ყოველდღიურად სკოლაში გატარებული დრო არც ისე მცირეა. ამ პერიოდის განმავლობაში გაკვეთილებზე დასწრება, ყურადღების მობილიზება, ფოკუსირება და სწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფრისთვის კი ენერგია ბავშვმა საკვებიდან უნდა მიიღოს, თუმცა ამის საშუალება ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში მეტწილად არ არის.
სასკოლო კვებაზე საჯარო დისკუსია და საკითხის აქტუალობა მნიშვნელოვანწილად „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ 2020 წელს პოლიტიკის დოკუმენტმა, ”საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“, წაახალისა. ფაქტობრივად, იმავე პერიოდში საკითხი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიაშიც გაჟღერდა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. აღმოცენდა სასკოლო კვების მოთხოვნით საზოგადოებრივი კამპანიაც, გაიზარდა თემაზე საზოგადოებისა და მედიის ინტერესი, გახშირდა საკითხზე დისკუსია. ამას მოჰყვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გააქტიურებაც და დაიწყო სასკოლო კვების საკითხის შესწავლა, მიუხედავად ამისა, სულ ახლახანს დამტკიცებულ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სტრატეგიაში 2022-2030 და მის სამოქმედო გეგმაში აღნიშნული საკითხი არ არის ასახული. აღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ არსებობს რაიმე სახის გადაწყვეტილება და უფრო მეტიც, სახელმწიფო არ ჩქარობს საჯარო დისკუსიის ფორმატში მის გამოტანას თუ ხსენებას. იმედს ვიტოვებთ, რომ სასკოლო კვებაზე სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება ერთი მხრივ, დაჩქარებული ტემპით განხორციელდება, თუმცა იმავდროულად გამჭირვალე და მონაწილეობითი ხასიათი ექნება.
2020 წლიდან „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ და მისი განათლების პროგრამა „სკოლა-ლაბი“ სხვადასხვა ფორმით ცდილობენ საკითხის აქტუალიზებას და ადვოკატირებას. წარმოდგენილი ბლოგიც ემსახურება სასკოლო კვების იდეის პოპულარიზებას და იმავდროულად კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გააზრებას.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სასკოლო კვების საკითხი ახალია პოლიტიკის დღის წესრიგში და საკმაოდ მწირია ამ მიმართულებით ქვეყნის შიგნით არსებული გამოცდილება, ძალზედ მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა. ვფიქრობ სასარგებლო უნდა იყოს ამ მიმართულებით ერთ-ერთი პიონერი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, მაგალითის განხილვა და გააზრება. ამ ქვეყნის გამოცდილება გამორჩეულად საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ მას სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის ათწლეულების გამოცდილება დაუგროვდა. შესაძლოა ბევრმა თქვას, რაში გვარგია იმ ქვეყნის მაგალითი, რომელიც ჩვენთან შედარებით ძალზედ მდიდარია და შეუძლია მსგავსს პროგრამებზე მსხვილი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება. შესავალშივე მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ს მაგალითის შესწავლისას ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო არა ის თუ რა მოცულობის თანხებს ხარჯავს ქვეყანა ამ მიმართულებით, არამედ როგორ ხარჯავს და რაც მთავარია, რატომ. მათი ეს გამოცდილება ვფიქრობ დაგვეხმარება კიდევ უფრო სიღრმისეულად გავიაზროთ სასკოლო კვების პროგრამის აქტუალობა და შევძლოთ გონივრული პოლიტიკის ფორმირება.
საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ თუ რამ განაპირობა სასკოლო კვების პროგრამის ინიცირება და მისი დანერგვა. ამ მიზნით მოკლედ მიმოვიხილოთ ისტორიული კონტექსტი. სასკოლო კვება ყველა მოსწავლისათვის 1946 წელს „ნაციონალური სკოლის სადილის აქტის“ საფუძელზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იქამდეც არსებობდა მინიმალური დახმარებები გაჭირვებული ბავშვებისათვის, თუმცა ამას ერთიანი, სისტემური ხასიათი არ ჰქონდა. პროგრამის ფედერალურ დონეზე განხორციელებას სტიმული მისცა დიდმა დეპრესიამ, რომელმაც ნეგატიურად იმოქმედა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო თვალნათლივ გამოვლინდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრძოლისუუნარო პირთა საკმაოდ მოზრდილი წილი. ასევე, მნიშვნელოვანია სასკოლო კვების პროგრამაში ბოლო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2010 წელს მიიღეს. იგი „ჯანმრთელი, შიმშილისაგან თავისუფალი ბავშვების აქტის“ სახელითაა ცნობილი და ეფუძნება სასკოლო კვების ახალ სტანდარტებს და მედიცინის ინსტიტუტის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეკომენდაციებს. აქტი არეგულირებს კვების რაციონს, რაც მოიცავს ყოველდღიურად ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებას, მხოლოდ უცხიმო ან ნაკლებცხიმიან რძეს, ბავშვის ასაკის მიხედვით კალორიების რეგულირებასა და გაჯერებული ცხიმების, ტრანს ცხიმების, დამატებითი შაქრის და ნატრიუმის რაოდენობის შეზღუდვას. აღნიშნული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მიზანი ბავშვებში სიმსუქნის შემცირებაა. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების პრევენციას.
ამავე დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზა, არამედ თავად პროგრამის განხორციელების სისტემა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სასკოლო კვების სისტემის მიმოხილვას სასკოლო კვების დაგეგმვის ჩარჩოზე დაფუძნებით შემოგთავაზებთ. იგი მოიცავს იმ კომპონენტებს, რომელთა ერთობლიობაც ადგენს კვების პოლიტიკის თუ პროგრამის ერთიან სისტემას. ეს კომპონენტებია: სასკოლო კვების მოდელი (რა სახის კვებას და რა ფორმით აწვდის პროგრამა) , ბენეფიციარები და დაფარვის მასშტაბი (რა ჯგუფებზე ვრცელდება პროგრამა), დაფინანსება (რა მოცულობით და ფორმით ხდება დაფინანსების უზრუნველყოფა), ლოჯისტიკა და მართვა (როგორ ხდება მომსახურების ორგანიზება, შესყიდვები, ადმინისტრირება, ზედამხედველობა და სხვა).
დავიწყოთ სასკოლო კვების მოდელის განხილვით. ძირითადი აქცენტი სასკოლო კვების მოდელებიდან კეთდება საკვების სკოლაში დამზადებაზე, თუმცა ამავდროულად არსებობს სახლში წასაღები ულუფები და კონკურენტუნარიანი საკვები („Smart snacks“), რომელშიც მოიცავს წასახემსებელ საკვებს ავტომატებიდან. თუმცა აქ გვხვდება ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა, აღნიშნული ავტომატები სკოლაში უნდა განთავსდეს შედარებით დაშორებულ და იზოლირებულ სივრცეში, რათა მოსწავლეებს არ უწევდეთ ავტომატის სიახლოვეს ხშირად გადაადგილება და ხემსის ასაღებად მოუწიოთ იმ ადგილას მიზნობრივად მისვლა.
რაც შეეხება სახლში წასაღებ ულუფებს, იქიდან გამომდინარე რომ სკოლა ფლობს დიდ რესურსსა და გამოცდილებას საკვების მომზადებისა და ორგანიზების მიმართულებით, სწორედ იგი უზრუნველყოფს სახლში წასაღები ულუფებისთვის საკვების დამზადებას, როგორც სკოლის შემდგომი კვებისთვის, ასევე საზაფხულო არდადეგების პერიოდში. მიუხედავად ალტერნატიული პროგრამებისა, ძირითადი აქცენტი კეთდება საკვების სკოლაში მომზადებაზე. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, კონკრეტული საკანონმდებლო აქტები არეგულირებს მენიუს შემადგენლობასა და კალორიებს ასაკის შესაბამისად. კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლაში კვების პროგრამის განხორციელება ამცირებს მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენებს და ზრდის მათ ქულებს ტესტირებისას. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ სკოლებში საკვების შემადგენლობა გაუმჯობესებას საჭიროებს და ამაზე არაერთი რეკომენდაცია გაცემულა სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რაზეც ქვემოთ კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ. კვების შემადგენლობასთან ერთად მნიშვნელოვანია ის დრო, რაც საკვების მიღებას ეთმობა. ლანჩის დრო ოცი წუთია გათვალისწინებული. ერთი შეხედვით ეს მცირე დროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროში ჰიგიენური ნორმების დაცვა, საკვების შეძენის დრო და დასაჯდომი ადგილის ძიება არ შედის, რაც ნამდვილად პოზიტიური ასპექტია. თუმცა მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა ნაწილი მაინც ჩივის დროის სიმცირის გამო და მას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თუ რატომ არ მონაწილეობენ პროგრამაში. პროგრამა კი, ამ დროისთვის, მოსწავლეთა ყველა კატეგორიას მოიცავს, სკოლების 94%, დაახლოებით 31 მილიონი მოსწავლე (98.8%). პროგრამა საწყის ეტაპზე მხოლოდ სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს ემსახურებოდა. წლებთან ერთად მან უნივერსალური სახე მიიღო. სკოლების დარჩენილი 6% და მოსწავლეთა 1.2% ის კატეგორიაა, რომლებიც განათლებას ონლაინ პლატფორმების საშუალებით იღებენ. შესაბამისად მათ კვებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო არ იღებს.
საინტერესოა, როგორ ახერხებს ქვეყანა ამხელა კონტიგენტზე გასვლას და ყოველდღიურად 31 მილიონი ბავშვის კვებას. ვფიქრობ, წარმატების გასაღები დეცენტრალიზაცია და უწყებათა შორის უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნაა, რაც რესურსების ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სისტემის განხილვა მოგვცემს საშუალებას დავინახოთ, რა განაპირობებს მის წარმატებას. ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო დონეების მიხედვითაა ჩაშლილი. სახელმწიფო დონეზე სასკოლო კვების პროგრამას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სურსათისა და კვების სამსახური ხელმძღვანელობს. როგორც კვების პროგრამის ნაწილი, იგი უზრუნველყოფს ფულად დახმარებას და სოფლის მეურნეობის იმ საქონლის გადაცემას მარაგებიდან, რომელიც სახელმწიფოსთვის ჭარბია. იგი ამავე დროს განსაზღვრის საკვები პროდუქტების გარკვეულ ასორტიმენტს (დაახლოებით 200 სახეობის პროდუქტი) და პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკას გაუწიოს ზედამხედველობა. დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს შტატის და ადგილობრივი სკოლების კვების ორგანიზაციებთან, რათა გააუმჯობესოს კვების მომსახურების მიწოდება პერსონალის გადამზადებითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერით. ამავე დროს, მისცეს მოსწავლეებს საშუალება არჩევანი გააკეთონ ჯანსაღ კვებაზე. შტატების დონეზე კვების ადგილობრივი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ და სწორედ ისინი განაგებენ მიღებულ რესურსებს და ანაწილებენ სასკოლო ოლქებსა და სკოლებზე საჭიროებისამებრ. მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატის დონეზე ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს დაწყებითი და საშუალო განათლების დეპარტამენტი (DESE). აღნიშნული ორგანიზაციები ფულად სახსრებს ანაწილებენ სასკოლო ოლქებს შორის და მონიტორინგს უწევენ ადგილობრივი სკოლების კვების ორგანოების მიერ პროგრამის განხორციელებას. შემდგომი პასუხისმგებლობა გადადის ადგილობრივი სკოლის კვების ორგანოებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კერძების მიწოდებაზე, პროგრამის ადმინისტრაციული ასპექტების მართვაზე (მაგ. სტუდენტების ჩარიცხვა, განაცხადების დამუშავება, მოსწავლეთა უფლებამოსილების დადასტურება) და მონაცემთა შენახვაზე საანგარიშო მიზნებისთვის. ამავე დროს, რიჩარდ ბ. რასელის ეროვნული სკოლის სადილის აქტი გულისხმობს ანგარიშვალდებულების სისტემასაც, რასაც სწორედ ადგილობრივი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ და სამ წელიწადში ერთხელ ახორციელებენ სასკოლო კვების პროგრამების USDA-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის ადმინიტრაციულ ზედამხედველობას. ამავე დროს სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგის ფუნქციას ითავსებს USDA.
თუმცა პროგრამა წარმატებით ვერ განხორციელდება თუ შესყიდვები და ლოჯისტიკა არ არის მოწესრიგებული. აქ წინა პლანზე, ისევ და ისევ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები გამოდიან, რომლებიც USDA-ს მიერ გადაცემული თანხებით აწარმოებენ სხვადასხვა შესყიდვებს სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში, ინახავენ და ანაწილებენ მას. პროგრამა Farm-to-School უზურნველყოფს სწორედ ადგილობრივი მწარმოებლებისა და ადგილობრივი სკოლების დაკავშირებას შესყიდვების გამარტივებისათვის. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სხვა უწყების მონაწილეობა შესყიდვების განხორციელებაში, რომელიც ერთი შეხედვით საერთოდ არაა კავშირში არც სკოლასთან და მითუმეტეს, არც სასკოლო კვებასთან. იქიდან გამომდინარე რომ USDA სახელმწიფო დონეზე უზრუნველყოფს პროგრამის გამართულ მუშაობას, იგი აკავშირებს ადგილობრივ სასკოლო კვების ორგანიზაციებს სახელმწიფო თავდაცვის დეპარტამენტთან (DOD). აღნიშნული დეპარტამენტის ლოჯისტიკის სააგენტო შეისყიდის ახალ ხილსა და ბოსტნეულს სასკოლო კვებისთვის და აწვდის ადგილობრივ ორგანიზაციებს. შესყიდვები მაქსიმალურად ხორციელდება ადგილობრივად, სეზონისა და ხარისხის შესაბამისად. თავდაცვის დეპარტამენტის ჩართულობა შესყიდვების პროცესში, ხარჯებს გარკვეულწილად ამცირებს, რადგან იგი არ ყიდულობს მხოლოდ სკოლებისათვის, არამედ შეიარაღებული ძალებისთვისაც, რაოდენობის გაზრდა კი გარკვეული თვალსაზრისით ფასს ამცირებს. ამავე დროს იგია ის უწყება, რომელსაც ამის დიდი გამოცდილება აქვს, რაც გარკვეულწილად ხარისხსაც უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ბოლო ასპექტს, რომელიც დაფინანსებას მოიცავს, იგი ჩემთვის საინტერესოა არა იმ კუთხით თუ რა თანხები იხარჯება თითოეული პროგრამის განხორციელებაში, არამედ თუ რა ჯდება თითოეული პროგრამა დღიურად ერთი მოსწავლის შემთხვევაში. სახელმწიფოში, ორი ძირითადი სასკოლო პროგრამაა, პირველი ეს არის სასკოლო საუზმის პროგრამა (SBP), რომელიც მიეწოდება მოსწავლეებს როგორც უფასოდ (1,89$), ასევე შემცირებული ფასით (1,59$) და სრულად ფასიანი (0,32$), ხოლო მეორე, სასკოლო ლანჩის პროგრამა (NSLP), რომელიც ასევე სამი სახით მიეწოდებათ, უფასო (3,51$), შემცირებული ფასით (3,11$) და ფასიანი (0.33$). აღნიშნული ფასები მოიცავს სახელმწიფოს მიერ გაღებულ ფინანსებს თითო კვებაზე და ჩანს, რომ ფასიანი კვების შემთხვევაშიც სახელმწიფო გარკვეულ წილად სუბსიდირებას უწევს მას. თუმცა მეორე მხრივ, საინტერესოა რაზე მიდის ძირითადი ხარჯები თითოეული კვებიდან. არსებობს ამის სრულად ამსახველი მონაცემებიც, რაც კარგად აჩვენებს ხარჯების განაწილებას და საჭირო ასპექტებს დაგეგმარების პროცესში. კერძოდ, თანხები ნაწილდება საკვების ხარჯზე, შრომით ხარჯზე, სხვა პირდაპირ და ირიბ ხარჯებზე. მონაცემები განთავსებულია ცხრილში #1-ში.
ცხრილი #1
| კვების დასახელება | საკვების ხარჯი ($) | შრომითი ხარჯი ($) | პირდაპირი ხარჯი ($) | არაპირდაპირი ხარჯი ($) | ჯამი
($) |
სხვაობა
($) |
| SBP | 1.15 | 1.24 | 0.25 | 0.03 | 2.67 | 0.78 |
| NSLP | 1.69 | 1.72 | 0.37 | 0.05 | 3.83 | 0.32 |
დარჩენილი სხვაობების დაფარვა სკოლებს საკუთარი ბიუჯეტიდან უწევთ, რადგან ხშირია დავალიანებები, რაც, რა თქმა უნდა, გადახედვას საჭიროებს.
ასევე გაუმჯობესებას საჭიროებს მოსწავლეთა მონაწილეობა კვების პროგრამებში და თავად ამ პროგრამების შემადგენლობის დახვეწა. როკფელერის ფონდის კვლევა (2021) აჩვენებს, რომ შემადგენლობის ჯანსაღ კვებაზე მეტად მორგება გაზრდის მოსწავლეთა მონაწილეობას პროგრამაში და ორივე ერთად შეამცირებს ბავშვებში დაავადებათა რაოდენობას, სიღარიბეს, საკვებ ნარჩენებს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეამცირებს სათბური გაზების ემისიებს. როგორც იკვეთება დახვეწას საჭიროებს შესყიდვებიც. აქ იგულისხმება USDA-ს სერტიფიცირებული 20 ყველაზე ხშირად შეძენილი პროდუქტის ჩანაცვლება, რაც პესტიციდების გამოყენებას შეამცირებს 567 ათასი ფუნტით 47.6 ჰა-ზე. ასევე მოიაზრებს საკვების შესყიდვების გაზრდას 30%-ით. ეს უკანასკნელი კი კვლევის თანახმად, 19 552 ახალი სამუშაო ადგილია თითოეულ რეგიონში. და ბოლოს, საქონლის ხორცის შემცირება 30%-ით, რაც CO2
-ის ემისიებს შეამცირებს 2.98 მილიარდი ფუნტით და წყლის მოხმარებას – 14.1 მილიონი გალონით. ეს ყველაფერი გარემოზე დადებითად აისახება, რაც ფართო საზოგადოების და არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობაზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო კვების აღწერილ პროგრამაში გარკვეული ასპექტები ნამდვილად გასაუმჯობესებელია, იგი წარმოადგენს უნივერსალური პროგრამის ეფექტური მართვის კარგ მაგალითს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება პროგრამის განხორციელების დეცენტრალიზებული მოდელია. ფედერალურ თუ შტატის დონეზე უწყებებს მკაფიოდ აქვთ გამიჯნული საკუთარი უფლება-მოვალეობები, არსებობს კონტროლის მექანიზმი და მათ საფუძველს საკანონმდებლო აქტები ქმნის. ამავე დროს, იგი დიდ ხარჯად არ აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან ქმნის სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ადგილობრივ წარმოებას. ეს კი დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. სწორედ ამი გამო პროგრამა ხარჯთ-ეფექტურია. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში დაავადებათა პრევენციას და უზრუნველყოფს ჯანმრთელი საზოგადოებისა და ადამიანური კაპიტალის ფორმირებას.