტრატეგიები.

შეჯამება

ამ ტექსტში ვეცადე გამეანალიზებინა ემპათიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის საკითხები− მიდგომა, რომელიც ემპათიას ეფუძნება, ხელს უწყობს სკოლაში, ინდივიდებს შორის სოციალური და ემოციური კავშირების გაღრმავებას, რაც, თავის მხრივ, აკადემიურ შედეგებზე პოზიტიურად აისახება. საგანმანათლებლო კონტექსტში, ემპათიაზე დაფუძნებული სწავლება  ხაზს უსვამს მასწავლებლებში ემპათიის,  მოსწავლეებთან ინტერსუბიექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებლობას. 

მასწავლებლები უნდა იყვნენ მისაბაძი მოდელები. ალბერტ ბანდურა სწორედ ამ თეორიას ავითარებდა – ჩვენ ვსწავლობთ და ვვითარდებით სხვებზე დაკვირვებით. მასწავლებლის პიროვნულ თვისებებსა და ქცევას დიდი გავლენა აქვს მოსწავლეზე. თუ მოსწავლეები ურთიერთობებში დაინახავენ თანაგრძნობის ძალას, მათ ქცევის პოზიტიური მოდელი ჩამოუყალიბდებათ.

ამ მიდგომის გამოყენებით, მასწავლებლები ქმნიან მხარდამჭერ გარემოს, რომელიც თითოეულ ინდივიდს საშუალებას აძლევს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, თვითშემეცნებისა  და თვითდაკვირვების უნარები განივითაროს და მოახერხოს სხვისი პერსპექტივებისა თუ გამოცდილებების გაზიარება. ემპათიაზე დაფუძნებული სწავლების სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე აკადემიური უნარების განვითარება. ის მოსწავლეებს ეხმარება ზოგადცხოვრებისეული საკითხების/გამოწვევების გაანალიზებასა და გადაჭრაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა

Borek, J. 2003. „Talking about Listening: Teacher responses to empathic listening training“ Essays in Education.

Borghans et al., 2006. The Role of Noncognitive skills in explaining Cognitive test scores“. Discussion paper series.

Clarke, 2021. Adolescent mental health: A systematic review on the effectiveness of school-based innervations“.  Early intervention foundation.

Decety, J. Ickes, W. 2009. „The social neuroscience of empathy“. Massachusetts Institute of Technology.

Gates, E. Curwood, J. 2023. „A world beyond self: empathy and pedagogy during times of global crisis“. The Australian journal Language and literacy.

Goldman, D. 1996. „Emotional Intelligence: Why it can matter more than IQ“.  Bloomsbury.

Halpern, J. 2001. „From Detached concern to Empathy“. New York: Oxford University Press.

Hanley, N. 2021. „The contribution of empathy-based pedagogy in global citizenship education“. International Journal of Development Education and Global Learning.

IDF, 2021. „განათლების სექტორის მიმოხილვა Covid-19 პანდემიის პირობებში“.

Jennings, P. Min, H. 2023. „Transforming Empathy-Based stress to compassion: Skillful means to Preventing teacher Burnout“. National library of medicine.

Kudo, I. Hartley, J. „Teaching with empathy and compassion in school“. Unesco.org

 Loreman, T. 2011. „Love as Pedagogy“.

UNISEF, 2021. „On my mind – Promoting, protecting and caring for children’s mental health“.

Taylor et al., 2017. Promoting positive youth development through school-based social and emotional learning innervations: A meta-analysis of follow-up effects“. 

Wilson, D. Conyers, M. 2017. „Proven Strategies for teaching Empathy“.

Zimbardo, F. Gering, R. 1975. „Psychology and Life“.

სკოლა ლაბი, 2022. „სოციალური და ემოციური სწავლა“.

 

უზნაძე, 1947. „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“.

ქადაგიძე, 2021. „Covid-19 გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება“.

[1] სკოლა ლაბი, 2022. „სოციალური და ემოციური სწავლა“.

[2] UNISEF, 2021. „On my mind – Promoting, protecting and caring for children’s mental health.

[3] IDF, 2021. „განათლების სექტორის მიმოხილვა Covid-19 პანდემიის პირობებში“.

[4] ქადაგიძე, 2021. „Covid-19 გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება“.

[5] Jennings, 2023.   „Transforming Empathy-Based stress to compassion: Skillful means to Preventing teacher Burnout“.

  [6] Clarke, 2021. Adolescent mental health: A systematic review on the effectiveness of school-based innervations

[7] Borek, 2003. Talking about listening: Teacher responses to empathic listening training.

[8] Borghans et al., 2006. The Role of Noncognitive skills in explaining Cognitive test scores.

[9] Taylor et al., 2017. Promoting positive youth development through school-based social and emotional learning innervations: A meta-analysis of follow-up effects

[10] Decety & Ickes, 2009. The social neuroscience of empathy.

[11] Gates & Curwood, 2023. A world beyond self: empathy and pedagogy during times of global crisis.

[12] Hanley, 2021. The contribution of empathy-based pedagogy in global citizenship education.

[13] Kudo & Hartley, n.d. Teaching with empathy and compassion in school.